Facebook Twitter

№ას-30-30-2018 28 თებერვალი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „ჯ.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.გ.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სატელეფონო ნომრის გამოყენების უფლების მემკვიდრეობით მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.გ–მა (შემდგომში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე), სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ჯ–ს“ (შემდგომში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ სატელეფონო ნომერზე +995 577 .... მემკვიდრეობის უფლების აღიარების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის 18 აგვისტოს განცხადებით მიმართა მოპასუხეს გარდაცვლილი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული სატელეფონო ნომრის საკუთარ სახელზე გადაფორმების მოთხოვნით, რაზეც ეთქვა უარი და განემარტა, რომ ნომრის საფასურის (1000 ლარის) სრულად გადახდის შემთხვევაში გადაეცემოდა იგი სარგებლობაში, ვინაიდან, ეს ნომერი მიეკუთვნებოდა ე.წ. „ოქროს ნომრების“ კატეგორიას.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სააბონენტო ნომერი აბონენტს არა საკუთრებაში, არამედ სარგებლობის უფლებით გადაეცემა. სააბონენტო ხელშეკრულებით აბონენტი ყიდულობს მომსახურებას, რომელიც არ შეიძლება იყოს სამკვიდრო მასის შემადგენელი ნაწილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, სატელეფონო ნომერზე +995 577 .... აღიარებულ იქნა მოსარჩელის მემკვიდრეობის უფლება და მოსარგებლედ დარეგისტრირდა მოსარჩელე.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო:

6.1. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სატელეფონო ნომერი მიეკუთვნებოდა ე.წ. „ოქროს ნომრის“ კატეგორიას, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 1000 ლარს, დავის მიზანიც ის იყო, რომ მოსარჩელეს სადავო სატელეფონო ნომრის სარგებლობისათვის განმეორებით არ გადაეხადა საფასური. პალატამ მიუთითა სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაზე, რომელშიც საჩივრის ფასად მითითებული იყო 1000 ლარი და მიიჩნია რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქონებრივი ხასიათის იყო და 1000 ლარს არ აღემატებოდა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, დავის საგანს და სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არა რაიმე სახის ქონება ან ქონების მიკუთვნება ვინმესთვის, არამედ სატელეფონო ნომრის გამოყენების უფლების მემკვიდრეობით მიღება, რომლის ფასის განსაზღვრა და დადგენა შეუძლებელია. შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეები დასაშვებია, მიუხედავად მისი ღირებულებისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

11. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 1 000 ლარს არ აღემატებოდა (იხ. ამ განჩინების მე-6.1. პუნქტი).

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ამ განჩინების 6.1. პუნქტში ასახულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას ქონებრივ-სამართლებრივ დავაში, რაც, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფასიდან გამომდინარე, არ შეესაბამება ამ საპროცესო ნორმის მოთხოვნას.

13. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რომელიც არ შეიძლება იყოს 1000 (ათასი) ლარზე ნაკლები. სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). საკასაციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში, დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვ; იხ. სუსგ # ას- 230-218-2016, 28.04.2017წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი, მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერ წინაპირობას წარმოადგენს, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტიან ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR)“ -იხ. სუსგ ას-692-646-2017, 14.07.2017წ.)

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ განსახილველი შემთხვევა არ განეკუთვნება ქონებრივ-სამართლებრივ დავათა კატეგორიას. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ: #ას-1384-1306-2012; 26.11.2012 წლის განჩინება; #ას-1155-

1032-2010; 6.1.2011 წლის განჩინება; #ას-476-452-2013წ, 17.6.2013 წლის განჩინება).

15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია ფულადი ღირებულების მქონე უფლებაზე, კერძოდ, ე.წ. „ოქროს ნომრით“ სარგებლობის უფლებაზე. ასეთი ნომრით სარგებლობისათვის მოპასუხის მიერ დადგენილი ტარიფი შეადგენს 1000 ლარს. სწორედ ამ თანხის გადახდას მოითხოვდა მოპასუხე მოსარჩელისაგან სადავო ნომრით სარგებლობის უფლების გადაცემაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივრის ფასიც 1000 ლარით განსაზღვრა, ანუ თავადაც მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ქონებრივი ხასიათი ჰქონდა და, შესაბამისად, ღირებულებაც გააჩნდა. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარია, შესაბამისად, საჩივარი არ პასუხობს სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას და იგი მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო სასამართლომ.

16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ–ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი