Facebook Twitter

№ას-42-38-2017 10 ივლისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – მ.მ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ.მ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.მ. (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე; კასატორი ან ბავშვის მამა) და რ.მ. (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე, აპელანტი ან ბავშვის დედა) 2013 წლის 6 აგვისტოდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი - 2014 წლის 18 მარტს დაბადებული რამიგ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი (იხ. ს.ფ. 19-20)) .

2. მეუღლეებს შორის ურთიერთობა გამწვავდა და ისინი 2015 წლის ნოემბრიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან, არის უმუშევარი და დაკავებულია ბავშვის აღზრდით.

3. მოპასუხეს აქვს მსუბუქი ავტომანქანა, რითაც მგზავრები გადაჰყავს. მას ყოველთვიური სტაბილური და საკმარისი შემოსავალი აქვს.

4. 2016 წლის 20 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მასა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა შესარიგებელი ვადის მიცემის გარეშე და შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა იმგვარად რომ მიეცეს ბავშვის ნახვის უფლება თვეში ორჯერ, პარასკევიდან - კვირის დღის საღამომდე, სახლში წაყვანის უფლებით.

სარჩელის საფუძვლები:

5. მოსარჩელის განმარტებით, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, თუმცა მოპასუხე უარს აცხადებს ნებაყოფლობით განქორწინებაზე, ასევე არ აძლევს შვილთან ურთიერთობის უფლებას.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ ოჯახის შენარჩუნება მოპასუხის რთული ხასიათის გამო ვერ შეძლო. თანახმაა მოპასუხემ კვირაში ერთი დღე ნახოს ბავშვი მის საცხოვრებელ სახლში.

6.1. 2016 წლის 24 თებერვალს მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის მამისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრება მოითხოვა, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:

7. მოსარჩელე ნაწილობრივ დაეთანხმა შეგებებული სარჩელის ავტორის (მოპასუხის) სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა.

8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების დასკვნის მიხედვით, მიზანშეწონილია მოსარჩელეს ჰქონდეს შვილთან ურთიერთობის უფლება თვეში რამდენიმე დღით, თავისთან წაყვანის უფლებით.

9. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

9.1. მოპასუხეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი წესით: პირველი თვის განმავლობაში თვეში ორჯერ, შაბათს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე ბავშვის წაყვანისა და დედასთან დაბრუნების უფლებით, ხოლო შემდგომ თვეში ორჯერ (ორ კვირაში ერთხელ), პარასკევს დღის 16:00 საათიდან კვირის 12 საათამდე, ბავშვის წაყვანისა და ღამით დარჩენის უფლებით.

9.2. მხარეთა შორის 2013 წლის 6 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი #37133000610 შეწყდა.

9.3. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბავშვის მამას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის 80 ლარის გადახდა ყოველთვიურად ბავშვის დედის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის დროიდან - 2016 წლის 24 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

10. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1197-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე 1234-ე მუხლები და “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

11. სასამართლოს მიერ მიცემული შესარიგებელი ვადის უშედეგოდ გასვლისა და იმის გათვალისწინებით, რომ ქორწინება მხარეთა შორის ნებაყოფლობითი კავშირია, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.

12. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით და არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესესის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელი იყო ბავშვს ურთიერთობა ჰქონოდა მამასთან.

13. იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩნება, ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 80 ლარი მიიჩნია.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

14.1. აპელანტის მითითებით ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, მიუღებელია ბავშვებთან ურთიერთობის ის წესი, როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა. სამი წლის ასაკამდე, მამას ბავშვთან ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროს კვირაში ერთი დღე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

14.2. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს, ალიმენტის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ინტერესები უნდა გაეთვალისწინებინა. დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ბავშვის რჩენა - აღზრდისათვის აშკარად არასაკმარისია. მოპასუხის ყველთვიური შემოსავალი 1000 ლარია. სარჩელის აღძვრამდე შვილის რჩენის ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით კუთვნილი ავტომანქანა მან ფორმალურად ნათესავს გადაუფორმა, თუმცა მანქანაზე მფლობელობა შეინარჩუნა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის გაჩინებით, სააპელაციო საჩივარი ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში დარჩა განუხილველად.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1.სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,

2.შეიცვალა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში (მე-5 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება,

3. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,

4.ბავშვის მამას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის - 150 ლარის გადახდა დაეკისრა ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2016 წლის 24 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

5. დანარჩენ ნაწილში ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

17. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და, იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია აპელანტის ახსნა-განმარტება, დადასტურებულად მიიჩნია, აპელანტის მტკიცება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მსუბუქი ავტომობილის სარგებლობით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით.

18. პალატამ მიიჩნია, რომ ალიმენტი - 150 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია მცირეწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.

19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარადგინა, ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის უარყოფა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

19.1. კასატორის მითითებით, მძიმე მატერიალური და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველთვიურად ალიმენტის 150 ლარის, გადახდა შეუძლებელია, არ არის დასაქმებული და არ აქვს რაიმე მატერიალური შემოსავალი, შექმნა სხვა ოჯახი და ელოდება შვილს. ამასთან, 2014 წელს აღებული საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლად 2016 წელს ერთადერთი შემოსავლის წყარო, ავტომანქანაც კი გაყიდა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

21. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, შესაბამისად ის დაუშვებელია:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მართებულია.

25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტები) სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს მათ წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

27. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე, 1234.1, 1198.2 და 1202-ე მუხლები.

28. კასატორი სადავოდ ხდის მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობებიდან და დავების განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვნის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ №ას-53-51-2016, 2016 წლის 6 ივლისი), კერძოდ, სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საოჯახო საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

30. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

31. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის საუკეთესოს ინტერესების გათვალისწინებით, შვილის ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის - 150 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (მაგ: იხ. სუსგ №ას-204-191-2014, 20 .10. 2014 წ, №ას-529-502-2015, 10.09.2015წ, №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ).

33. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ.მ–ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ე. ლ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 300.00 ლარი (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 26.01.2017), 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი