Facebook Twitter

№ას-85-85-2018 28 თებერვალი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ.ო–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ნ.თ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2017 წლის 24 აპრილს მ.ო–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ.თ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კრედიტორი) მიმართ და მოითხოვა 2017 წლის 17 მარტს ნოტარიუსს ე.შ–ის მიერ გაცემული #..... სააღსრულებო ფურცლის გაუქმება 495 აშშ დოლარის პროცენტის, 615,60 აშშ დოლარის პირგასამტეხლოსა და 126.72 ლარის აღსრულების საფასურის ნაწილში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. მითითებული განჩინება მოსარჩელეს ჩაჰბარდა პირადად 2017 წლის 7 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 151).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა 2017 წლის 17 მარტს გაცემული #.... სააღსრულებო ფურცელი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოსარჩელის მიერ კრედიტორის მიმართ ასანაზღაურებელ პირგასამტეხლოდ განისაზღვრა 50 აშშ დოლარი. მოსარჩელის მოთხოვნა 495 აშშ დოლარისა და 126, 72 ლარის გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 59-ე, 60-ე, 63-ე, 70-78-ე, 276-ე, 373-374-ე, 41-ე, 365-ე, 390-ე, 414-416-ე მუხლებით.

5.1. სააპელაციო პალატის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელემ უარი თქვა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე, მან დაკარგა შემდგომში იმავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება. სსსკ-ის 370-ე და ამავე კოდექსის 374-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გამოუთქვამს, ვინაიდან, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, ჰქონდა გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი. მის მიერ სასამართლოში წარდგენილი განცხადება ეხებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. განცხადებაში აღნიშნა, რომ სწორედ ამ განჩინებას არ ასაჩივრებდა, ვინაიდან უკვე დასრულებული იყო პროცესი და ითხოვდა დაზუსტებულ სარჩელზე თანდართული დოკუმენტების დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმით აპელანტმა დაკარგა შემდგომში იმავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ წარდგენილი განცხადების შინაარსი. ამიტომ, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

10. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები კანონითაა დადგენილი. ერთ-ერთი ასეთი წინაპირობა განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება. მითითებული მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მხარის უფლებაა. ამ უფლების რეალიზაციას უკავშირდება გარკვეული იურიდიული შედეგი, კერძოდ, მხარე, რომელმაც უარი განაცხადა გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. გასაჩივრებაზე უარის თქმა დასაშვებია როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ისე მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.

11. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლს და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა იძლევა მხარის უფლების დეფინიციას, სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესიდან, ასევე დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, თუმცა ამ ნორმით დადგენილი მართლწესრიგი მისი სამართლებრივი შედეგის მარეგულირებელი ნორმისგან დამოუკიდებლად არ შეიძლება განიმარტოს, კერძოდ, ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი). მოცემული განმარტება შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. სუსგ: # ას-55-50-2015, 2015 წლის 12 მარტის განჩინება; )

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამგვარი წესი კი, წარმოადგენს არა გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ, ეს არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით დადგენილი საგამონაკლისო წარმოება, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს საქმის წარმოების განახლებას კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. ამ პირობათა ჩამონათვალს კანონმდებელი 422-ე და 423-ე მუხლებში გვთავაზობს.

13. რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით გათვალისწინებულ სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციას, იგი შეეხება გადაწყვეტილებას ან მის იმ ნაწილს, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, ხოლო თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება (სსსკ-ის 370-ე მუხლი).

14. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 7 ნოემბერის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსარჩელე ესწრებოდა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. 2017 წლის 17 ნოემბერს, მან განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ ეთანხმებოდა გადაწყვეტილებას (განცხადების გონივრული განსჯის შედეგად შეფასება იძლევა აღნიშნული დასკვნის საფუძველს) და უარს ამბობდა მის გასაჩივრებაზე.

15. მითითებული მსჯელობისა და დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით კანონიერად ჩათვალა მოსარჩელის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი განცხადება 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის თაობაზე გამოვლენილ ნებად და კანონის სწორი განმარტების გზით მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

16. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს მოსაზრება არ გამოუთქვამს და მისი განცხადება ეხებოდა ამავე სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებას. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზუსტებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინება გამოტანილია 2017 წლის 6 ნოემბერს, რომელიც მხარეს ჩაჰბარდა მეორე დღესვე - 7 ნოემბერს. ამავე დღეს სასამართლომ გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილებაც. 2017 წლის 17 ნოემბრის განცხადებაში აპელანტი უთითებს, რომ სასამართლო პროცესი დამთავრდა 2017 წლის 7 ნოემბერს და განჩინებას არ ასაჩივრებს. ამ განცხადების ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარე, უნდა მივიჩნიოთ, რომ მხარე არ ასაჩივრებს სწორედ 2017 წლის 7 ნოემბერს დასრულებულ პროცესზე მიღებულ სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპელანტი პირდაპირ მიუთითებდა, რომ იგი არ ასაჩივრებდა 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებას. ამდენად, შეუძლებელია ზემოხსენებული განცხადების შინაარსის იმგვარად განმარტება, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი გვთავაზობს.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ო–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი