№ას-92-92-2018 28 თებერვალი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ნ.მ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.ლ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქირავნობის ხელშეკრულებით მიღებული სარგებლის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ლ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.მ–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მას და მოპასუხეს შორის 2010 წლის 12 მარტს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა; ქალაქ ოზურგეთში, ..... #31-ის თანამესაკუთრედ ცნობა; მოპასუხესა და სს ს.რ–ის „მგზავრთა გადაყვანის ფილიალს“ შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით მიღებული სარგებლის დაკისრება.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
2.1. სარჩელი დაკმაყოფილდა;
2.2. შეწყდა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2010 წლის 12 მარტის სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;
2.3. ქალაქ ოზურგეთში, ..... #13-ში მდებარე ბინა #31 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......) აღიარებულ იქნა მხარეთა თანასაკუთრებად და უძრავი ქონების ½ წილზე მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე;
2.4. მოპასუხეს დაეკისრა სს ს.რ–ის „მგზავრთა გადაყვანის ფილიალს“ შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით მიღებული სარგებლის ნახევარი 3000 (სამი ათასი) ლარი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 11 დეკემბერს, 13:00 სთ-ზე. მხარეებს სხდომის თაობაზე ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, აპელანტს სასამართლო უწყება ჩაჰბარდა პირადად 2017 წლის 27 ნოემბერს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს 29 ნოემბერს (ს.ფ. 233-234, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები).
5.2. 2017 წლის 11 დეკემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდა.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 387.3-ე და 231-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ. მისი მტკიცებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ცუდი ამინდის გამო, შეფერხებით იმგზავრა, რის თაობაზეც წინასწარ სატელეფონო შეტყობინებით შეეცადა, ეცნობებინა სასამართლოსთვის, მაგრამ ვერ მოახერხა ტელეფონზე დაკავშირება. სასამართლოში გამოცხადდა 13:13 წუთზე, ხოლო 13:20 წუთზე, თანაშემწემ აცნობა, რომ სააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
11. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
13. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
14. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
15. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, კერძოდ, ცუდი ამინდის გამო იმგზავრა შეფერხებით და სასამართლოში გამოცხადდა 13 წუთის დაგვიანებით (13:13 საათზე), რა დროსაც სხდომა უკვე დასრულებული იყო. აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს წინასწარ ვერ აცნობა, რადგან ვერ შეძლო ტელეფონზე დაკავშირება.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზმა, კერძოდ, უამინდობამ განაპირობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია ზემოხსენებულ გარემოებათა დასადასტურებლად.
17. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტიც, რომ სასამართლოში გამოცხადდა 13 წუთის დაგიანებით (13:13 საათზე). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 2017 წლის 11 დეკემბერს 13:00 საათზე, თუმცა სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სხდომა გაიხსნა 13:18:49 საათზე და დაიხურა 13:21:43 საათზე. შესაბამისად, თუ აპელანტი სასამართლოში 13:13 საათზე გამოცხადდებოდა, იგი სხდომაზე დასწრებასაც შეძლებდა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში მისი 13 წუთის დაგვიანებით გამოცხადებას ან კერძო საჩივარში მითითებულ გამოუცხადებლობის მიზეზს დაადასტურებდა.
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. სუსგ-ები: # ას-206-195-2017, 16.05.2017 წ; №ას-1420-1339-2012, 12.11.2012 წ, №ას-1342-1267-2012, 5.11.2012წ) .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი