Facebook Twitter

№ას-1196-1116-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ნ.ჭ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ს.ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ბ–ს“ წარმომადგენელმა (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ჭ–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქალაქ თბილისში, ....... ბინა #94-ის (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.....) (შემდეგში უძრავი ქონება) გამოთხოვის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.2. 2017 წლის 6 ივლისს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად ვადის 10 დღით გაგრძელება.

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით მოპასუხეს 7 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა. განჩინება კანონით დადგენილი წესით მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2017 წლის 21 ივლისს.

4.4. აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით 2017 წლის 31 ივლისს მიმართა სააპელაციო სასამართლოს, იმ დროს, როცა სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7- დღიანი ვადა უკვე გასული იყო.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-60 და 61-ე, 368.5-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2017 წლის 22 ივლისიდან და ამოიწურა ამავე წლის 28 ივლისს. მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, შესაბამისად, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამარლომ დაუშვა ტექნიკური შეცდომა და საპროცესო ვადა 10 დღის ნაცვლად, 7 დღით გაუგრძელა. შესაბამისად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა არ დაურღვევია, რადგან მის მიერ ხარვეზი 10 დღის ვადაში იქნა შევსებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადაგენილ ვადაში.

10. დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ ხარვეზის შევსების შესახებ 11.07.2017 წლის განჩინება მას ჩაჰბარდა 2017 წლის 21 ივლისს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვთ (იხ. ს.ფ. 93).

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 4-5 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 22 ივლისს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2017 წლის 28 ივლისს ამოიწურა (პარასკევი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

13. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს მიერ დადაგენილი ხარვეზის 10 დღეში გამოსწორება მას ხარვეზის დროულად შევსებად უნდა ჩაეთვალოს, ვინაიდან სასამართლომ ტექნიკური შეცდომა დაუშვა, როცა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღის ნაცვლად 7 დღით განუსაზღვრა. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს შემდეგ მოსაზრებათა გამო: ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება აპელანტმა, მართალია, 10 დღით მოითხოვა, მაგრამ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული, თუ რა დროით გააგრძელებს ამ ვადას, მთავარია, რომ სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამარლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინება (ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ), აპელანტის წარმომადგენელს ჩაჰბარდა პირადად, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო რომ აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 7 დღით გაუგრძელდა და ხარვეზიც მითითებულ ვადაში უნდა შეევსო. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი.

14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. სუსგ-ები: # ას-1345-1265-2017; 12.01.2018 წლის განჩინება; #ას-799-748-2017წ; 07.07.2017 წლის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჭ–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ზ.ძლიერიშვილი

ე.გასიტაშვილი