№ას-1285-1205-2017 30 იანვარი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ო.ტ.
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - მ.ლ., ა.ლ., თ. ლ.
მესამე პირი - სსიპ ს.მ.ს.ფ.ს.გ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ო.ტ. (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან ბავშვის დედა) და მ.ლ. (შემდეგში: მოპასუხე ან ბავშვის მამა) არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყოფებოდნენ. მათ შეეძინათ ორი შვილი: 2012 წლის 11 მაისს დაბადებული ა. და 2014 წლის 17 ივნისს დაბადებული თ. (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც ბავშვები, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილები ან არასრულწლოვნები).
2. უკანასკნელ ხანს მეუღლეებს შორის ურთიერთობა გამწვავდა და ისინი, თითქმის ერთი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. შვილები ცხოვრობენ დედასთან. ა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, დედა ერთ-ერთ კომპანიაში ოპერატორის თანამდებობაზე მუშაობს, დედის არ ყოფნის დროს, ბავშვებზე ძიძა ზრუნავს.
3. მოპასუხე ექიმია, ისიც ერთ-ერთ კერძო კომპანიაში სპეციალობით მუშაობს. მას შვილებთან ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. სასამართლოს მიერ შვილებთან ურთიერთობისათვის განსაზღვრულ დროს ის სრულად ბავშვებთან ატარებს.
4. მოსარჩელემ შვილებთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა გადაწყვიტა. მისი და, რომელიც ასევე ამერიკაში ცხოვრობს, თანახმაა, დააფინანსოს მოსარჩელისა და მისი შვილების მგზავრობა. მან ბავშვების მამას, მოპასუხეს სთხოვა თანხმობა ბავშვების გაყვანაზე იმ არგუმენტაციით, რომ, აშშ-ში ბავშვების მომავალი ცხოვრება უკეთესი იქნებოდა.
5. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელეს. აღნიშნულის გამო დედამ სარჩელი აღძრა მამის წინააღმდეგ არასრულწლოვანი შვილების საზღვარგარეთ გაყვანისა და საზღვარგარეთის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე, მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის დაწესების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
6. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მოპასუხესთან არარეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეეძინა ორი შვილი. მისი მშობლები, აგრეთვე დაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ, მამა ისე გარდაიცვალა, რომ შვილიშვილები არ უნახავს. დედა დაავადებულია მძიმე სენით და ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და შვილიშვილების გაცნობა-მონახულებას. მას სურს დროებით ერთი თვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავროს ბავშვებთან ერთად. თუმცა ამისათვის აუცილებელია ბავშვებისათვის საზღვარგარეთის პასპორტის აღება, რაზეც მოპასუხე უარს აცხადებს.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს სურს ბავშვების საზღვარგარეთ არა დროებით, არამედ მუდმივად საცხოვრებლად წაყვანა, რადგანაც ის აპირებს საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლას, სადაც ცხოვრობენ მოსარჩელის დაც და დედაც. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხეს არ ექნება საშუალება, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან და არც იმის მექანიზმი არ არსებობს, რომ აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების აშშ-დან საქართველოში დაბრუნების შესახებ.
მესამე პირის პოზიცია:
8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სარწმუნო არ არის, რომ დედას ბავშვების გაყვანა საზღვარგარეთ დროებით სურს. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა მამასთან, დიდი ხნით მასთან დაშორება, როგორც წესი, გამოიწვევს მათი ემოციური, სოციალური, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას.
9. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი, შვილების საზღვარგარეთ გაყვანისა და საზღვარგარეთის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1205-ე, 1999-ე, “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-9, მე-5, მე-18 მუხლები.
10. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვების ასაკის გათვალისწინებითა და მათი უპირატესი ინტერესესის შესაბამისად, სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად მოპასუხის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა ბავშვების დროებით, აშშ-ში გაყვანისა და საზღვარგარეთის პასპორტის აღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მოსარჩელემ დამაჯერებლად ვერ დაადასტურა რომ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანა შეესაბამებოდა მათ ინტერესს. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, ის გარემოება რომ არასრულწლოვნების დროებით საზღვარგარეთ წაყვანის შემთხვევაში, გარემო და საცხოვრებელი პირობები მათი ინტერესების შესატყვისი იქნებოდა და მას არა მუდმივად საცხოვრებლად, არამედ დროებით, ერთი თვით სურდა ბავშვების საზღვარგარეთ წაყვანა.
11. სასამართლოს დასკვნით, თუ ბავშვები საზღვარგარეთ გავიდოდნენ საცხოვრებლად და ისინი ჩვეულ გარემოს მოსწყდებოდნენ, ეს უარყოფითად იმოქმედებდა მათ ჯანმრთელობასა და ფსიქოემოციურ განწყობაზე.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
13. აპელანტის მოსაზრებით, ფოთის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა. სოციალურ სამსახურს უნდა ემსჯელა თუ რატომ არ შეიძლებოდა ბავშვების საზღვარგარეთ დასასვენებლად წაყვანა, რაც არ გააკეთა და ყურადღება გაამახვილა მხოლოდ მშობლებსა და შვილების ურთიერთობაზე. სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები და აქედან გამომდინარე, არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნების დროებით საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში, გარემო და საცხოვრებელი პირობები ბავშვების ინტერესების შესაბამისი არ იქნებოდა და მას სურდა არა დროებით, არამედ მუდმივად წაეყვანა ისინი საცხოვრებლად აშშ-ში. საქმეზე დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მოსარჩელის დედა ცხოვრობს აშშ-ში, ბავშვების გამგზავრება იქნებოდა უსაფრთხო, ამასთანავე, ბავშვებს საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით ერთი თვის განმავლობაში პრობლემები არ შეექნებოდათ. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა, სამოქალაქო კოდექსის 1205 მუხლის პირველი ნაწილი და უნდა შეეზღუდა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლება - არასრულწლოვანი შვილების, საზღვარგარეთ გაყვანასთან და საზღვარგარეთის პასპორტების მიღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით, საქმეში მხარედ, თანამოპასუხეებად ბავშვები ჩაერთვნენ. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ს.მ.ს.ფ.ს.გ.ს დაევალა მათთვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დავის საგანთან მიმართებით მხარეთა განმარტებებისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე არის მზრუნველი მამა, ბავშვები სითბოსა და სიყვარულს ორივე მშობელს თანაბრად უნაწილებენ და რომელიმე მშობელთან არც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და არც მიჯაჭვულები არ არიან.
17. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა და აპელანტის მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებით ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის სამართლიან და ობიექტურ განაწილებაზე, კერძოდ, მოსარჩელე უთითებდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვებთან ერთად აპირებდა დროებით, ერთი თვით წასვლას და არ სურდა იქ მუდმივ საცხოვრებლად დარჩენა. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულების, მოსარჩელის დის, ამერიკაში მცხოვრები ი. ჩ-ას მიერ, მოპასუხისადმი სოციალურ ქსელში მიმოწერით, სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, როგორც არასრულწლოვანის წარმომადგენლის მოსაზრების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსარჩელის გამგზავრების რეალური მიზეზი მუდმივ საცხოვრებლად იქ დარჩენა იყო.
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
18.1. კასატორმა სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა და დამატებით აღნიშნა, რომ სოციალურ სამსახურს უნდა ემსჯელა ისეთ საკითხებზე და გამოეკვლია ისეთი ფაქტები, როგორიცაა, თუ რატომ არ შეიძლება და რატომ ზღუდავს დედას, დროებით ბავშვები საზღვარგარეთ წაიყვანოს დასასვენებლად. სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ცრუ ინფორმაციით, სასამართლო შეცდომაში შეიყვანეს. არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენლად სასამართლოში უნდა დანიშნულიყო გარეშე პირი, რომელიც გადაწყვეტდა, საქმის განხილვა გაგრძელებულიყო, თუ თავიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში დაწყებულიყო.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
20. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, შესაბამისად ის დაუშვებელია:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მართებულია.
24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი. ამასთან, განსახილველი სადავო საკითხის სპეციფიკურობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობისათვის, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არა მხოლოდ კასატორის დასაბუთებული შედავება, არამედ - სსსკ-ის 354-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებულ დავებზე, სასამართლოსათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ინკვიზიციური უფლებამოსილებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს პროცესუალურსამართლებრივი წინაპირობა განსახილველი დავის არსებითად განსახილველად დასაშვებად.
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტები) სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს მათ წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
26. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირთადი პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა, მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი ნაწილი და უნდა შეეზღუდა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლება - არასრულწლოვანი შვილების, საზღვარგარეთ გაყვანასთან და საზღვარგარეთის პასპორტების მიღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, ვინაიდან სურდა, ბავშვებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში წასულიყო ერთი თვით დასასვენებლად.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნის უსაფუძვლობა სსკ-ის 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), 1205-ე (მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად), 1197-ე (ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში), 1198-ე მუხლის პირველი პუნქტისა და (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) 1199-ე მუხლების (მშობლის უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს) წინაპირობების არ არსებობამ განაპირობა.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (შდრ. სუსგ №ას-1112-1047-2015, 04.03.2016).
28.1. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
28.2. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებულ განმარტებაზე - ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
29. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება მოპასუხისათვის შვილების საზღვარგარეთ გაყვანისა და საზღვარგარეთის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვაზე უარის თქმის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ სურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვებთან ერთად ერთი თვით დასასვენებლად წასვლა და, მისი მიზანი არ იყო იქ მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა.
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. როგორც უკვე აღინიშნა, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“ (შდრ. სუსგ #ას-1122-1078-2016, 2017 წლის 1 მარტის განჩინება). „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ -იხ. სუსგ # ას 967-916-2015, 15.12.2015წ).
31. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა (იხ: სუსგ-ე # №ას-604-563-2017, 13.10.2017წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017წ ).
32. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ტ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ო.ტ–ს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #3, გადახდის თარიღი 22.08.2017), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი