№ას-1358-1278-2017 30 იანვარი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს „თ.ბ.“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – მ.მ–ძე, თ.მ–ძე, მ.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „მ–ის“ 2017 წლის 13 ივლისის #103/6-17 გადაწყვეტილებით:
1.1. სს „თ.ბ–ს“ (ს/ნ ….), (შემდგომში საარბიტრაჟო მოსარჩელე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საარბიტრაჟო მოპასუხეებს მ.მ–ძეს (შემდეგში პირველი მოპასუხე), (პ/ნ ...) და თ.მ–ძეს (შემდეგში მეორე მოპასუხე), (პ/ნ ....) საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ №.... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 8 486,73 ლარის სოლიდარულად გადახდა.
1.2. პირველ მოპასუხეს და მეორე მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდარულად დაეკისრათ №... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის, 6 908,65 ლარის, წლიური 20%-ის, 113,57 ლარის, გადახდა ყოველთვიურად ხელშეკრულების შეწყვეტიდან (15.05.2017წ) არაუმეტეს 15.05.2018 წლისა.
1.3. პირველ მოპასუხეს და მეორე მოპასუხეს №... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრათ ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტზე (7 748,70 ლარი) პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდა დღეში 0,1%-ის, ყოველთვიურად 7,75 ლარი, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან (15.05.2017წ) 90 დღის განმავლობაში (13.08.2017წ.);
1.4. პირველ მოპასუხეს, მეორე მოპასუხესა და მ.გ–ძეს (პ/ნ ....) (შემდეგში მესამე მოპასუხე), (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული როგორც საარბიტრაჟო მოპასუხეები) საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრათ №...... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 436,23 ლარის სოლიდარულად გადახდა.
1.5. საარბიტრაჟო მოპასუხეებს მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდარულად დაეკისრათ №..... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გადაუხდელი ძირითადი თანხის, 2 676,03 ლარის, წლიური 32%-ის, 70,38 ლარის გადახდა ყოველთვიურად ხელშეკრულების შეწყვეტიდან (15.05.2017წ.) არაუმეტეს 15.05.2018 წლისა.
1.6. საარბიტრაჟო მოპასუხეებს №..... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრათ ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტზე (3 153,92 ლარი) პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდა დღეში 0,1 %, ყოველდღიურად 3,15 ლარის ოდენობით; პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან (15.05.2017წ) 90 დღის განმავლობაში (13.08.2017წ).
1.7. ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა ტყიბულის რაიონში, სოფელ ....., (საკადასტრო კოდი ......, დაზუსტებული ფართობი: 8 988 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: 1/2, 2/1, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 110,25 კვ.მ.) მდებარე პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მოპასუხეთა კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცა.
1.8. პირველი მოპასუხისათვის დაზღვევის პრემიის - 22,95 ლარისა და 6,69 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნაზე საარბიტრაჟო მოსარჩელეს ეთქვა უარი.
2. საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნია რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია არ მოიცავდა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიას, ამიტომ ეს სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „მ–ის“ 2017 წლის 13 ივლისის #103/6-17 გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი სასამართლო იყო თბილისის სააპელაციო სასამართლო, ვინაიდან საარბიტრაჟო განხილვა მოხდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ქალაქ თბილისში.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საარბიტრაჟო მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მიზნებისათვის, უფლებამოსილ სასამართლოებად სააპელაციო სასამართლოები მიიჩნევა, არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონი არ ადგენს დათქმას ტერიტორიული ნიშნით განსჯადი სააპელაციო სასამართლოს შერჩევის შესახებ და პირდაპირ განსაზღვრავს განსჯად სააპელაციო სასამართლოებს. სააპელაციო სასამართლო კი, არის როგორც თბილისის, ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო. განსჯადობის საკითხზე მსჯელობისას პირველ რიგში განმსაზღვრელი უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-15 და მე-18 მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული განჩინების მართლზომიერება.
9. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ მიიჩნევა სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით - საქართველოს უზენაესი სასამართლო. იგივე წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV3, XLIV4, XLIV5 თავების ნორმები, რომლებიც არეგულირებს სასამართლოს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში. სსსკ-ის 35613 მუხლის შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავს ის სააპელაციო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარეობდა საარბიტრაჟო განხილვა. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადაწყვეტილება გამოაქვს იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ნორმით დადგენილი პრინციპი ვრცელდება ასევე სააპელაციო სასამართლოებზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადაწყვეტილება გამოაქვს იმ სააპელაციო სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული კანონის მიზანია, რომ ამ კანონით სასამართლოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღონ იმ სასამართლოებმა, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომელიც განიხილავს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების საკითხს. გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნულ საკითხზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ #ას-20-18-2013; 25.02.2013 წლის განჩინება).
12. ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლების მიხედვით, განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განსჯადია. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება. ეს საკითხები მოწესრიგებულია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს სპეციალური კანონით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმით (35613), რომლებიც გამორიცხავენ, განსახილველი საკითხების მოსაწესრიგებლად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ.ბ–ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი