№ას-1497-1417-2017 28 თებერვალი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – დ.ღ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ც.ჯ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.ღ–მა (შემდგომში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც.ჯ–ს (შემდგომში მოპასუხე) მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით:
2.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2.2. შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1991 წლის 20 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება და გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი #706.
2.3. მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქალაქ თბილისში, ...... მდებარე #86 ბინის ½ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის, 1400 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.2. აღნიშნული განჩინება აპელანტს კანონით დადაგენილი წესით ჩაჰბარდა 2017 წლის 4 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 161)
4.3. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 12 ოქტომბერს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 63-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადაგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში დანართი #3 სახით წარდგენილი ჰქონდა ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რომლის მიხედვით ასაკით პენსიონერია და ყოველთვიურად იღებს პენსიას - 180 ლარს. მითითებული მტკიცებულების თანახმად, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაევადებინა. დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენასთან მიმართებით მოსარჩელემ განმარტა, რომ, 2017 წლის 10 ოქტომბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერის გადაცემის მოთხოვნით, შემდგომში მათი სააპელაციო სასამართლოში წარდგენის მიზნით, რაზეც უთხრეს უარი იმ საფუძვლით, რომ საქმის მასალები სრულად იყო გადაგზავნილი სააპელაციო სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა და დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა.
9. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, კერძოდ, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ასაკით პენსიონერია, ყოველთვიურად მისი შემოსავალი შეადგენს 180 ლარს და აღნიშნულის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს, ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2016 წლის 22 აგვისტოს გაცემულ ცნობაზე, რომლის მიხედვით მოსარჩელე იმყოფება აღრიცხვაზე ქალაქ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისის ცენტრში, როგორც ასაკით საპენსიო პაკეტის მიმღები და დანიშნული აქვს ყოველთვიურად გასაცემი პენსია 180 ლარი. აღნიშნული ცნობა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება აპელანტის გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი სრულად არ ასახავს მის ქონებრივ მდგომარეობას და არ გამორიცხავს შემოსავლის სხვა წყაროს არსებობის შესაძლებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ აპელანტი პენსიონერა, მის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე არ მიუთითებს, მას კი ამ კუთხით უფრო სარწმუნო მტკიცებულება არ წარუდგენია.
12. საკასაციო სასამართლოს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა განაპირობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერების გადაუცემლობამ. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში შემდეგი საპროცესო მოქმედების განხორციელება: მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა და რით ადასტურებდა აპელანტი აღნიშნულ გარემოებას. ამ პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2017 წლის 16 აგვისტოს, საჩივარშივე მან იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერის წარდგენისათვის საპროცესო ვადის, 10 დღის განსაზღვრის თაობაზე. აქედან გამომდინარე, მას დროულად უნდა ეზრუნა და მიეღო ხსენებული სხდომის ოქმები, რისი შესაძლებლობაც გააჩნდა, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ზემდგომ სასამართლოში გადაიგზავნა 2017 წლის 21 სექტემბერს, შესაბამისად, აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა (ერთ თვეზე მეტი), მიემართა სასამართლოსთვის და მიეღო მისთვის სასურველი სხდომის ოქმები. საქმეში წარმოდგენილი აპელანტის განცხადებით კი ირკვევა, რომ სხდომის ოქმების გადაცემის თაობაზე მან სასამართლოს მიმართა 2017 წლის 10 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სწორედ მხარის და არა სასამართლოს უმოქმედობამ განაპირობა მისთვის სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერის გადაუცემლობა, შესაბამისად, მისი პრეტენზია დაუსაბუთებელია.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ასევე, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოპასუხის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა, თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ღ–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი