Facebook Twitter

№ას-1529-1449-2017 28 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ბ. (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ფ.ო. კ.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე), სს „მ.ო.ს.კ.“, სს „ბ.ბ.“, კერძო აღმასრულებელი გ.ბ., ნოტარიუსი მ.ე. (შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ფ.ო კ–მ“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბ.ბ.ს, (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), თ.ბ–ას (შემდეგში მეორე მოპასუხე), ი. ბ–ს (შემდეგში მესამე მოპასუხე), მ.კ–ს (შემდეგში მეოთხე მოპასუხე), მ.ნ–ის (შემდეგში მეხუთე მოპასუხე), მ.ბ–ას (შემდეგში მეექვსე მოპასუხე), მ.ბ–ას (შემდეგში მეშვიდე მოპასუხე), ნ.ლ–ის (შემდეგში მერვე მოპასუხე) და ნ.ბ–ას (შემდეგში მეცხრე მოპასუხე), (შემდგომში – ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, ქალაქ ბათუმში, ...... მდებარე ბინა #27-ის გამოთხოვა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, უძრავ ქონებას, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები. მოსარჩელის კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი ბინაში კვლავაც ცხოვრობენ და არ აძლევენ საშუალებას, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს უძრავი ნივთით.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ფ.ო კ–ის“ (შემდეგში - შეგებებულ სარჩელში პირველი მოპასუხე), სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს. კ–ის“ (შემდეგში - შეგებებულ სარჩელში მეორე მოპასუხე), სს ბ.ბ–ს“ (შემდეგში - შეგებებულ სარჩელში მესამე მოპასუხე), კერძო აღმასრულებელ გ.ბ–ს (შემდეგში - შეგებებულ სარჩელში მეოთხე მოპასუხე) და ნოტარიუსს მ.ე–ს (შემდეგში - შეგებებულ სარჩელში მეხუთე მოპასუხე) მიმართ მას, მეორე, მესამე, მეოთხე მოპასუხეებსა და შეგებებულ სარჩელში მეორე მოპასუხეს შორის 2013 წლის 30 იანვრს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის; 2013 წლის 3 ოქტომბერს მას, მეორე, მესამე, მეოთხე მოპასუხეებსა და შეგებებულ სარჩელში პირველ მოპასუხეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის; შეგებებულ სარჩელში მეხუთე მოპასუხის მიერ 2014 წლის 25 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის #140400760 ბათილად ცნობის; 2014 წლის 5 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგებისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2014 წლის 14 აგვისტოს გაცემული #A14031579-013/002 განკარგულების ბათილად ცნობის; შეგებებულ სარჩელში მესამე მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების, 9000 აშშ დოლარის, დაკისრების; შეგებებულ სარჩელში მოპასუხეებისათვის მიყენებული ზიანის, 44000 აშშ დოლარის, ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

შეგებებული სარჩელის მოპასუხეების პოზიცია:

4. შეგებებული სარჩელის მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით:

5.1. სარჩელი დაკმაყოფილდა;

5.2. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქალაქ ბათუმში, .....ბინა #27-ში (მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.....)) და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

5.3. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

5.4. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის ავტორის წარმომადგენელმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 9 ნოემბერს, 12:30 სთ-ზე. აპელანტს სხდომის თაობაზე ეცნობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებულ იქნა 2017 წლის 23 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით (იხ. ს.ფ. 271-272. ტ.3, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები).

8.2. 2017 წლის 7 ნოემბერს სასამართლოს წერილობითი შუამდგომლობით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება.

8.3. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს 12:30 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე და 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული, არც მასზე დართული დოკუმენტები წარმოშობდა სხდომის გადადების კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს, შესაბამისად, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

10. სსსკ-ის 387-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მას შეუძლია ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე, 73.1-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტის წარმომადგენელმა. მისი მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან აპელანტს სურდა თავად მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ, ჯანმრთელობის გამო, ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას, ამიტომაც ითხოვდა სხდომის სხვა დროისათვის გადადებას, განცხადებას ერთვოდა სათანადო სამედიცინო ცნობა. საქმეში წარდგენილი სამედიცინო ცნობითა და ინვალიდობის მოწმობით დგინდებოდა, რომ აპელანტი იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი, დაავადებული მეოთხე სტადიის ყელის კიბოთი. გაკეთებული ჰქონდა არაერთი ოპერაცია და სისტემატურად მკურნალობდა. საუბარს ახერხებდა ყელში ჩადგმული აპარატის დახმარებით, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდგომ საჭიროებდა გამოცვლას და სწორედ მის გამოსაცვლელად საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა. წარდგენილი ცნობა მკურნალმა ექიმმა გასცა და სათანადო ბეჭდით დაამოწმა. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მის გამოუცხადებლობას, იგი უნდა ჩაითვალოს საპატიოდ, რადგან აპელანტის მოთხოვნა იყო, ჯანმრთელობის გამო, სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადება, რათა შემდგომში თავად მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაირღვა აპელანტის საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო კონვეციებითა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება. ამასთან, სააპელაციო პალატამ ნაცვლად იმისა, რომ საქმეზე მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

15. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

17. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

18. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

19. ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა აპელანტის ჯანმრთელობის ამსახველი #397057 ცნობა სადაც მითიებულია, რომ აპელანტი დაავადებულია ხორხის კიბოთი (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა). აღნიშნულ ცნობაზე 2017 წლის 6 ნოემბერს მკურნალი ექიმის ჩანაწერით დასტურდება, რომ აპელანტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შესაბამისად, ცნობა არ შეიცავს მითითებას აპელანტის სტანციონალურ მკურნალობასა და გადაადგილების შეუძლებლობაზე. ამრიგად, სამედიცინო დოკუმენტი არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს აპელანტის ისეთი ავადმყოფობის ფაქტს, რაც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა.

20. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: საქმეში წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით გაცემული რწმუნებულება, რომლითაც მოპასუხემ ვ.ხ–ს მიანიჭა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების უფლებამოსილება. აღნიშნული რწმუნებულება გაცემულია 2016 წლის 10 მაისს, სამი წლის ვადით, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს (9.11.2017წ.) მინდობილობა ძალაში იყო (იხ. ტ.1, ს.ფ. 128-130). აქედან გამომდინარე, თუნდაც აპელანტს, ავადმყოფობის გამო, ვერ მოეხერხებინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, მის წარმომადგენელს შეეძლო სხდომაზე დასწრება და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე კერძო საჩივრის ავტორი არ უთითებს. ხსენებული გარემოება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, უშუალოდ აპელანტის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამატებითი არგუმენტია.

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც განსახილველი დავისადმი დიდ ინტერესს და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას შეეხება, აღნიშნავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან. სასამართლო საქმეს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით იხილავს, რომელთა მოქმედება ვრცელდება, როგორც სასამართლოზე, ისე - მხარეებზე. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ მოსარჩელემ თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.

22. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის შესახებ რომ, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად კი არ უნდა დაეტოვებინა, არამედ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა შემდეგ გარემოებათა გამო:

22.1. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229.1 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

22.2. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის და, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.

22.3. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 9 ნოემბერს 12:30 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით, სატელეფონო შეტყობინებით 2017 წლის 23 ოქტომბერს ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს (ტომი 2, ს.ფ. 82). აღნიშნული ფაქტი კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და შესაბამისად საქმის განხილვის გადადების საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ასეთ პირობებში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა.

24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. (შდრ. სუსგ-ები № ას-1312-1232-2017, 24.11.2017; № ას-633-591-2017, 21.09.2017; № ას-48-44-2017, 01.03.2017; № ას-880-830-2015, 21.10.2015).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ბ–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი