საქმე №ას-431-431-2018 31 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ა-ის შუამდგომლობების საფუძვლიანობის საკითხი და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია მ. ა-ის საკასაციო და კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლისა და 20 თებერვლის განჩინებებზე, საქმეზე _ მ. ა-ის სარჩელის გამო, შპს „ე-ტ +-ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს კასატორმა/კერძო საჩივრის ავტორმა არა ერთი შუამდგომლობით მომართა და მოითხოვა შემდეგი: საქმის საგამოძიებო ორგამოებისათვის/სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისათვის, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემა, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამაბელი გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის წარმოების შეჩერება, თბილისის საქალაქო სასამართლოდან, საგამოძიებო და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მტკიცებულებების გამოთხოვა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, დავაში მესამე პირად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩაბმა, შპს „გ-ას“ დირექტორის მოწმედ დაკითხვა, ამავდროულად მ.ა-მა წარმოადგინა საჩივარი საკასაციო და კერძო საჩივრების წარმოებაში მიღების განჩინებებზე და მოითხოვა მათი ნაწილობრივ გაუქმება.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა შუამდგომლობების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე მ. ა-ის მიერ სასამართლოში სამომავლოდ შემოტანილი ანალოგიური შინაარსის ყველა განცხადება, შუამდგომლობა თუ საჩივარი უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში.
მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი მხარის ერთი და იგივე შინაარსის დაუსრულებელი შუამდგომლობები ამ შედეგის მიღწევის მიზანს სცილდება. ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
მოცემულ შემთხვევაში ანალოგიური შუამდგომლობებით, რომლებსაც იდენტური მოთხოვნა და საფუძვლები გააჩნია, მხარემ უკვე მომართა საკასაციო სასამართლოს. საკასაციო პალატამ ჯერ 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ისინი და განუმარტა მხარეს ამგვარი შუამდგომლობების საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაკმაყოფილების შეუძლებლობა, შემდგომ ამ შუამდგომლობებზე იმსჯელა 2017 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინებით და მათზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყვიტა საქმის წარმოება. შუამდგომლობები საქმის საკასაციო სასამართლოში განმეორებით გადმოცემის შემდგომაც დადგა დღის წესრიგში და ზემოხსენებული საფუძვლით 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით კვლავ იქნა შეწყვეტილი საქმის წარმოება. როგორც პირველ, ისე _ მეორე და მესამე შემთხვევაში სასამართლომ ამომწურავად განუმარტა მხარეს ის საფუძვლები, რასაც ემყარებოდა მიღებული განჩინებები. მიუხედავად ამისა, მხარე კვლავ მომართავს სასამართლოს, სადაც ამავე მოთხოვნებს ამავე საფუძვლებით აყენებს. მ. ა-ის ასეთი სახის მოქმედებები ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას, არამედ იგი მიმართულია სასამართლო ორგანოების მიმართ აგრესიული დამოკიდებულების წარმოსაჩენად. ყოველივე აღნიშნული, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სცილდება მართლმსაჯულების და მით უმეტეს, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რადგან მისი განცხადებები და შუამდგომლობები მიზნად არ ისახავს მხარის კანონიერი უფლების დაცვას, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილი და მართებულია მ. ა-ის მიმართ განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. აღნიშნული კი იმაში გამოიხატება, რომ მის მიერ საკასაციო სასამართლოში მოცემულ დავაზე შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი), რომლის მოთხოვნაც იქნება საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის საგამოძიებო ორგამოებისათვის/სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისათვის, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემა, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამაბელი გადაწყვეტილების მიღებამდე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერება, თბილისის საქალაქო სასამართლოდან, საგამოძიებო და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მტკიცებულებების გამოთხოვა, დავაში მესამე პირად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩაბმა, შპს „გ-ას“ დირექტორის და/ან სხვა პირის მოწმედ დაკითხვა, დარჩება რეაგირების გარეშე.
რაც შეეხება საქმის განხილვის ფორმის საკითხს, იგი დადგენილ იქნა 2018 წლის 23 და 26 აპრილის განჩინებებით. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401 (1), 408-ე (3) და 419-ე (2) მუხლები სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას, საქმის სირთულისა თუ სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით თავად გადაწყვტოს საქმის განხილვის ფორმა იმგვარად, რომ მხარის მოსაზრებების გაზიარების ვალდებულება მას არ გააჩნია. სწორედ ეს წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს განჩინებებზე მ. ა-ის მიერ წარმოდგენილი ე.წ „საჩივრების“ ერთ ერთ მოთხოვნას. უფრო მეტიც, საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. კანონის აღნიშნული დანაწესი უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 265-ე და 266-ე მუხლებთან მჭიდრო კავშირში, რაც იძლევა საბოლოოდ იმ დასკვნის საფუძველს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (გარდა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნისა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა) და მხარეს არ აქვს უფლება, სადავო გახადოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადასტურებული გარემოებები. ამდენად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მ.ა-ს უარი უნდა ეთქვას 2018 წლის 23 და 26 აპრილის განჩინებებზე წარდგენილი საჩივრების განსახილველად მიღებაზე (ამ საკითხის თაობაზე დამატებით იხ: სუსგ №ა-998-ა-7-2011, 19 მაისი, 2011 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 264-ე, 265-ე, 266-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ს უარი ეთქვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 და 26 აპრილის განჩინებების თაობაზე წარმოდგენილი საჩივრების განსახილველად მიღებაზე.
2. მოცემულ დავაზე მ. ა-ის მიერ შემოტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი), რომლის მოთხოვნაც იქნება საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის საგამოძიებო ორგამოებისათვის/სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისათვის, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემა; სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამაბელი გადაწყვეტილების მიღებამდე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერება; თბილისის საქალაქო სასამართლოდან, საგამოძიებო და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მტკიცებულებების გამოთხოვა; დავაში მესამე პირად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩაბმა; შპს „გ-ას“ დირექტორის და/ან სხვა პირის მოწმედ დაკითხვა დარჩეს რეაგირების გარეშე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე