№ას-100-100-2018 28 თებერვალი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ზ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „კ.ბ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა სს „კ.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) ზ.გ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), დ.კ–ძის (შემდეგში მეორე მოპასუხე), ჯ.ყ–ის (შემდეგში მესამე მოპასუხე), თ.ქ–ძის (შემდეგში მეოთხე მოპასუხე) და ი.გ–ძის (შემდეგში მეხუთე მოპასუხე), (შემდგომში – ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 10 464.67 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 8 021.45 აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 847.32 აშშ დოლარს, დაზღვევა 146.25 აშშ დოლარს, ჯარიმა 1417.87 აშშ დოლარს, საკომისიო 31.78 აშშ დოლარს.
1.2. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 609.14 ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხაა - 477.25 ლარი, დაზღვევა - 12.66 ლარი, ჯარიმა -119.22 ლარი.
1.3. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4.466.75 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა - 220 ლარია, სესხზე დარიცხული პროცენტი - 252.97 ლარი, დაზღვევა - 29.60 ლარი, საკომისიო - 1.25 ლარი.
1.4. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 7 303.57 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა - 4 700.91 ლარია, პროცენტი - 476.52 ლარი, დაზღვევა - 38.91 ლარი, ჯარიმა - 2 087.23 ლარი.
2. მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 4 სექტემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა:
2.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 10 464.67 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
2.2. პირველ მოპასუხეს დაეკისრა 24.12.2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 609.14 ლარის, 24.03.2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4466.75 ლარის და 17.12.2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7303.57 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
3. 2017 წლის 18 სექტემბერს პირველმა მოპასუხემ საჩივრით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2017 წლის 11 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც პირველი მოპასუხე ესწრებოდა. სასამართლო სხდომაზე მხარეებს და წარმომადგენლებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.
6.2. აპელანტი არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ-ის) 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტს.
6.3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 2017 წლის 10 ნოემბერი.
6.4. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა მოპასუხეს განჩინების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
6.5. მოპასუხისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 11 ნოემბერს (30 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ) და ამოიწურა ამავე წლის 24 ნოემბერს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია 2017 წლის 28 ნოემბერს (ტ.1. ს.ფ. 212-220).
7. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია სსსკ-ის 369-ე და 2591 მუხლებით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ვადის გაშვება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მისთვის არ განუმარტავთ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების წესი და ვადა, შესაბამისად, მან არ იცოდა, რომ, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
12. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარადგინა.
13. სსსკ-ის 240.3 მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.
14. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
15. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
16. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.
18. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
19. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა, თუმცა მას განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. მან გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ - 2017 წლის 21 ნოემბერს, განჩინება ჩაიბარა იმავე დღეს. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 2017 წლის 11 ნოემბრიდან დაიწყო და იმავე წლის 24 ნოემბერს ამოიწურა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2017 წლის 28 ნოემბერს წარადგინა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 212-220). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
20. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტიც, რომ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენა იმან განაპირობა, რომ არ განემარტა გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების წესი და ვადა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 11 ოქტომბრის სხდომას, როდესაც გამოცხადდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხე/აპელანტი, სხდომაზე მხარეს განემარტა გადაწყვეტილების ჩაბარებისა და მისი გასაჩივრების წესი და ვადა (იხ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი ს.ფ. 203. ტ.1). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი.
21. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებით (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
22. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება, #ას-1424-1344-2017, 2018 წლის 16 იანვრის განჩინება).
23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი