Facebook Twitter

№ას-1445-1365-2017 30 იანვარი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – ე.მ

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – რ.შ–ძე, ნ.ი–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა (სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა რ.შ–ძემ (შემდეგში მოსარჩელე ან შეგებებული სარჩელის მოპასუხე) ე.მ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ან კერძო საჩივრის ავტორი), გ.ს–ძის (შემდეგში მეორე მოპასუხე) და ლ.ს–ძის (შემდეგში მესამე მოპასუხე), (შემდგომში – ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე ქალაქ ბათუმში, ...... (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....), (შემდეგში უძრავი ქონება) გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ი–ძისა (შემდეგში, შეგებებულ სარჩელში პირველი მოპასუხე) და მოსარჩელის მიმართ, მას და შეგებებულ სარჩელში პირველ მოპასუხეს შორის, 2014 წლის 6 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მოსარჩელესა და შეგებებულ სარჩელში პირველ მოპასუხეს შორის, 2014 წლის 15 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, შემდეგში ამ გარიგების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარებისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეებს აღეკვეთათ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ეს ქონება გამოთავისუფლებული სახით გადაეცა მოსარჩელეს. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, პირველი და მესამე მოპასუხის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით, მოპასუხეთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, დაევალათ, განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 3108.80 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

5.2. 2017 წლის 16 აგვისტოს მოპასუხეთა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა მეორე მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღით. კერძოდ, დაევალათ დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის 2948.80 ლარის გადახდა. განჩინება, კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა აპელანტების წარმომადგენელს, 2017 წლის 22 სექტემბერს.

5.3. 2017 წლის 2 ოქტომბერს აპელანტების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა ცნობა, რომლითაც დგინდებოდა, რომ მეორე მოპასუხე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო და საქმის განხილვის დასრულებამდე კვლავ ითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადება.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 63-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ პირველი და მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი. პალატამ განმარტა, რომ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე რამდენიმეჯერ, ერთი და იმავე საფუძვლით შუამდგომლობის დაყენება ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. აპელანტებს არ წარმოუდგენიათ ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი და სარწმუნო მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც სასამართლო დადებითად გადაწყვეტდა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. დასახელებული გაჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სსსკ - ის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის დასრულებამდე გადაევადებინა. ამასთან, შემოსავლების სამსახურიდან წარდგენილი ცნობით დასტურდებოდა მისი უკიდურესად მძიმე ეკონომიური მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

10. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.

11. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან სასამართლოს სსსკ-ის 48.2-ე მუხლის თანახმად, უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობასაც ადასტურებდა.

12. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი, განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს იმ მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. სასამართლოს ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებით სარგებლობის ზემოხსენებული საკანონმდებლო შეზღუდვისაგან არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ, სსსკ-ის 48.2-ე მუხლი ითვალისწინებს შეღავათს სახელმწიფო ბაჟის გადახდაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე აღძრული შეგებებული სარჩელის ავტორს, სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის დასრულებამდე გადაუვადდება (თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს).

13. მოცემულ შემთხვევაში უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე, მოპასუხეს/აპელანტს აღძრული აქვს შეგებებული სარჩელი. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლის არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ სსსკ-ის 48.2-ე მუხლი ავალდებულებდა სასამართლოს შეგებებული სარჩელის ავტორისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაევადებინა. შესაბამისად, არ არსებობდა მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

14. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პირველი მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და მას რამოდენიმეჯერ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა ისე, რომ არ მიუთითებია, თუ რა სახის მნიშვნელოვანი და სარწმუნო მტკიცებულება უნდა წარედგინა აპელანტს, რომ დადებითად გადაწყვეტილიყო სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკითხი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის ცნობაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი ნულის ტოლია. მითითებული მტკიცებულება, მართალია, შეაფასა სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 04.09.2017 წლის განჩინებაში, მაგრამ არ დაასაბუთა თუ რატომ არ იყო საკმარისი ეს მტკიცებულება პირველი მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადასავადებლად. სასამართლომ, ასევე, არ განუმარტა მხარეს, კონკრეტულად რომელი რელევანტური და ვალიდური მტკიცებულება უნდა წარედგინა მას, რომ მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილებულიყო.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და, თუ მათ საკმარისად არ მიიჩნევს, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენაც მოითხოვოს.

16. საკასაციო პალატა ამ მიმართულებით ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან შეუსაბამოდ. (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 and 35, ECHR 2006-... (extracts)). თუმცა, ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი გადაიხადოს ის, და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (იხ. Kreuz მითითებული ზემოთ, §§58 და 60). უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (Weissman and Others, ციტირებული ზემოთ, §36). თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარიანობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან უბრძანონ წარდგენილი ინფორ-მაციის გადამოწმება. (იხ.mutatis mutandis, Jedamski and Jedamska, cited above, § 64; Kreuz, ციტირებული ზემოთ, §64) (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ; საქმე #ას-998-942-2015, 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინება).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თუნდაც არ იყოს სსსკ-ის 48.2 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო დაეცვა სამართლიანი ბალანსი, ერთის მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორეს მხრივ, მომჩივნის ინტერესებს შორის -დაემტკიცებინა თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.მ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ე.გასიტაშვილი