საქმე №ას-521-521-2018 15 მაისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – უ.გ–ძე, ნ.შ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ...... ს/კ № ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება, სადავო ქონება ან საცხოვრებელი ბინა) მ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 15-16, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას უ.გ–ძე და ნ.შ–ძე (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) ფლობენ.
3. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
4. 2017 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, იგი სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეები განაგრძობენ საცხოვრებელი ბინის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას.
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მათ წარადგინეს მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი და განმარტეს, რომ უძრავი ქონება მოსარჩელეს 2015 წელს განვადებით მიჰყიდეს, თუმცა, მოსარჩელესთან შეთანხმების მიხედვით, მათ ბინაზე მფლობელობა ქირავნობიდან გამომდინარე, ერთი წლის ვადით უნდა შენარჩუნებოდათ, რისთვისაც მესაკუთრეს 6 თვის ქირა - 1200 აშშ დოლარი წინასწარ გადაუხადეს. მესაკუთრემ 6 თვის გასვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ვადამოსული არ იყო, დაუყონებლივ მოითხოვა სადავო ქონების გამოთავისუფლება და გადაცემა, რაც, მათი აზრით, უსაფუძვლო და არასამართლიანი იყო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, ასევე, სსკ-ის 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. აპელანტების მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმების მიხედვით, მოპასუხეები სადავო ბინაში ქირით არა 6 თვით, არამედ ერთი წლით უნდა დარჩენილიყვნენ. სასამართლომ არ შეაფასა, თუ რატომ და რა საფუძვლით იმყოფებოდნენ მოპასუხეები საცხოვრებელ ბინაში ქონების გასხვისების შემდგომაც, გამოსარკვევი იყო ის გარემოებაც, თუ რა მიზეზით არ აღძრა სარჩელი მესაკუთრემ, უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირებისთანავე.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა;
8.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულება, რომელიც მათ მიერ უძრავი ქონების კანონიერად ფლობის ფაქტს დაადასტურებდა, მხარეთა შორის რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობა, რაც შესაძლოა მოსარჩელის უფლების შეზღუდვას დასდებოდა საფუძვლად, შესაბამისად, მესაკუთრე უფლებამოსილი იყო, სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები;
8.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონი იცავს ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებულ მფლობელობას, არამედ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობას, რისი არსებობაც აპელანტებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ვერ დაადასტურეს. პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენენ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს და, აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო ქონების მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა მოეთხოვა.
9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 7).
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
14.1. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
14.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
14.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
14.4. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები: # ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; # ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უ.გ–ძისა და ნ.შ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი