Facebook Twitter

3გ-ად-6-კ.ს-03 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო შპს “კ.-ის” სარჩელი მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ 2002წ. 25 სექტემბრის ¹306 ბრძანების პირველი პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე. იმავდროულად სასამართლო კოლეგიის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლის საფუძველზე შეჩერებულად ჩაითვალა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის, ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 25 სექტემბრის ¹306 ბრძანების მოქმედება. სასამართლო კოლეგიის 2002წ. 26 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია, რომელმაც კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს სასამართლო კოლეგიის 2002წ. 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით. კერძო საჩივრის მოთხოვნა ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს:

ფინანსთა მინისტრის 2002წ. 16 ივლისის ¹223 ბრძანებით დამტკიცებული იქნა დებულება “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ”, რომლითაც განისაზღვრა ის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ხორციელდება მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელებად მეურნე სუბიექტების გადმოყვანა. აღნიშნულ კრიტერიუმებს სრულიად აკმაყოფილებს შპს “კ.-ი”, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ მსხვილ გადამხდელს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 იანვრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებსა და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი დაშვებული უნდა იქნეს და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 39-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე საერთო სასამართლოებში კერძო საჩივრის განხილვისათვის, კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის სავალდებულობა. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის ანალოგიით, კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივარს იხილავს გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლო, ბაჟის გადაუხდელობის გამო ხარვეზის დადგენა და ვადის განსაზღვრაც უნდა მოხდეს ამ უკანასკნელის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ კერძო საჩივარი ისე იქნა მიჩნეული დაუშვებლად, რომ მხარეს არ მიეცა ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მიაჩნია პროცესუალური ნორმების დარღვევად, რის გამოც თვლის, რომ მოცემულ ეტაპზე კერძო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნას დასაშვებად და უნდა დაექვემდებაროს განხილვას.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებით შეჩერებული იქნა ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 25 სექტემბრის ¹306 ბრძანების მოქმედება იმ ნაწილში, რომლითაც შპს “კ.-ი” გადაყვანილი იქნა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მომსახურებაში. მითითებულ ნაწილში აქტის შეჩერების საფუძვლად საოლქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებას, რომ ფინანსთა სამინისტროს ¹306 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომლის შეჩერებაც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლის საფუძველზე, დამოკიდებული არ არის სასამართლოს ნებაზე და უკავშირდება სარჩელის შეტანის ფაქტს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის გამოყენების თაობაზე და თვლის, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით გამოყენებული უნდა იქნას იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის დებულებები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული აქტი გამომდინარეობს საგადასახადო ურთიერთობიდან და არეგულირებს გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო ორგანოების სამართლებრივ მდგომარეობას, შესაბამისად, მისი მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილით განსაზღვრულ აქტებში დაუშვებელია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის რეგულირების სფეროში უნდა მოექცეს ყველა ის ურთიერთობა, რომელიც გამომდინარეობს და დაკავშირებულია გადასახადებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნას დასაშვებად.

2. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის განჩინების ის ნაწილი, რომლის საფუძველზეც, შეჩერებულად ჩაითვალა ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 25 სექტემბრის ¹306 ბრძანებს I პუნქტი შპს “კ.-ის” მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მომსახურეობაში გადაყვანის შესახებ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.