საქმე №ას-535-508-2015 17 ივნისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მ. თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
თარჯიმანი - ავთანდილ მურადოვი
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ს-ე
წარმომადგენელი (ადვოკატი) - გ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-ის საჯარო სკოლა
წარმომადგენლები - ვ. კ-ა (სოფელ ჭ-ის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე), მ. თ-ი (ადვოკატი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ სოფელ ჭ-ის საჯარო სკოლის (შემდეგში: დამსაქმებელი, სკოლა, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) დირექტორსა (შემდეგში: სკოლის დირექტორი) და ნ. ს-ეს (შემდეგში: დასაქმებული, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) შორის 2013 წლის 2 სექტემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე ჭ-ის სკოლაში, სადაც იგი 1988 წლიდან მუშაობდა, ქართულის (როგორც მეორე ენის) მასწავლებლად დაინიშნა.
2. დასაქმებულთან ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაფორმდა, ხოლო ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოდ 344.40 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 275.52 ლარი) განისაზღვრა.
3. მოსარჩელეს, დამსაქმებლის 2013 წლის 10 ივლისის (№1/52) დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ ბრძანებით საყვედური, ხოლო 2013 წლის 22 ოქტომბრის (№კ-1/70) ბრძანებით სასტიკი საყვედური გამოეცხადა.
4. დამსაქმებელმა 2013 წლის 19 ნოემბრის (№1/78) ბრძანებით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ხელშეკრულების მე-9 მუხლის 4.3. ქვეპუნქტის შესაბამისად, ვადამდე შეწყვიტა.
5. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
5.1. 2013 წლის 10 ივლისისა და 2013 წლის 22 ოქტომბრის ბრძნებების ბათილად ცნობა;
5.2. შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა;
5.3. თანამდებობაზე აღდგენა და სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან მის აღდგენამდე, ყოველთვიურად 344.44 ლარის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
6. მოსარჩელის მტკიცებით, გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, რადგან მისთვის უცნობი იყო სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული სასასწავლო ნაწილის 2013 წლის 16 ნოემბრის წერილის შესახებ. მან მიუთითა, რომ მას და სკოლის დირექტორს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სკოლის პედაგოგებმა საჩივრით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. მან საჩივარი ჯერ კიდევ 2013 წლის 26 ივნისს წარუდგინა მინისტრს. განთავისუფლების ბრძანება, დაძაბულობის ნიადაგზე, თავდაპირველად, 2013 წლის 19 ოქტომბერს გამოიცა. მას 19 ნოემბრით დათარიღებული ბრძანება დამსაქმებელმა მხოლოდ მისი არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ ჩააბარა. რაც შეეხება 2013 წლის 10 ივლისისა და 22 ოქტომბრის ბრძანებებს, ისინი მას (დასაქმებულს) კანონით დადგენილი წესით არ გააცნეს, მათ შესახებ მისთვის სასამართლოში საქმისწარმოების შემდეგ გახდა ცნობილი.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ 2013 წლის 10 ივლისის ბრძანების მიღებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ საკლასო ჟურნალის დადგენილი წესების დარღვევით შევსება და საბოლოო ნიშნების არასწორად გამოყვანა, 2013 წლი 22 ოქტომბრის ბრძანების გამოცემა კი, ერთი თვის განმავლობაში მოსარჩელის კათედრის სხდომებზე გამოუცხადებლობამ, სამსახურის არასაპატიო მიზეზით გაცდენამ, ბავშვებისა და სკოლის დირექტორისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტმა და ეთიკის ნორმების დარღვევამ განაპირობა. 2013 წლის 10 ივლისის ბრძანება მოსარჩელეს 2013 წლის 25 ივლისს პირადად ჩაბჰარდა, მას შემდეგ 6 თვეა გასული, შესაბამისად, ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა მას გაშვებული აქვს. 22 ოქტომბრის ბრძანების ჩაბარებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა, რის შემდეგაც ბრძანება სამასწავლებლო ოთახში არსებულ საინფორმაციო დაფაზე განთავსდა.
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 19 ნოემბრის ბრძანებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურში სისტემატური გამოუცხადებლობის, დაგვიანებით გამოცხადებისა და სამეურვეო საბჭოს სხდომის ჩაშლის ფაქტები. დასაქმებულმა დაარღვია შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, რის გამოც ის სამსახურიდან გათავისუფლდა.
8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებლის 2013 წლის 10 ივლისის ბრძანება მოსარჩელეს 2013 წლის 25 ივლისს პირადად ჩაჰბარდა, ხოლო, 2013 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებასთან დაკავშირებით, სასამართლომ 2013 წლის 30 ოქტომბრის მოხსენებით ბარათზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ ბრძანების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
8.2. სასწავლო ნაწილის 2013 წლის 23 სექტემბრის მოხსენებითი ბარათითა და საქმეზე წარდგენილი სხვა მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 3-6, 9 სექტემბერსა და 2, 11, 25, 28 ოქტომბერს მოსარჩელე არ გამოცხადებულა სამსახურში და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სკოლის ადმინისტრაციისათვის. ამასთან, სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არც სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარუდგენია.
8.3. მოწმეთა ჩვენებების, მშობლების კოლექტიური განცხადებისა და სკოლის მე-7 კლასის დამრიგებლის ნაილა კურბანოვას (შემდეგში: მე-7 კლასის დამრიგებელი, მოწმე) მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოსარჩელე მოსწავლეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა (როგორიცაა: თმების მოქაჩვა, ყურის აწევა). ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულებით, სკოლის შინაგანაწესითა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია.
8.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2013 წლის 8 ნოემბერს მოსარჩელე დაგვიანებით გამოცხადდა სამსახურში და გაკვეთილი დაიწყო 15 წუთის დაგვიანებით. ამ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა 2013 წლის 11 ნოემბრის მოხსენებითი ბარათით მიმართა სკოლის სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინურ კომიტეტს დირექციისათვის სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. 2013 წლის 13 ნოემბერს სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინური კომიტეტის წევრებმა შეადგინეს აქტი, საიდანაც დგინდებოდა, რომ სკოლის დირექტორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2013 წლის 13 ნოემბერს ისინი შეიკრიბენ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მოსარჩელე ყვირილითა და მუქარით შეიჭრა კრებაზე, რის გამოც კრება ჩაიშალა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დირექტორის ბრძანება კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებულად მიიჩნია.
8.5. სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნები სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ბრძანების ბათილობის მოთხოვნასთან უშუალოდ იყო დაკავშირებული, რის გამოც სარჩელი სრულად იქნა უარყოფილი.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
9.1. აპელანტის მტკიცებით, 2013 წლის 10 ივლისისა და 22 ოქტომბრის ბრძანებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ დგინდება, რა გახდა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. გაურკვეველი იყო, როდის დაიწყო დისციპლინური წარმოება, მიიღო თუ არა მასში მონაწილეობა დასაქმებულმა და, თუ არ მიიღო, რატომ? მოპასუხემ ვერ შეძლო ვერც იმ გარემოების დადასტურება, რომ მან აპელანტს ფოსტით სწორედ 2013 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება გაუგზავნა.
9.2. სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა, 2013 წლის 5 ოქტომბრის მშობელთა განცხადება, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მოსარჩელის სხვა მასწავლებლით შეცვლასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, მშობლებს უნდოდათ ძველი მასწავლებლის დაბრუნება და მოსარჩელის მიმართ პრეტენზიები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მე-7 კლასის დამრიგებელმა მოხსენებითი ბარათით მიმართა დირექტორს, თითქოს, მოსარჩელე გაკვეთილებს აცდენდა და მოსწავლეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, მაშინ, როდესაც დამრიგებელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მშობლებს პედაგოგის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ, მისთვის უცნობი იყო მოსარჩელის მიერ გაკვეთილების გაცდენისა და ბავშვების ცემის ფაქტის შესახებ. ამასთან, მოპასუხემ სხდომაზე დააზუსტა, რომ ბავშვების ცემა არ გამხდარა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
9.3. აპელანტი მიიჩნევდა, რომ საქმეში წარმოდგენილი სამივე გასაჩივრებული ბრძანება დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც, სშკ-ის 38-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრებოდა. ამ უკანასკნელმა კი, ვერ წარადგინა დისციპლინური კომიტეტის დასკვნა, რომელიც შინაგანაწესის მე-20 მუხლის შესაბამისად, მასწავლებლის მიმართ დისციპლინური დევნისა და გათავისუფლებისათვის აუცილებელი იყო. საქმეში ასევე არ არის მტკიცებულებები არც მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევისა და დარღვევაზე დამსაქმებლის მხრიდან შესაბამისი რეაგირების (გაფრთხილების) თაობაზე.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სშკ-ის პირველი მუხლი, „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის ბრძანების (N57/ნ) მე-2 და მე-6 მუხლები. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დაასკვნა, რომ აპელანტმა, შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ მისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ დამსაქმებლის ბრძანებები ან მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონო იყო. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაიკითხნენ მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მართებულად გაიზიარა.
10.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სკოლის სასწავლო ნაწილის ჩვენებაზე, რომლის განმარტებითაც ბოლო სამი თვის განმავლობაში მოსარჩელე სამსახურში აგვიანებდა, რამდენიმე გაკვეთილიც კი გააცდინა, რის გამოც მას ხელფასიც დაექვითა. სასწავლო ნაწილმა დაადასტურა, რომ 23.09.2013 წლის მოხსენებითი ბარათი მან, დირექტორის მოთხოვნით, მოსარჩელის მიერ სამსახურის გაცდენის გამო დაწერა. ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებულ მოსარჩელის პრეტენზიაზე კი, განმარტა, რომ ტექსტს წერდა მდივანი, უთარგმნიდა და შემდეგ აწერდა ხელს საბუთს.
10.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის შესაგებელი, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შრომითი ხელშეკრულების, საჯარო სკოლის შინაგანაწესისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით დადგენილი ვალდებულებების დარღვევა, რის გამოც სკოლის დირექტორი უფლებამოსილი იყო, გამოეცა სადავო ბრძანებები მოსარჩელის მიმართ საყვედურების გამოცხადებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის მიმართ დისციპლინარული ღონისძიებების სახით არცერთი სახდელი არ გამოყენებულა და სადავო ბრძანება დირექტორმა პირადი დაინტერესების საფუძველზე გამოსცა. მოხსენებითი ბარათისა და საყვედურის გამოცხადების შესახებ მოსარჩელისათვის, სასამართლო სხდომამდე, უცნობი იყო. ამასთან, საყვედური წერილობითაც კი არ არის დასაბუთებული მაშინ, როდესაც ეს დოკუმენტაცია ელექტრონულადაც უნდა ატვირთულიყო.
11.2. საქმეში არ მოიპოვება ოფიციალური ბრძანება მოსარჩელის მიმართ დისციპლინარული წარმოების დაწყებისა და მისი ინფორმირების თაობაზე. ამასთან, შინაგანაწესის მე-20 მუხლის თანახმად, მასწავლებლის მიმართ დისციპლინარული დევნა წარმოებს მხოლოდ დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია. დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მუშაკის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ გაკვეთილების გაცდენისა და ბავშვების შეურაცხყოფის ფაქტები არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებით. გათავისუფლების საფუძველთან დაკავშირებით, არ არის წარმოდგენილი დარღვევაზე შესაბამისი რეაგირების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება. ამრიგად, არ არსებობდა სშკ-ის 37.1 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
11.3. სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები ქართულ ენაზეა შედგენილი, მაშინ, როდესაც მოწმეთა უმეტესობამ ქართული წერა-კითხვა არ იცის. მოწმედ დაკითხულმა სასწავლო ნაწილმა განმარტა, რომ მას არ წაუკითხავს ქართულად შესრულებული ხელნაწერი, დოკუმენტაცია დირექტორის დავალებით შეიქმნა.
11.4. კიდევ ორმა მოწმემ კი, მოსარჩელისათვის წაყენებული ბრალდებები უარყო და იგი მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად დაახასიათა. რაც შეეხება მათ ჩვენებას მოსარჩელის მიერ გაკვეთილზე 15 წუთის დაგვიანებასთან დაკავშირებით, ამ ფაქტს არც კასატორი არ უარყოფს, თუმცა ეს არ შეიძლება გამხდარიყო 25-წლიანი სტაჟის მქონე მასწავლებლის გათავისუფლების საფუძველი. უფრო მეტიც, გაკვეთილზე დაგვიანება არის მოსარჩელის ერთადერთი დადასტურებული გადაცდომა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით).
15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია მისი სამსახურიდან გათავისუფლების (ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) პროცედურული წესის დარღვევაა, კერძოდ, იგი აპელირებს, რომ დარღვეულია სკოლის შინაგანაწესი, რომლის მიხედვითაც პედაგოგისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება დირექტორს მხოლოდ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს კი, გადაწყვეტილება არ მიუღია.
16. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტადია სწორედ ურთიერთობის შეწყვეტაა, ვინაიდან ყველაზე მეტად ამ დროს არის შესაძლებელი დასაქმებულის ინტერესების შელახვა. შრომითი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, თუმცა, მას სხვა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებებისაგან განასხვავებს ის გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ კერძო სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი მხარეთა თანასწორობის პრინციპი გარკვეულ სახეცვლილებას განიცდის და დაქირავებული დამოკიდებულია დამქირავებლის ნებაზე, მის მითითებებსა და მის მიერ განსაზღვრულ სამუშაო თუ ორგანიზაციულ პირობებზე (სუსგ №ას-864-1150-09 28 აპრილი, 2010 წელი). სწორედ ამიტომ, შრომის კონსტიტუციური უფლება ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის უფლების დაცვას. შრომითი ხელშეკრულების სტაბილურობა კი, შრომის დაცვის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. შესაბამისად, არსებითია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დასაქმებულის უფლება-ინტერესების დაცვის საკითხიც, რის გამოც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დადგენილი პროცედურისა და ფორმალური მოთხოვნების დაცვას დამსაქმებლის მოქმედებების სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა, პირველ რიგში, შეამოწმებს, დაიცვა თუ არა დამსაქმებელმა ის ეტაპები, რომელიც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის იყო დადგენილი.
17. მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური დევნის საფუძველზე დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების წესს შრომის შინაგანაწესი ადგენს. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისთვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა, ხოლო, ამავე კანონის 19.4 მუხლის თანახმად, დისციპლინური დევნა შეიძლება მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამდენად, შრომის შინაგანაწესის შინაარსისა და მის საფუძველზე მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სწორად განსაზღვრას შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროს მნიშვნელოვანი პრაქტიკული დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ მათი შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება, შემოწმდეს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.
18. შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია (სშკ-ის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი). სადავო ხელშეკრულების მე-3 მუხლის 1.4 პუნქტის თანახმად, სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, ხოლო, ამავე მუხლის 2.6 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური დევნა სკოლის შინაგანაწესით დადგენილი წესით წარმართოს. ამდენად, არა მარტო დასაქმებულს, არამედ სკოლის დირექტორსაც ევალებოდა შინაგანაწესის დაცვა, რომლითაც, ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგენილი იყო სკოლის მასწავლებელთან ხელშეკრულების შეწყვეტის სპეციალური წესი.
19. სოფელ ჭ-ის საჯარო სკოლის შინაგანაწესის 19.3 მუხლი, გარკვეული პირობების არსებობისას, დისციპლინური სახდელის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებასაც ითვალისწინებს. შინაგანაწესის მე-20 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, პედაგოგსა და თანამშრომელს დისციპლინური სახდელის ზემოაღნიშნულ სახეს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორი უფარდებს. ფაქტობრივად შინაგანაწესის აღნიშნული მუხლი ეხება ვალდებულების დარღვევის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, კერძოდ, ადგენს წინაპირობას - დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას, დასაქმებულთან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის. ამდენად, უნდა დადგინდეს, დაცული იყო თუ არა მასწავლებლის გათავისუფლების კანონით დადგენილი პროცედურა, კერძოდ, არსებობდა თუ არა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
20. დადგენილია, რომ 2013 წლის 11 ნოემბერს სკოლის დირექტორმა მოხსენებითი ბარათით მიმართა დისციპლინურ კომიტეტსა და სამეურვეო საბჭოს მოსარჩელის მიერ სკოლის შინაგანაწესის დარღვევის (სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების, გაკვეთილის დაგვიანებით დაწყების) გამო, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, ასევე, დადგენილია, რომ დირექტორის ამ მოხსენებითი ბარათის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, 2013 წლის 13 ნოემბერს სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი შეიკრიბა, თუმცა, კრებამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. საბჭოსა და კომიტეტის წევრებმა შეადგინეს აქტი, რომლის თანახმად, კრების მსვლელობის პროცესში მოსარჩელე ყვირილითა და მუქარით შეიჭრა კრებაზე, რის გამოც მათ ვერ შეძლეს კრების გაგრძელება, შესაბამისად, „წერილზე ვერ გასცეს პასუხი დირექტორს“. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა იმ პირებმა, რომლებიც აქტს ხელს აწერენ.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ დისციპლინურ კომიტეტს სკოლის შინაგანაწესის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, პედაგოგისათვის დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების (ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) შესახებ, არ მიუღია. მტკიცებითი უპირატესობის მქონე დამსაქმებელს სასამართლოსთვის არ წარუდგენია ამ ფაქტის საპირისპირო, მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები, უფრო მეტიც, მან ამგვარი გადაწყვეტილების არარსებობა დაადასტურა (17.06.2016 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხდომის ოქმი), ხოლო კასატორის მოწინააღმდე მხარის არგუმენტი, რომ კრება მოსარჩელემ განზრახ ჩაშალა და ამის თაობაზე შედგა აქტი, არ შეიძლება, შეფასდეს დისციპლინური კომიტეტის თანხმობად მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან კომიტეტის წევრთა მიერ არ გამოვლენილა ნება დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების თაობაზე. ასეთი თანხმობის არარსებობა სკოლის დირექტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ცალმხრივად გამოვლენილ ნებას, არანამდვილად, ანუ მართლსაწინააღმდეგოდ აქცევს (სსკ-ის 51.1 და 59.1 მუხლები). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, რადგან მოსარჩელის მიმართ არ იყო დაცული შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული პროცედურა, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა. შესაბამისად, ის სშკ-ის 44-ე მუხლისა და სსკ-ის 394.1-ე და 409-ე მუხლების საფუძველზე ვალდებულია, დასაქმებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.
22. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სწორი შეფასებიდან და, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ კასატორმა მისი სამსახურიდან გათავისუფლების პროცედურული წესის დარღვევასთან დაკავშირებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც პალატა სადავო ბრძანებაში მითითებული ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების კანონიერებას აღარ შეამოწმებს, კერძოდ, სასამართლო აღარ შეაფასებს, რამდენად არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემისათვის და, შესაბამისად, გათავისუფლებისათვის, მასში მითითებული ნორმებით (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის გ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 4.3. ქვეპუნქტის) დადგენილი საფუძვლები, ვინაიდან ბრძანების ბათილობის საფუძველია დირექტორის არაუფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიეღო კოლეგიური ორგანოს - დისციპლინური კომიტეტის მიერ მისაღები გადაწყვეტილება.
23. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ვადიანი ხელშეკრულება იყო გაფორმებული, კერძოდ, სადავო ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, 2013 წლის 2 სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე დაიდო. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასულია, რაც მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის უსაფუძვლობას განაპირობებს (შდრ. სუსგ № ას-1634-1533-2012, 24.09.2013წ.).
24. გამომდინარე იქიდან, რომ გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო კასატორის სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია, მას უნდა მიეცეს კომპენსაცია, რომელიც შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური ნორმით (სშკ-ის 38.8 მუხლით) გათვალისწინებული დასაქმებულისათვის სამართლიანი ბალანსის აღდგენის საშუალებაა. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დროის იმ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელეს უნდა ემუშავა დამსაქმებელთან, ასევე - მისი ხელფასის ოდენობას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაცია ამ უკანასკნელის მიერ 9 თვისა და 12 დღის განმავლობაში მისაღები ხელფასის გათვალისწინებით, რაც 3237.36 ლარს შეადგენს.
25. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ
დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 257.1, 264.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-ის საჯარო სკოლის დირექტორის 2013 წლის 19 ნოემბრის N1/78 ბრძანება ნ. ს-ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
5. სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-ის საჯარო სკოლას, ნ. ს-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 3237.36 ლარის გადახდა;
6. ნ. ს-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი