Facebook Twitter

საქმე №ას-450-450-2018 11 მაისი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ჩ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ჯ–ის უფლებამონაცვლე ი.ჯ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ.ჯ–ის სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში ..... მდებარე უძრავი ქონებიდან, დ.ჯ–ას სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომის (1/4 ნაწილის) უმკვიდროდ და უსასყიდლოდ ვ.ჯ–ისთვის საკუთრებაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება ამავე წლის 27 მარტს საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის (ექსპერტიზის ან აუდიტის დასკვნის) და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერისა და საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის დღეის მდგომარეობით წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

6. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო პალატისთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელ მ.ფ–ს 2018 წლის 16 აპრილს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა.

7.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა 2018 წლის 17 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 23 აპრილს ამოიწურა. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2018 წლის 23 აპრილის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

7.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

7.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა