საქმე №ას-836-782-2017 29 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. ჟ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 50-50 ლარით განსაზღვრა
დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. ჩ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჟ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ არასრულწლოვანი შვილების: მ. ჟ-ისა (დაბადებული 27.03.2---წ.) და ბ. ჟ-ის (დაბადებული 26.03.2---წ.) რჩენა-აღზრდისათვის სარჩელის აღძვრიდან (17.02.2016წ.) ბავშვების სრულწლოვანებამდე ალიმენტის _ ყოველთვიურად 250-250 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. მხარეები 2001 წლიდან 2014 წლამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2014 წლის 19 მაისს მეუღლეები განქორწინდნენ. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში. მისი დედა _ დ. ბ-აია დაავადებულია დიაბეტით, ხოლო მამა _ თ. ჩ-ე, გადატანილი ინსულტის გამო, უნარშეზღუდულია და უჭირს მოძრაობა. არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ძირითადად დედას უწევს ხარჯის გაღება. მამა გარკვეულწილად ეხმარება შვილებს, უხდის სახალხო საკრავის _ ფანდურის შემსწავლელ და მათემატიკის წრეების გადასახადს, მხოლოდ საკუთარი შემოსავლით მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფს შვილების რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მოპასუხე ვალდებულია, მონაწილეობდეს არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდაში და სტაბილურად უწევდეს მათ ფინანსურ დამხარებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, თითოეული შვილის სასარგებლოდ 30 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო და განმარტა, რომ ის არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს. მოპასუხე და მისი დედა აქტიურად მონაწილეობენ არასრულწლოვნების რჩენა-აღზრდაში. 2008 წელს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმების გამო მოპასუხეს მოშლილი აქვს ორივე ქვედა კიდურის ფუნქცია და უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, რის გამოც, მინიჭებული აქვს მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი (უვადოდ) და სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის განყოფილებაში მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით ირიცხება სოციალური პაკეტის მიმღებ პირად. მას ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, რომელსაც უსახსრობის გამო ვერ იკეთებს. ჯანმრთელობის გამო, არ აქვს დასაქმებისა და მყარი მატერიალური შემოსავლის ქონის შესაძლებლობა, მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რაც შეადგენს 100 ლარს. სწორედ ჯანმრთელობის მოშლა გამორიცხავს მოპასუხის შესაძლებლობას, მოთხოვნილი ოდენობით გადაიხადოს ალიმენტი. შესაძლებლობის ფარგლებში მამა ეხმარება და მომავალშიც ყოველთვის გაუწევს დახმარებას არასრულწლოვან შვილებს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდის მიზნით, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით 2016 წლის 17 თებერვლიდან (სარჩელის აღძვრიდან) შვილების მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ალიმენტვალდებულმა პირმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის _ ყოველთვიურად 80-80 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან მათ მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 50-50 ლარით განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოდავე მხარეები 2001 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
1.2.2. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის 27 მარტს დაბადებული მ. ჟ-ი და 2005 წლის 26 მარტს დაბადებული ბ. ჟ-ი;
1.2.3. 2014 წლის 19 მაისს მეუღლეები განქორწინდნენ. ამ დროიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან ოჯახურ მეურნეობას;
1.2.4. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან ერთად ამ უკანასკნელის მშობლების ბინაში. მათთან ერთად ასევე ცხოვრობენ მოსარჩელის მშობლები. ნ.ჩ-ის დედა დაავადებულია დიაბეტით, ხოლო მამას, გადატანილი ინსულტის გამო, შეზღუდული აქვს მოძრაობისა და გადაადგილების უნარი;
1.2.5. არასრულწლოვნები დადიან სახალხო საკრავის _ ფანდურის შემსწავლელ და მათემატიკის წრეებზე;
1.2.6. მოსარჩელე დასაქმებულია სავაჭრო ცენტრ „კ-ში“ და აქვს ყოველთვიური ანაზღაურება 250-280 ლარის ოდენობით;
1.2.7. შპს „ზ-ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მოპასუხეს, საყოფაცხოვრებო ტრავმის გამო, 2008 წლის 20 ოქტომბერს მიენიჭა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ. მითითებული ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხეს აღენიშნება ორივე ქვედა კიდურის ფუნქციის მკვეთრი მოშლა. მას შეზღუდული აქვს ფიზიკური დატვირთვა და მიცემული აქვს რეკომენდაცია გონებრივი მუშაობის თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 14 მარტს გაცემული ცნობის მიხედვით, მოპასუხე ნამდვილად ირიცხება სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის განყოფილებაში, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სოციალური პაკეტის მიმღებად. სოციალური პაკეტი დანიშნული აქვს 2008 წლის 21 ოქტომბრიდან ცვლილებამდე, თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით;
1.2.8. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, არასრულწლოვანი ბ. ჟ-ი 2015 წლიდან 30 ნოემბრიდან 2015 წლის 5 დეკემბრამდე გადიოდა მკურნალობის კურსს შპს „თ-ში“, ასევე, ინფექციური დაავადების გამო მკურნალობდა არასრულწლოვანი მ. ჟ-იც;
1.2.9. მოპასუხე არ არის სტაბილურად დასაქმებული და არ გააჩნია ყოველთვიური შემოსავალი. იგი გარკვეული პერიოდულობით საკუთრებაში არსებული ავტომანქანით (ე.წ. „ტაქსით“) შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი, რამდენადაც, მან დადგენილად მიიჩნია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კასატორს შეზღუდული აქვს გადაადგილება და მიცემული აქვს რეკომენდაცია გონებრივი და არა ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესახებ, შესაბამისად, ე.წ „ტაქსით“ მგზავრთა გადაყვანა, როგორც ჯანმრთელობისათვის სახიფათო საქმიანობა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას საფუძვლად არ უნდა დადებოდა, ამდენად, სასამართლომ იურიდიულად ვერ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ უნდა შემცირებულიყო საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი მხოლოდ 20-20 ლარით და რატომ არ იზიარებდა მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტებს. ამ მხრივ, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის ფაქტებიც, რომ განქორწინების შემდგომ მოპასუხე და მისი დედა ზრუნავენ ბავშვებზე მატერიალურად, ასევე, იხდიან სხვადასხვა მოსამზადებელი წრეების საფასურს.
1.4.2. სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორ განმარტებაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ კასატორისათვის დაკისრებული თანხის გადახდას იგი ვერ შეძლებს, ამასთანავე, მას თანხა არა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, არამედ სარჩელის აღძვრიდან დაეკისრა. კასატორის განმარტებით, ალიმენტი მოხმარდება არა მისი შვილების, არამედ მოსარჩელის კეთილდღეობას, რადგანაც მის უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს მათ შორის სასამართლო სხდომებზე გამოუცხადებლობა.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), სააპელაციო სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას ემყარება. პალატა განმარტავს, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას კოლიდირებულ ინტერესებს წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით აღიარებული არასრულწლოვნის „საუკეთესო ინტერესები“, რომელიც თავის თავში, მათ შორის არასრუწლოვნისათვის მატერიალური თვალსაზრისით კეთილსაიმედო გარემოს შექმნას მოიცავს და ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური შესაძლებლობები. გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1212-ე მუხლი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, არჩინონ არასრულწლოვანი შვილები. სამოქალაქო ვალდებულება, თავისი შინაარსით, განსხვავდება სამოქალაქო უფლებისაგან, რომლის რეალიზაციაც უფლების მქონე პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ვალდებულება კი, უნდა შესრულდეს და ამისათვის ვალდებულმა პირმა მის ხელთ არსებული ყველა ღონე უნდა იხმაროს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ, მართალია, დაადგინა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კასატორისათვის ფიზიკური შრომა არ არის რეკომენდებული, თუმცა, ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ 50-50 ლარით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს არათუ არასრუწლოვანთა მინიმალურ მოთხოვნილებებს, არამედ, შეუძლებელი იქნება მათი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საჭიროებების უზრუნველყოფა. საკასაციო პალატა, ბუნებრივია, ითვალისწინებს კასატორის რეალურ ფიზიკურ და მატერიალურ მდგომარეობას, ასევე, აანალიზებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო აქტის ფუნქციური დანიშნულება სადავო უფლების რეალური დაცვა და ამ თვალსაზრისით აღსრულებადი გადაწყვეტილების გამოტანაა და თვლის, რომ განსაზღვრული ოდენობით ალიმენტის გადახდა მეტ-ნაკლებად შეესაბამება დასახული მიზნის მიღწევას. საკასაციო პალატა ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში გაჟღერებულ იდეას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს (იხ. მაგ: CASE OF S.L. AND J.L. v. CROATIA, განაცხადი N13712/11, 7 მაისი 2015 წელი, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი) და ამ კონცეფციის, ასევე, მოსარჩელის შემოსავლის გათვალისწინებით (სკ-ის 1197-ე მუხლი) სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1214-ე მუხლებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა, რომლის წინააღმდეგაც, როგორც აღინიშნა, კასატორს დასაბუთებული შედავება არ შემოუთავაზებია საკასაციო სასამართლოსათვის.
1.6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი.
1.7. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგ: იხ. სუსგ №ას-204-191-2014, 20 ოქტომბერი, 2014 წელი), რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჟ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი