საქმე №ას-412-385-2017 13 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ნ. და დ. შ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. და ნ. შ-ები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. და ნ. შ-ებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები, მემკვიდრეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. და დ. შ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები, ნ. შ-ი ასევე წოდებული, როგორც მჩუქებელი, ხოლო დ. შ-ი _ დასაჩუქრებული) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეებს შორის 2013 წლის 26 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.საგარეჯოში, ჯ-ის ქ#11-ში, ს/კ #55.12.53.0..) ჩუქების ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა (რაიონული სასამართლოს 01.09.2015წ. სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა, შესაბამისად, ქონების სადავო ნაწილის მოკუთვნების მოთხოვნა სასამართლოს არ განუხილავს).
1.2. 2002 წლის 18 ივნისს გარდაიცვალა ო. შ-ი (შემდგომში _ მამკვიდრებელი), ნ. შ-ის მამა და მ. შ-ის მეუღლე, რომელსაც საკუთრების უფლებით ერიცხებოდა ქ.საგარეჯოში, ჯ-ის ქ#11-ში მდებარე #ა-1/4 ნაგებობა სრულად და #ა1-ს ნაგებობის ნახევარი, ასევე, 2047 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც დაყოფილია რამდენიმე ნაწილად და სამი მათგანი ეკუთვნოდა მამკვიდრებელს. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო მიიღეს პირველი რიგის ორმა მემკვიდრემ: მ. და ნ. შ-ებმა. საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მხარემ 2012 წლის 26 ნოემბერს მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა რეგისტრაცია იმ საფუძვლით შეჩერდა, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მეზობელი უძრავი ქონების მონაცემებს და იჭრებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი ტექბიუროს ცნობა-დახასიათების თანახმად, 1414 კვ.მ მიწის ნაკვეთი და #ა შენობა-ნაგებობიდან 3/4 ეკუთვნოდა ნ. შ-ს, ხოლო #ა შენობის 1/4 და #ა-1 შენობა _ ო. შ-ს. ვინაიდან ნ.შ-ის სახელზე აღირიცხა მამკვიდრებლის კუთვნილი წილი და ამით დაირღვა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი იქნა აღძრული სასამართლოში. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე (ს/კ #55.12.53.0..) ო. შ-ის წილის ფარგლებში განხორციელებული რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი, ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, ხოლო ნ. შ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე სადავო ქონება ნ. შ-მა აჩუქა საკუთარ შვილს _ დ. შ-ს, რომელიც ესწრებოდა საქმეთა განხილვას, როგორც ნ.ს წარმომადგენელი და მისთვის ცნობილი იყო, როგორც ჩანაწერის უზუსტობის, ისე _ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, შესაბამისად, მხარეთა შორის ჩუქების ხელსეკრულება დადებულია კანონის დარღვევით, რის გამოც არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხებმა სარჩელის უარსაყოფად მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს და განმარტეს, რომ მამკვიდრებელს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ გააჩნდა, ამგვარი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია, 1992-1999 წლებში მიწის რეფორმამდე, უძრავი ქონება ეკუთვნოდა სახელმწიფოს, ამასთანავე, სასამართლოში იხილება ადმინისტრაციული საქმე საჯარო რეესტრის მონაცემებში მამკვიდრებლის საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთრების მონაცემების უსწორობაზე. მოსარჩელეებისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე მოპასუხეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ჯერ კიდევ 90-იან წლებში იყო ცნობილი და ამ საკითხზე არავის, მათ შორის მამკვიდრებელს არ განუცხადებია პრეტენზია. ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მართალია, 1/4 ნაწილში გაბათილდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუმცა, ქონება მოსარჩელეებისათვის სასამართლოს არ მიუკუთვნებია, არამედ, გარემოებების ხელახალი გამოკვლევის გზით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა მარეგისტრირებელ ორგანოს. რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების თვალთმაქცურობას, იგი არასწორია, რადგანაც, მოპასუხე დ.შ-ი მართლაც ჩართული იყო ადმინისტრაციულ დავაში და მისთვის ცნობილია ქონების შესაძლო უფლებრივი ნაკლის არსებობის შესახებ, შესაბამისად, ამ ნაკლის დადასტურების შემთხვევაში, მზადაა, დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. არასწორია მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დ.შ-ის საკუთრების რეგისტრაცია პრობლემას შეუქმნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგანაც ადმინისტრაციულ საქმეზე დასაჩუქრებული ჩართულია მჩუქებლის უფლებამონაცვლედ და მიღებული გადაწყვეტილებაც მიმართული იქნება მის წინააღმდეგ, შესაბამისად, მოსარჩელეებს არ აქვთ დასაბუთებული და ნამდვილი იურიდიული ინტერესი წინამდებარე სარჩელის მიმართ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის 2013 წლის 26 სექტემბერს დადებული სადავო უძრავი ქონების (ს/კ #55.12.53.0..) ჩუქების ხელშეკრულება 1/4 ნაწილში.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, ხოლო სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:
1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.
1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის კვლევას შეეხება. ამ კატეგორიის სარჩელის ნამდვილობის შემოწმებამდე კი, სავალდებულოა შემოწმდეს მისი დასაშვებობის წინაპირობების არსებობა. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:
ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;
ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
1.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ:
1.3.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. შ-ისა და ნ. შ-ის სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 მაისის #882011228751-03 გადაწყვეტილება (საკადასტრო კოდი #55.12.53.0..) იმ ნაწილში, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში (ქ.საგარეჯო ჯ-ის ქუჩა №11 (ყოფილი 5)) გათვალისწინებული მოსარჩელეთა მამკვიდრებლის - ო.ი შ-ის საკუთრება წილობრივი ლიტ. „ა-დან“ 1/4 აღირიცხა ნ. შ-ის სახელზე და დაევალა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.საგარეჯო, ჯ-ის ქუჩა #11 (ყოფილი 5), საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.03.2015 წლის განჩინებით უცვლელად დარჩა წინამდებარე გადაწყვეტილება და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
1.3.2. კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად, 1990 წლის 6 ივნისს გარდაცვლილი თ. შ-ის ქონებაზე თანასწორ წილში მემკვიდრეებად ცნობილები არიან შვილები: 1. შ-ი ნ. დ-ს ასული; 2. შ-ი შ. დ-ს ასული; 3. შ-ი ო. დ-ს ძე; 4. დიღმელაშვილი ა. დ-ს ასული. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს ქ.საგარეჯოში, ჯ-ის ქუჩა N11-ში (ყოფილი №5) მდებარე 69.85 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, განლაგებული 2050 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;
1.3.3. ნ. შ-ი არის ო. შ-ის ანდერძისმიერი (პირველი რიგის) მემკვიდრე სამკვიდრო ქონების ¾ წილზე, ხოლო მ. შ-ი არის ო. შ-ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე სამკვიდრო ქონების ¼ წილზე. სამკვიდრო ქონება არის აგრეთვე მამკვიდრებლის კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ.საგარეჯოში, ჯ-ის #11-ში (ყოფილი 5), (ს/კ #55.12.53.0.. მამკვიდრებელ ო. შ-ზე რიცხული იყო ქონების ¼ წილი ლიტერა ა, ა1-დან);
1.3.4. მ. შ-მა 2012 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.საგარეჯოში, ჯ-ის ქუჩა #11-ში მდებარე ქონებაზე. ვინაიდან საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება, საჯარო რეესტრმა 2012 წლის 30 ნოემბრის #892012116961-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ განმცხადებელს განუმარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
1.3.5. 2013 წლის 26 სექტემბერს ნ. შ-სა და დ. შ-ს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით, ნ. შ-მა თავის შვილს, დ. შ-ის აჩუქა ქ.საგარეჯოში, ჯ-ის ქუჩა #11-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #55.12.53.0..). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 26 სექტემბრის #882013466290 გადაწყვეტილებით ქ.საგარეჯოში, ჯ-ის ქ.#11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა დ. შ-ის საკუთრების უფლება.
1.4. მოხმობილი ფაქტების, ასევე, სარჩელში მითითებული გარემოებების ანალიზის შედეგად უდავოა, რომ მოსარჩელე მხარეს სურს ქონების სადავო ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მასზე სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით რეგლამენტირებულ უფლებათა განკარგვა, აქვე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას, სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან ერთად წარმოადგენდა ქონების მიკუთვნება, თუმცა მხარემ, 2015 წლის 1 სექტემბრის სხდომაზე სარჩელის მიკუთვნებით ნაწილს აღარ დაუჭირა მხარი და ამ გზით შეამცირა მოთხოვნა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მსგავსად ზემოაღნიშნულისა, იმ ვითარებაში, როდესაც სარჩელის საფუძველი საკუთრების უფლების რეგისტრაციას უკავშირდება და მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რეგისტრაციაუნარიან ნივთზე უფლების განხორციელების შეუძლებლობა სხვა პირის უფლების რეგისტრაციითაა განპირობებული, მისი უფლების დაცვის ეფექტიან ზომად მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელის დაკმაყოფილება შეიძლება გვევლინებდეს, რამეთუ მხოლოდ გარიგების ბათილად აღიარება არ წარმოადგენს საკმარის საპროცესო ინსტიტუტს უფლების დასაცავად. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიკუთვნებითი სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების გარეშე (თუკი არ დადგინდა მოსარჩელეთა ნამდვილი უფლება ქონებაზე), მხოლოდ აღიარებითი სარჩელის მიმართ მხარეს არათუ ნამდვილი, ფორმალური იურიდიული ინტერესიც კი არ შეიძლება გააჩნდეს დავის მიმართ.
1.4.1. სააპელაციო პალატამ აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის საკითხის შეფასებისას მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება გამორიცხა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მითითებით, თუმცა მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არა საკუთრების ბედი, არამედ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წინაპირობა დადგინდა და ადმინისტრაციულმა სასამართლომ „საკითხის გადაუწყვეტლად“ დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, მოსარჩელეთა საკუთრების უფლება ყოველგვარი დადასტურებადი აქტის გარეშე კვლავ სადავოს წარმოადგენს, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ამ უფლების მიკუთვნებით სარჩელის ფარგლებში გადაწყვეტის აუცილებლობას არ გამორიცხავს.
1.5. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.
1.6. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. და დ. შ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და მ. და ნ. შ-ების სარჩელი ნ. და დ. შ-ების მიმართ, 2013 წლის 26 სექტემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი