Facebook Twitter

№ას-607-580-2016 31 მარტი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ე.ბ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.მ., თ.მ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ვ–მ“ (შემდეგში: მოსარჩელემ, კომპანიამ ან საზოგადოებამ) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხის, კერძო საჩივრის ავტორის) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 53 540 ლარისა და 12 884 აშშ დოლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.მ–მა (შემდეგში: მოთხოვნის მიმღებმა, ფიზიკურმა პირმა, აპელანტმა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, 2015 წლის 2 თებერვალს, მოსარჩელემ მას დაუთმო თავისი მოთხოვნა მოპასუხის (კომპანიის ყოფილი ბუღალტრის) მიმართ. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის მიმღებმა მოითხოვა საქმეში აპელანტად დაშვება და, როგორც უვადოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ - სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით მოთხოვნის მიმღები ცნობილ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 92-ე მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 199-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა არის მოთხოვნის დათმობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ხოლო მოთხოვნის დათმობა კი - მანამ, სანამ მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს და ვალდებულება არ არის შესრულებული მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის მიმღები უნდა ცნობილიყო მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.

9. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი შეიტანა. კერძო საჩივრის საფუძვლები:

9.1. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსარჩელე საზოგადოებამ, მის მიერ აღძრულ სარჩელზე მოთხოვნა დაუთმო მოთხოვნის მიმღებს. მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა საზოგადოებასა და მის დირექტორს შორის. საზოგადოებაში მოქმედი წესდების მიხედვით, აღნიშნული ქმედება საჭიროებდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას, რომლის მტკიცებულება არ წარმოდგენილა. დათმობის ხელშეკრულება მხოლოდ იმ მიზნით შეადგინეს, რომ სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საფუძველი წარმოშობილიყო, შესაბამისად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, ასევე, ყურადსაღებია სსკ-ის 452-ე მუხლის დათქმა, რომლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. საყურადღებოა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეჩერდა წარმოება მოთხოვნის მიმღების გარდაცვალების გამო, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლის დადგენამდე. ამავე სასამართლოს 2016 წლის 16 იანვრის განჩინებით აპელანტის უფლებმონაცვლეებად სასამართლომ ცნო მ. და თ. მ–ბი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

12. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სადავოსამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის დაშვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით კი, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისაგან ზიანის - 53 540 ლარისა და 12 884 აშშ დოლარის ანაზღაურება (ტომი 1, ს.ფ. 1-16). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 201-212). 2015 წლის 2 თებერვალს მოსარჩელემ მოთხოვნა დაუთმო ფიზიკურ პირს (ტომი 1, ს.ფ. 229). ამ უკანასკნელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანა სააპელაციო საჩივარი და მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობა მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 217-229, ტომი 2, ს.ფ. 3-4).

13. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ უფლებამონაცვლეს დაუთმო თავისი ქონებრივი უფლება, რაც მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით დასაშვებია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის განკარგვის შესაძლებლობა (სსკ-ის მე-7 მუხლი). სამოქალაქო სამართალში, როგორც წესი, დაშვებულია მოთხოვნის დათმობა, აქედან გამონაკლისს განსაზღვრავს სსკ-ის 199-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. დასახელებული ნორმა ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებს და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა შემდეგი: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელისა) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (იხ. სუსგ, საქმეზე #ას-683-654-2016, 16.09.2016წ.).

14. ამდენად, კანონის ზემომითითებული მუხლის მიხედვით, გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია, მოთხოვნის დათმობის დაუშვებლობა გამომდინარეობდეს ვალდებულების არსიდან, კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებიდან ან კანონიდან. იურიდიულ დოქტრინაში დამკვიდრებული მოსაზრების მიხედვით, „მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია, თუ მოთხოვნის დათმობით მისი განხორციელება ახალი კრედიტორის მიერ შინაარსის ცვლილების გარეშე შეუძლებელი იქნება ან მოთხოვნის დათმობა მოვალის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება, მაგალითად, პიროვნული უფლებები. პიროვნული ეწოდება პიროვნებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ უფლებებს, რომლებიც ადამიანის პიროვნების ინდივიდუალობის გამომხატველია. პიროვნულია მოთხოვნა, როდესაც იგი, როგორც ბუნებრივი ქმედება, ახალი კრედიტორის მიმართ ისევე ვერ განხორციელდება, როგორც ძველი კრედიტორის მიმართ, რადგან იცვლება მისი ეკონომიკური არსი ან ვალდებულების იდენტურობა განისაზღვრება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ურთიერთობით. გარდა ამისა, მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია, თუ იგი ეწინააღმდეგება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ შეთანხმებას, და კიდევ, დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება კანონს (იხ. www.gccc.ge/). მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ მუხლში მითითებული არცერთი ასეთი საგამონაკლისო შემთხვევა არ გამოვლენილა. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ მოპასუხეს დაუთმო თავისი ქონებრივი უფლება, ამასთან, მხარეები არ შეთანხმებულან მოთხოვნის დათმობის დაუშვებლობის თაობაზე და მოსარჩელის მიერ უფლებამონაცვლისათვის მოთხოვნის დათმობა არც კანონს არ ეწინააღმდეგება.

15. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, წარმოდგენილი მოთხოვნის დათმობა ბათილია, ვინაიდან საზოგადოების წესდების მიხედვით, ასეთი გარიგების დადება მხოლოდ პარტნიორთა თანხმობით შეიძლებოდა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს. საკასაციო პალატა საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1-9.3 მუხლის თანახმად, დირექტორი წარმოადგენს შპს-ს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, დირექტორი უფლებამოსილია, საწარმოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილებები და წარმოადგინოს იგი მესამე პირებთან ურთიერთობაში. დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით ან საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საწარმოს წესდება დირექტორის უფლებამოსილების რაიმე სახით შეზღუდვას არ ითვალისწინებს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 109-112, 121-127). ამასთან, წესდებით ასეთი შეზღუდვა დაწესებულიც რომ იყოს, ამ საფუძვლით გარიგებას შეიძლება, თავად საწარმო შეედავოს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.4. მუხლი). ეს გასაგებიცაა, ვინაიდან პარტნიორთა წინასწარი თანხმობის გარეშე დადებული გარიგება შეიძლება, მომავალში მოიწონონ კიდეც პარტნიორებმა, რასაც უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან (სსკ-ის 101-ე მუხლი). ამდენად, თუ საწარმო გარიგებას არ ედავება, ივარაუდება, რომ პარტნიორები იწონებენ ამ გარიგებას.

16. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება სსკ-ის 452-ე მუხლზე (ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება), ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმით აღწერილი ვითარება არ ვლინდება. დაუსაბუთებელია სსკ-ის 56-ე მუხლზე მითითებაც, ვინაიდან საჩივრის ავტორი ამ ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად საკმარის გარემოებებს ვერ აღწერს.

17. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტს არ შეუვსია სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი (არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზი არ უნდა დაედგინა, ვინაიდან აპელანტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო უვადოდ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 230), შესაბამისად, მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი