Facebook Twitter

№ას-1183-1144-2016 31 მარტი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი, მოპასუხე) – ე.მ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ბ.მ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – საქმისწარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით:

1.1. ბ.მ–ის (შემდეგში - მოსარჩელის) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.2. ბათილად იქნა ცნობილი ე.მ–სა (შემდეგში - პირველ მოპასუხეს ან განმცხადებელს) და მ.ტ–ს (შემდეგში - მეორე მოპასუხეს) შორის 2011 წლის 1 აგვისტოს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქ.თბილისში, ....ქ.#25-ში მდებარე უძრავი ქონების (შემდეგში: უძრავი ქონების, სადავო საცხოვრებელი სახლის) 1/3 ნაწილში;

1.3. ბათილად იქნა ცნობილი ამავე უძრავ ქონებაზე მეორე მოპასუხესა და თ.ტ–ს (შემდეგში - მესამე მოპასუხეს) შორის 2011 წლის 8 აგვისტოს დადებული ჩუქების ხელშეკრულება;

1.4. მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.

2. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. მითითებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა პირველმა მოპასუხემ. მისი განმარტებით, 2014 წლის 3 დეკემბერს მეორე მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოსარჩელისა და მესამე მოპასუხის მიმართ და მოითხოვა სადავო უძრავი ქონებიდან 123კვ.მ ფართის (მთლიანი სახლთმფლობელობის 27/50 ნაწილის) მეუღლეთა (მისი და პირველი მოპასუხის ) თანასაკუთრებად აღიარება. ამ საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებიდან და თავად მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებიდან გამოირკვა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი მოსარჩელემ ააშენა, მაშინ, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განხილულ საქმეზე მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ სახლი მამამისის აშენებული იყო და იგი პრეტენზიას, როგორც მემკვიდრე, ისე აცხადებდა. ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომელიც საქმისწარმოების დროს მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქმეზე წარმოების განახლების საფუძველია.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლომ, საქმისწარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებლის მიერ დასახელებული არგუმენტი (იხ: წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ სხვა სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში მხარის პოზიცია არ შეიძლება ისეთ ახალ გარემოებად ან მტკიცებულებად მივიჩნიოთ, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) კონტექსტში, სხვა საქმის განხილვისას მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. აქვე სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე დადგინდა, თუ რა ქონება შედიოდა განმცხადებლის მამის - ა.მ–ის სამკვიდრო მასაში. აქედან გამომდინარე, სასამართლო, შესაბამისი მტკიცებულების გარეშე, ვერ გაიზიარებდა მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ უძრავი ქონებიდან 123კვ.მ ფართი (რაც მთლიანი სახლთმფლობელობის 27/50 ნაწილს შეადგენდა) მოსარჩელის საკუთრება იყო. უფრო მეტიც, ეს მოსაზრება სასამართლოს რომც გაეზიარებინა, ამით მოსარჩელის სასარგებლოდ მამის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება შემცირდებოდა და განმცხადებელი მამის ქონებიდან მისი იდეალური წილის შესაბამისად (1/3) უფრო ნაკლებ ქონებას მიიღებდა.

5. ზემოხსენებული განჩინება პირველმა მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივარი ეფუძნება იმავე გარემოებებს, რასაც საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი). ამასთან, საჩივრის ავტორი დამატებით განმარტავს, რომ მის მიერ მითითებული ახალი გარემოება ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოვიდოდა, რადგან მთლიანი სახლთმფლობელობა მას დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასჩივრებული განჩინება.

7. განმცხადებელი (პირველი მოპასუხე) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლებას მოითხოვს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით. ამ მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

8. ზემოხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების საფუძველი შეიძლება, გახდეს არა ყოველგვარი, არამედ მხოლოდ ისეთი ახალი გარემოება და ახალი მტკიცებულება, რომელიც ადრე რომ წარდგენილიყო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა დაინტერესებული მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, საქმისწარმოების განახლების მსურველმა მხარემ, პირველ რიგში, სწორედ ის უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ მოპოვებული ახალი გარემოება და ახალი მტკიცებულება მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მომტანი იქნებოდა თავის დროზე რომ წარედგინა სასამართლოში.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული გარემოება ადრეც რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მაინც ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. უფრო მეტიც, საქმის ბედი ვერც იმ შემთხვევაში ვერ გადაწყდებოდა განმცხადებლის სასარგებლოდ, მამის სამკვიდროში შემავალ მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობა მას თავად რომ დაესრულებინა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი - 450 კვ.მ და მასზე განლაგებული უპროექტო სახლი მამკვიდრებლის საკუთრება იყო. ეს უკანასკნელი 1975 წლის 5 ივლისს გარდაიცვალა და სწორედ ამ დროს გაიხსნა სამკვიდროც (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის - სსსკ-ის (1964 წლის რედაქცია) 540-ე მუხლი). ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ისიც, რომ ორივე მემკვიდრე, მამის გარდაცვალებამდეც და შემდეგშიც, ამ სახლში ცხოვრობდა, შესაბამისად, მათ ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მამის სამკვიდრო და ამ ქონების თანამესაკუთრეებიც გახდნენ (სსსკ-ის 556-ე მუხლი). სამკვიდროს მიღების შემდეგ, რომელიმე მემკვიდრის მიერ თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაუმჯობესება ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ მემკვიდრეობა ორივემ კანონით დადგენილი წესით მიიღო. გაწეული დანახარჯების თაობაზე პრეტენზიები მემკვიდრეებმა შეიძლება, ერთმანეთს წაუყენონ საერთო საკუთრების ან კონდიქციის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მემკვიდრის (მოსარჩელის) მიერ იმ ფაქტის აღიარება, რომ სახლი მან ააშენა, არ არის ისეთი ახალი გარემოება, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მეორე მემკვიდრისათვის (განმცხადებლისათვის) ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი