№ას-1251-1171-2017 30 ნოემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – მ.ი.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.გ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ი–ის (შემდეგში: მოპასუხის, კერძო საჩივრის ავტორის) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, სოფელ .... მდებარე 267კვ.მ ფართობიდან #1 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართით 104კვ.მ) გამოთხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
4. ზემომითითებულ განჩინებაზე და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტები:
6.1. მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 6 ივნისს დანიშნული სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ;
6.2. აღნიშნულ დღეს მოპასუხემ სასამართლოში სხდომის გადადების თაობაზე განცხადება წარმოადგინა, სადაც განმარტა, რომ მისი შვილის მძიმე ავადმყოფობის გამო სხდომაზე გამოცხადებას ვერ ახერხებდა, რადგან ეს უკანასკნელი კვლავ იმყოფებოდა შპს „ფ.ჯ–სა და ნ.პ.ც–ში“, რეზიდუალური შიზოფრენიის დიაგნოზით და მოპასუხის მხრიდან მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებდა.
7. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, სადაც პირდაპირ იქნებოდა მითითებული, რომ მისი შვილი კვლავ იმყოფებოდა შპს „ფ.ჯ.–სა და ნ.პ.ც–ში“ და დედის მხრიდან მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებდა. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც მიაქცია, რომ მანამდე, მოპასუხის მიზეზით, სასამართლო სხდომა ორჯერ გადაიდო. ამდენად, ვინაიდან მოპასუხე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას თავად ვერ ახერხებდა, მას საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ საქმის განხილვაში წარმომადგენლის მეშვეობით მიეღო მონაწილეობა ან იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარედგინა, რომ მისი შვილი კვლავ იმყოფებოდა შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ში“ და საჭიროებდა მისი მხრიდან მუდმივ მეთვალყურეობას. ამის საპირისპიროდ, საქმეში არსებობდა მტკიცებუკლება, საიდანაც ირკვეოდა, რომ პაციენტს დედა ყოველდღე აკითხავდა. სასამართლომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 372-ე, 387.5 მუხლებით, 233.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 70.1, 73.1, 215.3 მუხლებით.
8. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საჩივარი წარადგინა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით საჩივარი განუხილველად დარჩა იმ მიზეზით, რომ მოპასუხემ იგი კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეიტანა.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ კანონით დადგენილ ვადაში საჩივარი ფოსტას ჩააბარა, რაც სსსკ-ის 61.2 და 61.3 მუხლების თანახმად, გულისხმობს საჩივრის დროულად ჩაბარებას.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ საჩივარი ამავე სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა ერთი დღის დაგვიანებით, 2017 წლის 25 ივლისს.
14. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მითითებული საფუძვლით საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ მან საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში ჩააბარა ფოსტას. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა საფოსტო ქვითრის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის სახელით გაგზავნილი კორესპონდენცია 2017 წლის 24 ივლისს საფოსტო ორგანიზაცია „TNT-ს“ ჩააბარა მ.ლ–ემ (იხ. ს.ფ. 233-234). საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მანამდე მოპასუხემ სწორედ დასახელებული პირის მეშვეობით ჩააბარა ფოსტას სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით გაგზავნილი დოკუმენტაცია (იხ. ს.ფ. 141). საყურადღებოა ისიც, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შედგენილია 24.07.2017 წელს (იხ. ს.ფ. 220-221).
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომლის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეუტანლობა, რაც მის განუხილველად დატოვებას იწვევს. იმისათვის, რომ მხარემ გასაჩივრების უფლება არ დაკარგოს, სასამართლო ვალდებულია, ყურადღებით შეისწავლოს ყველა მტკიცებულება, რომლითაც საჩივრის ვადაში შეტანა შეიძლება დასტურდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ ისინი საკმარისია ვარაუდისათვის, რომ 2017 წლის 24 ივლისს საფოსტო ორგანიზაცია „TNT-ს“ სწორედ მოპასუხის საჩივარი ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
16. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
17. მითითებული ნორმის მიხედვით, თუ საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, მაშინ იგი ვადაში შეტანილად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2017 წლის 24 ივლისი. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებით ირკვევა, რომ მოპასუხემ საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 24 ივლისს, ანუ ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, შესაბამისად, საჩივარი ვადაში შეტანილად ითვლება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა, რაც სსსკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ი–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინება და საქმე, მ.ი–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი