№ას-1306-1226-2017 30 იანვარი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სს „თ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.გ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 1994 წლის 27 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #155 აქტის საფუძველზე დადგენილია, რომ თ.გ–ძეს (შემდეგში - მოსარჩელე) მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ....., ს/კ .... (შემდეგში - უძრავი ქონება).
2. მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია 2007 წლის 19 ივლისიდან.
3. 10კვ-იანი ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი „ქ/ს გლდანი 220“ ფ.1.ფ.23-9090 (შემდეგში - ელექტროგადამცემი ხაზი) სს „თ.ს“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) საკუთრებაა.
4. მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
5. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო 2006 წლის 27 მარტს და ექსპლოატაციაში შევიდა 2007 წლის 9 მარტს. ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის მომზადება და შემდგომ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები სრულდებოდა ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ნებართვის საფუძველზე.
6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საშუალო საბაზრო ღირებულება, 2007-2015 წლის მონაცემებით, შეადგენს თვეში 48 აშშ დოლარს, რაც ჯამში (104 თვე) 4992 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია.
7. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ და მოითხოვა:
7.1. საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა, კუთვნილი უძრავი ქონების გამოთავისუფლება და გადაცემა;
7.2. მოპასუხისათვის 4992 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის - 11 930.88 ლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე 1994 წლიდან არის უძრავი ქონების მესაკუთრე, მფლობელი და მოსარგებლე, ხოლო 2007 წლის 19 ივლისიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. უძრავ ქონებას 2007 წლის 9 მარტიდან კვეთს მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი, რაც ხელს უშლის მესაკუთრეს საკუთარი ქონებით სარგებლობაში და ამით მას ადგება ქონებრივი ზიანი. ელექტროგადამცემი ხაზის დამონტაჟებასთან დაკავშირებული ნებართვები არქივისა და მერიის მონაცემთა ერთიან ბაზაში არ იძებნება. მოპასუხე უსასყიდლოდ სარგებლობს სხვისი საკუთრებით, რითაც უსაფუძვლოდ მდიდრდება.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში აღნიშნა, რომ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის მომზადებისა და მშენებლობის პერიოდში სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს საკუთრებაში არ ჰქონდა დარეგისტრირებული. მოსარჩელემ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ამასთან, სამშენებლო სამუშაოები სრულდებოდა ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის ზედამხედველობით. აქედან გამომდინარე, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის მოპასუხეს არ სჭირდებოდა მოსარჩელის თანხმობა, შესაბამისად, იგი არ იყო ვალდებული, გაეთავისუფლებინა მოსარჩელის მიწის ნაკვეთი. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილების თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზი დაინტერესებულმა პირმა თავისი ხარჯით უნდა გადაიტანოს. მოპასუხის მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილშიც.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 8.3, 170.1 და 172.2 მუხლებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ იგი ვერ სარგებლობს აღნიშნული ნივთით მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების გამო და, მეორე მხრივ, ის, რომ მან მიმართა მოპასუხეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის #964-ე ბრძანებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს უძრავი ნივთით სარგებლობისას მოსარჩელისათვის უკანონოდ ხელი არ შეუშლია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელის უძრავ ქონებას კვეთს მოპასუხის საკუთრებაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, სასამართლომ შეაფასა სადავო ნივთზე მოსარჩელის უფლების კანონიერ შეზღუდვად და არა უკანონო ხელშეშლად. სასამართლომ მიუთითა ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზეც და განმარტა, რომ ამ ნორმის თანახმად, ელექტროგადამცემ ხაზს დაინტერესებული პირის ხარჯით გადაიტანს ხაზის მფლობელი კანონით დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
12. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მეორე მოთხოვნაც, კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმატიული აქტები - საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის 964-ე ბრძანებულება და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის 366-ე დადგენილება - ადგენს ხაზოვანი ნაგებობების ექსპლუატაციის სპეციალურ ნორმებს, რომლებიც არ შეიცავს რაიმე დათქმას, ხაზოვანი ნაგებობის კერძო პირის მიწის ნაკვეთზე გავლის შემთხვევაში, ამ უკანასკნელისათვის საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სახელშეკრულებო ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობას, მხარეებს შორის ასეთი ურთიერთობა არ არსებობდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ 2007-2015 წლებში არამართლზომიერი ქმედებით მიყენებული ზიანის ყოველთვიურად 48 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
13.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ელექტროგადამცემი ხაზების პროექტი დამტკიცებული იყო, რადგან საქმეზე არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება პროექტის მერიის არქიტექტურის სამსახურთან ან რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან შეთანხმების ფაქტი, ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის მომზადება და შემდეგ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები სრულდებოდა ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ნებართვის საფუძველზე, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ამგვარი ნებართვები არქივსა და მერიის მონაცემთა ბაზებში არ მოიძებნა;
13.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ხელშეშლის ფაქტად არ შეაფასა ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, ელექტროგადამცემი ხაზის განთავსების გამო, 30%-ით ნაკლებია ჩვეულებრივ საბაზრო ღირებულებაზე.
13.3. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს არ ევალება საჰაერო ხაზების გადატანის ხარჯების გადახდა;
13.4. სასამართლო გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ მაღალი ძაბვის ანძა, რომელზედაც გადის 10 კვ-იანი საჰაერო ხაზი, მდებარეობს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე, მაშინ, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექპერტიზის დასკვნითა და ფოტოსურათებით ეს დგინდება;
13.5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 172-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის #964-ე დადგენილებასთან მიმართებით, არ გამოიყენა ამავე კოდექსის 976-ე და 982-ე მუხლები და არასწორად განმარტა სსკ-ის 115-ე მუხლი.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების პირველი და მესამე პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 1 454.40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
14.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი დარჩა უცვლელად.
15. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება (ისიც არაერთხელ შეცვლილი) იმის შესახებ, რომ ანძაც მის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, არ წარმოადგენს სამართლებრივად სანდო მტკიცებულებას, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა აპელანტის მიერ მითითებული სადავო ფაქტის დადგენას.
16. პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან გადატანის შესახებ უსაფუძვლო იყო, რადგან საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა 2007 წლის 19 ივლისს, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო 2006 წლის 27 მარტს და ექსპლუატაციაში შევიდა 2007 წლის 9 მარტს. ამრიგად, მოპასუხემ ელექტროხაზები არა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაიყვანა. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელე გახდა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზედაც უკვე გადიოდა მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი. პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ საკუთრებაში მიიღო ამგვარი მიწის ნაკვეთი, ელექტროსადენების გადატანის ვალდებულება მოპასუხეს თავისივე ხარჯებით არ ეკისრებოდა. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის 964-ე ბრძანებულების თანახმად, მოპასუხეს თავისი ხარჯით არ აქვს ელექტროსადენების გადატანის ვალდებულება. პალატამ განმარტა, რომ მოპასუხემ გაწია ხარჯები მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზების განთავსებისას, შესაბამისად, მესაკუთრის შეცვლის, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში ამ ნაკვეთის გადასვლის შემთხვევაში, მოპასუხე არ არის ვალდებული, მიიღოს ახალი მესაკუთრისაგან ნებართვა ან, მისი მოთხოვნისამებრ, საკუთარი ხარჯებით გადაიტანოს ელექტროხაზები სხვა ადგილას. ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, მათი გადატანა შესაძლებელია მიწის მესაკუთრის ხარჯებით, თუკი ტექნიკურად შესაძლებელია.
17. პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მესაკუთრის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, საჰაერო ხაზების განთავსების გამო, 30 პროცენტით ნაკლები იყო ჩვეულებრივ საბაზრო ღირებულებაზე. პალატამ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა თანხის ანაზღაურება მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, ელექტროხაზები გადის მიწის ნაკვეთის ნაწილზე, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მთლიანად 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა, არამედ მისი მხოლოდ 30 პროცენტი, რომელიც 450 კვ.მ-ს შეადგენს. ვინაიდან 450 კვ. მიწის ქირის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით თვეში 14.40 აშშ დოლარია, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1454.40 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა (14.50X101). სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან უძრავი ქონების არამართლზომიერი ჩარევის შედეგად მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 982-ე და 408.1 მუხლებიდან გამომდინარეობს. იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი მიწით სარგებლობას, სადავო შემთხვევაზე უნდა გავავრცელოთ ხელყოფის კონდიქციის სსსკ-ის 982-ე მუხლის სპეციალური წესი. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ - გამდიდრების გათანაბრებას. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ზემომითითებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება, გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც დგინდება მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, „მიღებულ სარგებელს“ წარმოადგენს მიწის ნაკვეთით სარგებლობა, რაც, პალატის მოსაზრებით, შესაძლებელია გამდიდრების გათანაბრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დანაწესების გამოყენებით.
18. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
19. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
19.1 უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის უნდა ვლინდებოდეს სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის პირობები სსკ-ის 982.1 მუხლის თანახმად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა მოგვიანებით, როცა მოპასუხეს ელექტროხაზი უკვე გაყვანილი ჰქონდა, შესაბამისად, მოსარჩელის თანხმობა საჭირო ვერ იქნებოდა. მოპასუხემ ელექტროგადამცემი ხაზი გაატარა არა ფიზიკური პირის, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მანამ, სანამ ამ ქონების მესაკუთრე გახდებოდა პიზიკური პირი - მოსარჩელე. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სამოქალაქო პალატა, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ელექტროგადამცემი ხაზის დამონტაჟებისას მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფო საკუთრება და მოპასუხემ სამუშაო კანონის სრული დაცვით შეასრულა, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ ელექტროგადამცემი ხაზის არსებობით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ეს არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტი, რომელსაც სამოქალაქო პალატა იყენებს საკუთარი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად, თუ სასამართლო ამბობს, რომ კანონიერად იზღუდება მოსარჩელის საკუთრება, მაშინ რატომ გამოაქვს ასეთი გადაწყვეტილება. ამდენად, სამოქალაქო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 982-ე მუხლი და უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
24. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
25. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 982-ე მუხლის არასწორად გამოყენების თაობაზე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელი წინაპირობები შესრულებული არ არის, მაგრამ ეს გარემოება არ გამორიცხავს გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ანუ მოპასუხე მოსარჩელის მიწის ნაკვეთს იყენებს ამ ნაკვეთზე გატარებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით საკუთარი აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად. ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს), რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, კანონის ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ (სსკ-ის 5.1 მუხლი). ამ ნორმის მიზანია, მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, ნორმა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არა აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ამგვარად ვერ უკავშირდება საჯარო გზებს, მოიპოვებს მეზობელი ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა მის მიწის ნაკვეთზე მოპასუხის კუთვნილი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების გატარების თმენის ვალდებულება. მოსარჩელის ასეთი ვალდებულება, მართალია, ზემოხსენებული კანონიდან გამომდინარეობს, მაგრამ იგივე კანონი მოპასუხესაც აკისრებს გარკვეულ ვალდებულებას, კერძოდ, ეს უკანასკნელი ვალდებულია, შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს მოსარჩელეს (შდრ.: იხ. სუსგ, საქმე #ას-803-762-2013, 10.10.2014, #ას-516-493-2016, 23.09.2016). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაციის ოდენობაზე კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, ამიტომ ეს გარემოებაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი საფუძველი აქვს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ, საქმე #ას-803-762-2013, 10.10.2014, #ას-516-493-2016, 23.09.2016).
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
30. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „თ–სს“ (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (180.37 ლარი, საგადახდო დავალება #66274, გადახდის თარიღი 25.09.2017; 119.63 ლარი, საგადახდო დავალება #67662, გადახდის თარიღი 01.11.2017) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი