№ას-1363-1283-2017 30 იანვარი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ზ.გ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „მ.ლ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „მ.ლ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სასამართლოში სარჩელი აღძრა ზ.გ–ს (შემდეგში: მოპასუხის, აპელანტის ან კერძო საჩივრის ავტორის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მისთვის გადაცემა.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, გამოთავისუფლდა და მოსარჩელეს დაუბრუნდა, მოპასუხესვე აეკრძალა მოსარჩელისათვის საკუთრების ხელშეშლა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების ჩაბარებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 2591 მუხლით (თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია) დადგენილი 30-დღიანი ვადა გავიდა 2017 წლის 24 აგვისტოს, ხოლო აპელანტმა ამ გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს მიმართა 2017 წლის 29 სექტემბერს და ამავე დღეს ჩაიბარა იგი. ამდენად, ზემომითითებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, კანონის დასახელებული მუხლის მიხედვით, დაიწყო 2017 წლის 25 აგვისტოს - მისი ჩაბარებისათვის დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის მეორე დღიდან და ამოიწურა 2017 წლის 7 სექტემბერს. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში შეიტანა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - 2017 წლის 13 ოქტომბერს.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 369.1 და 374.1 მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან მოპასუხემ იგი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
7. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი შეიტანა. კერძო საჩივრის საფუძველი:
7.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 20 დღის გასვლის შემდეგ მოპასუხე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაუკავშირდა სასამართლოს კანცელარიას. კანცელარიაში მას განუმარტეს, რომ მოსამართლე და მისი თანაშემწე შვებულებაში იმყოფებოდნენ და თავად ვერაფრით დაეხმარებოდნენ. ამის შემდეგ, მოპასუხე რამდენჯერმე მივიდა სასამართლოში, სადაც მოსამართლის თანაშემწისგან იგებდა, რომ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მზად არ იყო. ერთ-ერთი მომდევნო ვიზიტის დროს - 2017 წლის სექტემბერში, მოსამართლის თანაშემწემ მოპასუხეს მოახსენა, რომ გადაწყვეტილება მზად იყო, შეეძლო იგი მოეთხოვა და ჩაებარებინა. საპასუხოდ, აპელანტმა შესაბამისი განცხადება დაწერა და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის სხდომას (რომელზეც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა) ესწრებოდა მოპასუხე (იხ. ს.ფ. 60). ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ფარგლებში, მოპასუხე გამოცხადდა სასამართლოში და მოითხოვა ამ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. ასეთი განცხადებით მოპასუხემ სასამართლოს კანონით დადგენილი 30 დღის გასვლის შემდეგ - 2017 წლის 29 სექტემბერს მიმართა.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, კერძოდ, 2017 წლის 25 აგვისტოდან და ამოიწურა ამავე წლის 7 სექტემბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი მარნეულის ფოსტაში წარადგინა 2017 წლის 12 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან, სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მის მიერ მიღების შეუძლებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიმართვისა და სასამართლოს ბრალით მისი მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება, დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.). ამდენად, საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს და ვერ შეძლო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღება.
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.გ–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ე.გასიტაშვილი