Facebook Twitter

საქმე №ას-1055-975-2017 8 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ს-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სანოტარო აქტის (საკუთრების მოწმობის) ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ნ. ს-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. ს-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს ც. ბ-ის მიერ 2004 წლის 21 იანვარს მოპასუხის სახელზე კანონდარღვევით გაცემული საკუთრების მოწმობის (ფიქტიური რეგისტრაციის სახით დარჩენილი 22.42 კვ.მ-ის ნაწილში) ნაწილობრივ ბათილად ცნობა ბინაზე მდებარე ქ.თბილისში, ფ-ის ქ#...-ში, პირველ სართულზე.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე და ი. ე-ე არიან ფ-ის ქ#...-ში, პირველ სართულზე მდებარე კოოპერატივ „ბ-ის“ ბინის მეპაიე წევრების მემკვიდრეები. ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე 54 კვ. მეტრიდან 17.50 კვ.მ რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, ხოლო 36.50 კვ.მ _ ი. ე-ის კუთვნილ ფართს წარმოადგენს. აღნიშნული 54 კვ. მეტრი მოპასუხეს უკავია სარგებლობის უფლებით, რომელზეც იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი არასოდეს ყოფილა „ბ-ის“ წევრი, გაუბათილდა კანონდარღვევით გაცემული საკუთრების მოწმობა მთლიან 54 კვ. მეტრზე. ფიქტიური რეგისტრაციით მოპასუხეს დარჩა უფლება ბინაში არარსებულ 22.43 კვ.მ ფართზე, რომლის ბათილობაც მას იმ საფუძვლით არ სურს, რომ შესაძლოა, გაასხვისოს ეს ფართი და შემძენი შეიყვანოს შეცდომაში. ეს გარემოება კი, წარმოშობს მესაკუთრის ქონების ხელყოფის საფრთხეს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და დამატებით განმარტა, რომ სადავო მოსამართზე მდებარე 17,50 კვ.მ #... ბინა მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 4 იანვრის განკარგულებით და მის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ზემოხსენებულ ნაწილში ბათილად გამოცხადდა მოპასუხის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა. მოსარჩელე წლების განმავლობაში, მათ შორის, სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მისთვის გადაცემული ფართი იყო იზოლირებული და გარდა მოთხოვნილისა, სხვა ფართი არ ეკუთვნოდა, გარდა ამისა, გაურკვეველია, რა შედეგის მიღწევა სურს მოსარჩელეს, რადგანაც სადავო ნაწილში საკუთრების მოწმობის გაბათილების შემთხვევაში, ის ვერ გახდება ამ ქონების მესაკუთრე. გარდა ამისა, თუკი გაზიარებულ იქნება მისი პოზიცია, რომ სადავო ფართი არ არსებობს (რასაც გამორიცხავს ექსპერტიზის დასკვნა), ხოლო მოსარჩელეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გააჩნია 17,50 კვ.მ იზოლირებული ფართი, მასზე გავლენას ვერ მოახდენს ვერც მოპასუხის სხვა ფართის მესაკუთრეობა და ვერც მის სახელზე არარსებული ფართის რეგისტრაცია, ამდენად, გასაჩივრებული საკუთრების მოწმობა არ ხელყოფს მის უფლებებს და მხარეს მოთხოვნის მიმართ არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი. მოპასუხის უფლება ქონებაზე დადასტურებულია თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის 1971 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით, ამასთანავე, მოპასუხის ოჯახი ქონებას მართლზომიერად ფლობს 1965 წლიდან. გარდა ამისა, მოპასუხის მოსაზრებით, განსახილველი სარჩელი ხანდაზმულია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც. ბ-ის მიერ 2004 წლის 21 იანვრის კანონდარღვევით გაცემული სანოტარო აქტი (რეგისტრაციის #...) საკუთრების მოწმობა ხ. ს-ის სახელზე, ფიქტიური რეგისტრაციის სახით დარჩენილი 22.42 კვ. მეტრის ნაწილში, ბინაში მდებარე ქ.თბილისში, ფ-ის ქ#...-ში, პირველ სართულზე (მის მიერ დაკავებული ბინის რეალურ 54 კვ. მეტრზე გაუბათილდა საკუთრების მოწმობა).

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელე ქ.თბილისში, ფ-ის ქ#...-ში, პირველ სართულზე მდებარე #5 ბინაში მდებარე 17.50 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრეა და მას სხვა ფართის კუთვნილებაზე პრეტენზია არ აქვს;

1.2.2. სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა წარმოადგენს ფიქტიური რეგისტრაციის სახით დარჩენილი 22.43 კვ. მეტრის ნაწილში (ბინაზე, მდებარე ქ.თბილისში, ფ-ის ქ#...-ში, პირველ სართულზე). მოცემული მდგომარეობით მიკუთვნებითი მოთხოვნა აღძრული არ არის;

1.2.3. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი 17.50 კვ.მ უძრავი ნივთით სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ნ. ს-ს, უძრავი ქონებით (მდებარე ქ.თბილისში, ფ-ის #...-ში) სარგებლობის უფლების შეწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით ხ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13 660.6 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა, სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებებით დადგინდა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება დღემდე არ არის აღსრულებული.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სადავო ფართი ფაქტობრივად არ არსებობს და არარსებული უფლების რეგისტრაცია დაუშვებელია. თავდაპირველად, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ უკანონოდ დაირეგისტრირა ფართი, იგი იყო დაუზუსტებელი, ამჟამად, დაზუსტებული მონაცემებით დგინდება ფართის არარსებობა;

1.4.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რადგანაც მოსარჩელის იურიდიული ინტერესი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლების დაცვაა. მოსარჩელე ვერ აღძრავდა მიკუთვნებით სარჩელს, ვინაიდან სადავო ფართი არ არსებობს. ამ შემთხვევაში სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მხარის ნამდვილი ინტერესი, რადგან სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებით დაირღვევა კასატორის, როგორც მესაკუთრის უფლება, უძრავ ქონებაში მოსარგებლის სტატუსით მცხოვრები პირის მიერ;

1.4.3. გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის #519 დადგენილებისა და სანოტარო მოქმედებათა შესრულების ინსტრუქციის დარღვევით, რადგანაც სადავო ქნებაში არ შეიძლება არამეპაიე წევრს გააჩნდეს საკუთრება;

1.4.4. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის არსი დანაშაულებრივია, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაა დადგენილი მის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილობა. ამ მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მასთან ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არსი იყო არარსებულ ფართზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება, რათა მოპასუხემ შეძლოს მისი გასხვისება შემძენის შეცდომაში შეყვანის გზით და დაარღვიოს კასატორის უფლებები მის საკუთრებაში არსებულ 17,50 კვ.მ ბინასა და კიბის უჯრედზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება, გარდა ამისა, მოპასუხის ფარული მიზანი სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლაა;

1.4.5. სარჩელის აღძვრის ნამდვილ ინტერესს წარმოადგენდა არა მოსარჩელის ქონების გაზრდა, არამედ, მისი შენარჩუნება და დაცვა.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარე მხოლოდ აღიარებითი სარჩელით შემოიფარგლება და ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკუთარ იურიდიულ ინტერესს უკავშირებს რეგისტრირებული საკუთრების დაცვას სამომავლო ხელყოფისაგან, პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს ეკისრება უფლების დარღვევის იმ რეალური საფრთხის არსებობის დამტკიცება, რომლის დაცვაც მხოლოდ სასამართლო წესით შეიძლება იყოს აღკვეთილი. აღიარებითი სარჩელის პრევენციული ბუნებიდან გამომდინარე, მისი წარმატებულობა განპირობებულია მხოლოდ ამ ინტერესის ნამდვილობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი არ დადგინდა უფლების დარღვევის წინაპირობების არსებობა, სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. კასატორი, ერთი მხრივ ადასტურებს სადავო ფართის არარსებობას, ხოლო, მეორე მხრივ, განმარტავს, რომ შესაძლოა, მისი ქონებრივი უფლებები დაირღვეს, რაც აბსტრაქტული შედავებაა. ამ მხრივ მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრაციაუნარიანი უფლებაა და ნივთთან პირის სამართლებრივი კავშირი აისახება საჯარო რეესტრის მონაცემებში (სკ-ის 311-ე მუხლი), თავის მხრივ, ამ მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია (სკ-ის 312-ე მუხლი). საკასაციო პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ ნასყიდობის საგანი მხოლოდ ის უძრავი ნივთი შეიძლება იყოს, რომელზე უფლებაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მისი მონაცემებით დგინდება პირის საკუთრება, შესაბამისად, რეგისტრაციას დაუქვემდებარებელი კიბის უჯრედი არ შეიძლება, ცალკე გარიგების საგანს წარმოადგენდეს და ამ მხრივ მოპასუხემ მოსარჩელეს დაურღვიოს უფლებები. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მოსარჩელეს მართლაც არ გააჩნია დავის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი, შესაბამისად, ის საკითხი, არარსებულ ქონებაზე მოპასუხის საკუთრება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა თუ არა რეგისტრირებული, სასამართლოს მხრიდან შემოწმებას აღარ ექვემდებარება.

1.7. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც აღიარებითი სარჩელის მიმართ პირის იურიდიული ინტერესის ნამდვილობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია 31.08.2017წ. განცხადება, რომელსაც ერთვის ფულის დეპოზიტში მიღების ოქმი 1 (ერთი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 77), ასევე, წარმოდგენილია 30.10.2017წ. #ა-4482-17 განცხადება, რომელზეც დართულია ხ.ს-ის შესაგებლის, საჯარო რეესტრის ამონაწერისა და სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.05.2012წ. დასკვნის ასლი 16 (თექვსმეტი) ფურცლად.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მითითებული მტკიცებულებების საქმისათვის დართვის საფუძველი, შესაბამისად, მის წარმომდგენს უნდა დაუბრუნდეს ისინი.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 03.08.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. ს-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 03.08.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. ნ.ს-ს ასევე დაუბრუნდეს 31.08.2017წ. განცხადებაზე დართული ფულის დეპოზიტში მიღების ოქმი 1 (ერთი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 77), ასევე 30.10.2017წ. #ა-4482-17 განცხადებაზე დართული ხ.ს-ის შესაგებლის, საჯარო რეესტრის ამონაწერისა და სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.05.2012წ. დასკვნის ასლი 16 (თექვსმეტი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი