საქმე №ას-146-146-2018 28 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
კასატორი _ შპს „მ-ა“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „გ-ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ კ. ყ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „გ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ის“ მიმართ მომსახურების ღირებულების _ 2 042 232 ლარის, ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს _ 2 793 671,89 ლარისა და 2017 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2 042 232 ლარის 0,1%-ის ყოველდღიურად დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 7 ივნისს მხარეებს შორის ორი წლის ვადით დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ მოპასუხე (დამკვეთი) აგრძელებდა დაკვეთებს მოსარჩელის მიმართ და სამუშაოებიც სრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. 2014 წლის მარტში მხარეთა შორის შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოპასუხის მხრიდან. შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიურად დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, მათ შორის, იმ პერიოდზეც, როცა ხელშეკრულებას ვადა ჰქონდა გასული, მაგრამ ფაქტობრივად გრძელდებოდა ურთიერთობა. მოპასუხემ რამდენიმე მიღება-ჩაბარების აქტს ხელი არ მოაწერა, ასევე, არ დაადასტურა წარდგენილი ანგარიშფაქტურები, თუმცა, რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოსა და თანხის ოდენობაზე არასოდეს გამოუთქვამს, შესაბამისად, ეს სამუშაოები ითვლება ჩაბარებულად. მოსარჩელემ სულ შეასრულა 3 375 464,16 ლარის სამუშაო, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს 1 333 232,02 ლარი დავალიანება კი შეადგენს 2 042 232,14 ლარს. ეს თანხა, მიუხედავად არაერთი წერილობითი და ზეპირი მოთხოვნისა, არ გადაუხდია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით. მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და განმარტა, რომ მას არ გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ. მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტს. გარდა ამისა, ის არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ხელშეკრულების ზემოთ მომსახურების გაწევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, შეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე არ არსებობს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 042 232 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „გ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „მ-ას“ შპს „გ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 752 858.67 ლარის ანაზღაურება.
6. კასატორის მოთხოვნა:
6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფიოლებაზე უარის თქმა.
6.2. მოგვიანებით სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები, თვლის, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და დასაკმაყოფილებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლოს მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება. მორიგების პირობების კანონიერების შემოწმების მიზნით 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით დაინიშნა სასამართლო სხდომა 2018 წლის 28 თებერვალს, სადაც მხარეებმა საბოლოოდ დააზუსტეს მორიგების პირობები და მხარი დაუჭირეს მის შემდგომი სახით დამტკიცებას:
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ა“ (ს/კ ...) გადაუხდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ-ს“ (ს/კ ...) 800 000 (რვაასი ათასი) ლარს შემდეგი გრაფიკით, ოთხ ტრანშად:
ა) პირველი ტრანში _ 200 000 (ორასი ათასი) ლარი მხარეთა მიერ მორიგების აქტის ხელმოწერიდან 10 (ათი) დღის ვადაში გადახდილია;
ბ) მეორე ტრანში _ 200 000 (ორასი ათასი) ლარი გადაიხდება პირველი ტრანშის გადახდისათვის გათვალისწინებული ვადის დადგომიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის ვადაში;
გ) მესამე ტრანში _ 200 000 (ორასი ათასი) ლარი გადაიხდება პირველი ტრანშის გადახდისათვის გათვალისწინებული ვადის დადგომიდან 60 (სამოცი) დღის ვადაში;
დ) მეოთხე ტრანში _ 200 000 (ორასი ათასი) ლარი გადაიხდება პირველი ტრანშის გადახდისათვის გათვალისწინებული ვადის დადგომიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადაში. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ამ მორიგების აქტში მითითებულ შპს „გ-ის“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით: სს „ს-ი“; ბანკის კოდი B...; ანგარიშის ნომერი: ...;
2. შპს „გ-ი“ სრულად აცხადებს უარს მის მიერ თანხების დაკისრების თაობაზე აღძრულ სარჩელზე/სასარჩელო მოთხოვნებზე (საქმის ნომერი პირველი ინსტანციის სასამართლოში ...) შპს „მ-ის“ მიმართ და აღნიშნული დავიდან გამომდინარე თავის მოთხოვნებზე;
3. მხარეები ითვალისწინებენ და ადასტურებენ, რომ მორიგების ფარგლებში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ამ“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 100 (ასი) ლარად გადასცა მისი კუთვნილი 50% წილი შპს „გ-ში“ ი. ე-სა (პ/#...) და ი. ლ-ეს (პ/#...);
4. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ, ერთმანეთის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ და სრულად უარს აცხადებენ ერთმანეთის მიმართ ყველა არსებულ და სამომავლო მოთხოვნის უფლებებზე. მხარეები ასევე უარს აცხადებენ ერთმანეთის მიმართ არსებულ ყველა მოთხოვნაზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს დაკავშირებული და გამომდინარეობს თუ არა ამ დავიდან;
5. მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „მ-ას“ დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველდღიურად, დავალიანების სრულად დაფარვამდე;
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით (#...) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში რჩება მორიგების აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე. ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებისთანავე მხარეები განახორციელებენ ყველა და ნებისმიერ მოქმედებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაუყოვნებლივ გაუქმების მიზნით;
7. შპს „მ-ა“ ადასტურებს, რომ გააჩნია წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის სრული უფლებამოსილება, ასევე, მიღებული აქვს კლინიკის 100% მესაკუთრე პარტნიორის _ შპს „გ-ს“ (ს/კ ...) თანხმობა, რომელიც წარედგინა შპს „გ-ს“.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტით შემოთავაზებული პირობის გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულებამდე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით (#...) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობები.
3. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებმა დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვამდე მომართეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 1991, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგება შპს „მ-ასა“ და შპს „გ-ს“ შორის შემდეგი პირობებით:
2.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ა“ (ს/კ ...) გადაუხდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ-ს“ (ს/კ ...) 800 000 (რვაასი ათასი) ლარს შემდეგი გრაფიკით, ოთხ ტრანშად:
ა) პირველი ტრანში _ 200 000 (ორასი ათასი) ლარი მხარეთა მიერ მორიგების აქტის ხელმოწერიდან 10 (ათი) დღის ვადაში გადახდილია;
ბ) მეორე ტრანში _ 200 000 (ორასი ათასი) ლარი გადაიხდება პირველი ტრანშის გადახდისათვის გათვალისწინებული ვადის დადგომიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის ვადაში;
გ) მესამე ტრანში _ 200 000 (ორასი ათასი) ლარი გადაიხდება პირველი ტრანშის გადახდისათვის გათვალისწინებული ვადის დადგომიდან 60 (სამოცი) დღის ვადაში;
დ) მეოთხე ტრანში _ 200 000 (ორასი ათასი) ლარი გადაიხდება პირველი ტრანშის გადახდისათვის გათვალისწინებული ვადის დადგომიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადაში. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ამ მორიგების აქტში მითითებულ შპს „გ-ის“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით: სს „ს-ი“; ბანკის კოდი B...; ანგარიშის ნომერი: ...;
2.2. შპს „გ-ი“ სრულად აცხადებს უარს მის მიერ თანხების დაკისრების თაობაზე აღძრულ სარჩელზე/სასარჩელო მოთხოვნებზე (საქმის ნომერი პირველი ინსტანციის სასამართლოში ...) შპს „მ-ის“ მიმართ და აღნიშნული დავიდან გამომდინარე თავის მოთხოვნებზე;
2.3. მხარეები ითვალისწინებენ და ადასტურებენ, რომ მორიგების ფარგლებში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ამ“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 100 (ასი) ლარად გადასცა მისი კუთვნილი 50% წილი შპს „გ-ში“ ი. ე-სა (პ/#...) და ი. ლ-ეს (პ/#...);
2.4. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ 2.1. პუნქტით (მორიგების აქტის პირველი პუნქტი) ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ, ერთმანეთის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ და სრულად უარს აცხადებენ ერთმანეთის მიმართ ყველა არსებულ და სამომავლო მოთხოვნის უფლებებზე. მხარეები ასევე უარს აცხადებენ ერთმანეთის მიმართ არსებულ ყველა მოთხოვნაზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს დაკავშირებული და გამომდინარეობს თუ არა ამ დავიდან;
2.5. 2.1. პუნქტით (მორიგების აქტის პირველი პუნქტი) გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „მ-ას“ დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველდღიურად, დავალიანების სრულად დაფარვამდე;
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით (#...) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში რჩება 2.1. პუნქტით (მორიგების აქტის პირველი პუნქტი) ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე. 2.1. პუნქტით (მორიგების აქტის პირველი პუნქტი) ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებისთანავე მხარეები განახორციელებენ ყველა და ნებისმიერ მოქმედებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაუყოვნებლივ გაუქმების მიზნით;
2.7. შპს „მ-ა“ ადასტურებს, რომ გააჩნია წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის სრული უფლებამოსილება, ასევე, მიღებული აქვს კლინიკის 100% მესაკუთრე პარტნიორის _ შპს „გ-ს“ (ს/კ ...) თანხმობა, რომელიც წარედგინა შპს „გ-ს“.
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს „გ-ის“ სარჩელის გამო, შპს „მ-ის“ მიმართ მომსახურების გადაუხდელი ღირებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
6. კასატორ შპს „მ-ას“ (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 17.01.2018წ. #1516179095 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 8 000 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე