საქმე № 330210017001789104
საქმე №ას-205-205-2018 5 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. გ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. მ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. გ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მოსარჩელის საკუთრებით უკანონოდ სარგებლობის გამო მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების – 2014 წლის 25 მარტიდან, უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან, სარჩელის აღძვრამდე თვეში 92 ლარის, სულ – 3128 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას. ამასთან, მხარეს ადგება მატერიალური ზიანი მოპასუხის მხრიდან მისი კუთვნილი ნივთის უკანონოდ სარგებლობის გამო.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 3128 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილის, 2591 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ, საქმის მასალების მიხედვით, აპელანტი არ წარმოადგენს ამავე კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, შესაბამისად, მასზე ვრცელდება გადაწყვეტილების ჩაბარებისათვის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი და იგი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.
7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის მთავარ სხდომას ესწრებოდა როგორც მოპასუხე, ისე მისი წარმომადგენელი (ს.ფ 75). შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2017 წლის 21 დეკემბრიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 2018 წლის 3 იანვარს (სამუშაო დღეს). სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია 2018 წლის 16 იანვარს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ 99).
8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს. ამასთან, აღნიშნული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
9. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში და გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ასეთზე არც აპელანტი მიუთითებს. საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის წარმომადგენლის 2018 წლის 8 იანვრის განცხადება გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით (ს.ფ 89), რომლითაც დასტურდება ასევე, რომ მას გადაწყვეტილება იმავე დღეს ჩაბარდა, რაც მიუთითებს, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად ჰქონდა.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი შეტანილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და, სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
12. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2017 წლის 20 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე მოპასუხის წარმომადგენელი ზეპირი ფორმით, სასამართლოს შიდა სატელეფონო ქსელის საშუალებით მიმართავდა საქალაქო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის აპარატს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, თუმცა მას განუმარტავდნენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. მოპასუხე იმავე მიზნით გამოცხადდა საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 3 იანვარსაც, რა დროსაც მოსამართლის თანაშემწემ განუმარტა, რომ გადაწყვეტილება 8 იანვრამდე არ გამზადდებოდა.
13. 2018 წლის 8 იანვარს მოპასუხის წარმომადგენელი გამოცხადდა საქალაქო სასამართლოში და ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაზეც 16 იანვარს, კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
14. მხარემ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 2591 მუხლის მოთხოვნა და კანონით განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მოამზადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
18. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
19. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
20. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
21. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის მთავარ სხდომას ესწრებოდა როგორც მოპასუხე, ისე მისი წარმომადგენელი (ს.ფ 75). შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2017 წლის 21 დეკემბრიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან) და ამოიწურა 2018 წლის 3 იანვარს (სამუშაო დღეს). სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია 2018 წლის 16 იანვარს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ 99).
22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მოპასუხის წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2017 წლის 20 დეკემბერს და შემდგომ პერიოდში 29 დეკემბრამდე რამდენჯერმე გამოცხადდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და ზეპირი ფორმით სასამართლოს შიდა სატელეფონო ქსელის საშუალებით მოსამართლის თანაშემწესთან და მდივანთან საუბრისას მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა მას განემარტა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო და მომზადდა მხოლოდ 2018 წლის 8 იანვრისთვის.
23. სსსკ-ის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელსაც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.
24. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტი ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. მითითებული ფაქტის დადასტურება აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო ან ასეთი გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დაფიქსირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი, სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ მომენტიდან მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას.
26. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განჩინების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია. მხოლოდ მხარის განმარტება, რომ იგი ცხადდებოდა სასამართლოში, უკავშირდებოდა მოსამართლის აპარატს, კანონის დანაწესის შესრულებად ვერ ჩაითვლება. მითითებულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 5.05.2017წ. საქმე №ას-429-401-2017, 26.01.2018წ. საქმე №ას-1478-1398-2017, 9.02.2018წ. საქმე №ას-64-64-2018).
27. ამდენად, სსსკ-ის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა სწორად აითვალა და მართებულად ჩათვალა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კანონიერად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივრთან ერთად წარმოდგენილ განცხადებას დაურთო სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 2018 წლის 6 თებერვალს №- საგადახდო დავალებით კ. ს.-ას მიერ გადახდილი 300 ლარი.
31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში მოპასუხეს ზემოაღნიშნული სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. ე. გ.-ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №-00122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2018 წლის 6 თებერვალს №- საგადახდო დავალებით კ. ს.-ას მიერ გადახდილი 300 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე