საქმე №210210012000152909
საქმე №ას-316-316-2018 27 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ც.–ის უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ჯ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 და 24 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებები
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი. ჯ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე, მყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ც.-ის (შემდგომში – გამყიდველი, თავდაპირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ 99189.65 ლარის დაკისრების, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის – 2012 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 2 ნოემბრამდე 3 569.7 ლარის, 2012 წლის 2 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე კი დავალიანების 10%-ის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, თავდაპირველი მოპასუხისაგან განვადებით შეიძინა 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რისთვისაც ეტაპობრივად გადაუხადა მას ნასყიდობის საფასური. აღნიშნული მიუხედავად, საჯარო რეესტრში უძრავი ნივთი მოსარჩელემ ვერ დაირეგისტრირა იმ მოტივით, რომ მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, გაესხვისებინა სახელმწიფოს კუთვნილი ქონება.
3. თავდაპირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის მხოლოდ ნაწილი დაუბრუნა.
მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელისათვის 141 244.75 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 99 189.65 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 1000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიას ეთქვა უარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებისა და ადვოკატის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 569, 70 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 1000 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები:
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით და 30 სექტემბრის განჩინებით უსწორობის გასწორების შესახებ გარდაცვლილი თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლოს იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
განმცხადებლის პოზიცია:
10. 2015 წლის 8 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და განმარტა, რომ მის სასარჩელო მოთხოვნას, სხვა მოთხოვნებთან ერთად, წარმოადგენდა თავდაპირველი მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 2 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების 10%-ის დაკისრება. აღნიშნული წარმოადგენდა სააპელაციო პრეტენზიის საგანსაც, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მოცემული საკითხი არ გადაწყვეტილა. განმცხადებელმა იშუამდგომლა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ აღნიშნულ მოთხოვნაზე, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით განმცხადებლის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე დაკმაყოფილდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.
სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 2 ნოემბრიდან სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე 99 189.65 ლარის წლიური 10%-ისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 833, 06 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 261-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პალატამ მართებულად მიიჩნია სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 99 189.65 ლარის დაკისრება.
14. ამავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, შეცვალა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში, დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2012 წლის 11 ივლისიდან (თავდაპირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის პირველი გადახდილი თანხის – 19460 აშშ დოლარის დაბრუნების მომენტი, კურსი – 32 087.60 ლარი) 2012 წლის 2 ნოემბრამდე (მეორე გადახდამდე) მიუღებელი შემოსავლის სახით 3569.70 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების თაობაზე.
15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2012 წლის 11 ივლისს ი. ჯ.-ისათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა იყო 115789.65 (147877.25-32087) ლარი, რომლის წლიური 10% არის 11579 ლარი, ხოლო 2 ნოემბრამდე, ანუ თავდაპირველი მოპასუხის მიერ განხორციელებულ მეორე გადახდამდე, პერიოდი შეადგენს 3 თვესა და 21 დღეს (თანხა 21 დღისთვის – 675 ლარი). პალატამ ასევე დაადგინა, რომ მიუღებელი შემოსავლის ოდენობა მოცემული გაანგარიშებით შეადგენდა 3569.70 ლარს.
16. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით.
17. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო პალატა დაეყრდნო მის მიერ მიღებულ 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ თავდაპირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადასაცემი თანხის სხვაობა (გადაუხდელი თანხა) შეადგენდა 99 189.65 ლარს.
18. სააპელაციო პალატამ ასევე მხედველობაში მიიღო 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მოსაზრება მუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში – სსკ) 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება გადასახდელი ფულადი თანხის სხვაგვარად გამოყენებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს გადასახდელი თანხის სხვაგვარად გამოყენების შედეგად მისაღები სარგებელი.
20. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა აუნაზღაურდეს თანხა, რომელსაც იგი ითხოვდა სააპელაციო საჩივრით, კერძოდ, თავდაპირველი მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 2 ნოემბრიდან (ამ პერიოდამდე კი უკვე დაკისრებულია მიუღებელი შემოსავალი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, რაც შესულია კანონიერ ძალაში) გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანებული თანხის – 99 189.65 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით დაკისრებას, ხოლო ამ ნაწილში აღსასრულებელ გადაწყვეტილებას წარმოადგენს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
21. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
22. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, მოცემული გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მოსარჩელემ გაიდახა სახელმწიფო ბაჟი – 833, 06 ლარი, რაც სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს.
სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის – 4196, 38 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით:
24. სააპელაციო პალატის განმარტებით, 2018 წლის 18 და 22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის დამატებით გადაწყვეტილებაზე, უზენაესის სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში ჩამოყალიბებული მსჯელობის გათვალისწინებით. 22 იანვრის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნის შინაარსი და შემოიფარგლა მხოლოდ საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების ეტაპზე ადვოკატის მონაწილეობისათვის ადვოკატის ხარჯითა და საკასაციო ინსტანციაში წარმატებით დასრულებული კერძო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დასაკისრებელი თანხით.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 31 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელესა და მის ადვოკატს შორის წერილობით დადებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება.
26. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტი ვერ იმოქმედებს ადვოკატის ხარჯის დაკმაყოფილების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ დასაბუთებას (საქმე №ას-923-889-2016, 3.02.2017 წელი), კერძოდ: „მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე, მათ შორის, საქმეში არ არის წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ ი. პ-ს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება.“
27. მოცემულ შემთხვევაშიც სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ადვოკატი 2014 წლის 30 იანვრიდან აქტიურ მონაწილებას იწყებს მოცემული საქმის განხილვისას, როგორც მხარის წარმომადგენელი, რაც გრძელდება დღემდე და მოიცავს სამივე სასამართლო ინსტანციაში მრავალჯერ გაწეულ მომსახურებას, როგორც საქმის ზეპირი განხილვისას, ისე არაზეპირი კომუნიკაციით - წერილობითი შუამდგომლობების, დოკუმენტაციის წარმოდგენით და გაანალიზებით თუ სხვა საპროცესო საშუალებით. ამდენად, სრულიად მოსალოდნელია, რომ პროფესიული იურიდიული დახმარება მოცემულ შემთხვევაში ხორციელდება არა Pro bono – უფასოდ, არამედ, ანაზღაურებით.
28. სააპელაციო პალატამ აქვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საკასაციო სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლობა ხორცილდებოდა არა მარტო საკასაციო საჩივარზე – კასატორის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლად, არამედ მოსარჩელის კერძო საჩივრებზეც, რომელთაგან ერთ-ერთი დაკმაყოფილდა. აღნიშნულ სამართალწარმოებათა პროცესში კი ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტია საქმეში. ამდენად, ყველა ამ გარემოების და ასევე რთული კატეგორიის საქმის წარმოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადვოკატის ხარჯის დაკისრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს დავის საგნის ღირებულების სრული 4%-ის გათვალისწინებით, შემდეგნაირად:
29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პალატამ მართებულად მიიჩნია სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ 99 189.65 ლარის დაკისრება. ამავე დროს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, შეცვალა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 3569.70 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების, ისევე როგორც ადვოკატის ხარჯის – 1000 ლარის დაკისრების თაობაზე.
30. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 1150, 28 ლარი.
31. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება, მაშასადამე, საკასაციო საჩივრის ფასი შეადგენდა 104 909, 63 ლარს (რომელიც შედგებოდა თავდაპირველი მოპასუხისათვის დაკისრებული 99 189,65 ლარის, 3569,76 ლარის, ადვოკატის ხარჯად დაკისრებული 1000 ლარის და დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დაბრუნებული თანხის – 1150,28 ლარის ჯამისაგან). მაშასადამე, ამჯერად შუამდგომლობით მოთხოვნილი ადვოკატის ხარჯი საკასაციო ინსტანციაში გაწეული მომსახურებისთვის, მითითებული თანხის – 104 909, 63-ის 4%-ის ოდენობით შეადგენს 4196,38 ლარს, რაც ამავე ოდენობით უნდა დაკმაყოფილდეს.
32. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე ადვოკატის ხარჯი – 2000 ლარი ჯამში, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ უკვე დაკისრებულია, რაც შესულია კანონიერ ძალაში. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, 4196, 38 ლარის დამატებით დაკისრებით, რომელიც არის საკასაციო ინსტანციაში მოგებული თანხის ოდენობის 4%, სააპელაციო პალატა არ გასცდება სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ზედა ზღვარს (მაქსიმუმ, დავის საგნის ღირებულების 4 %), რადგან ადვოკატის ხარჯი (4196, 38 ლარის დამატებით) არ გაადაჭარბებს საერთო ჯამში სარჩელით დაკმაყოფილებული საერთო თანხის 4%-ს – 6246,28 ლარს. (სარჩელით დაკმაყოფილებული საერთო თანხა დღეის მდგომარეობით არის 156 157,13 ლარი, რომლის 4% არის 6246,28 ლარი. 156 157,13 ლარი შედგება საკასაციო ინსტანციაში მოგებული 104 909, 63 ლარისა და სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული თანხისგან, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს 51 247,70 ლარს (99 189, 65 ლარის წლიური 10%, 2012 წლის 2 ნოემბრიდან 2018 წლის 2 იანვრის ჩათვლით).
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე დაკმაყოფილდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადანაწილების გარეშე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხის დაკისრება უნდა მოხდეს სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე ხელახლა დაბრუნებულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს და სსსკ-ის 53 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს 50 ლარის ოდენობით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
34. სააპელაციო სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებებზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივრები, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
35. კასატორმა მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლეს და სათანადო მოპასუხეს, სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
36. განსახილველ შემთხვევაში თავდაპირველი მოპასუხის ქონება არ არის უმკვიდრო, ვინაიდან სიღნაღის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ორი პირველი რიგის მემკვიდრე ცნობილ იქნა მის უფლებამონაცვლედ და მემკვიდრედ დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.
37. 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაში რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მემკვიდრეებს უძრავი ქონება მიღებული ჰქონდათ ფაქტობრივი ფლობით, შესაბამისად, სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხეთა მხრიდან სამკვიდრო ქონების განკარგვის ფაქტი, მოპასუხეებს სამკვიდროზე უარი არ განუცხადებიათ, თავს თვლიდნენ მემკვიდრეებად და გააჩნდათ სამკვიდროს მიღების ინტერესი.
38. სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1492-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამონაცვლეს შესაძლოა დაეკისროს მიღებული უმკვიდრო ქონების – აქტივის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაწილის შესაბამისი თანხა და აღსრულებაც შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ უმკვიდრო ქონების ნაწილის პროპორციულად.
39. კასატორმა აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ შეიტანა განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 და 30 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებების, ასევე, საკასაციო პალატის 2017 წლის 26 ივლისის (საქმე №ას-650-616-2015) კანონიერ ძალაში შესული, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება.
40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
41. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
42. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე დავაზე წარდგენილი სასარჩელო განცხადებით მხარემ მოითხოვა თავდაპირველი მოპასუხისათვის 99189.65 ლარის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის – 2012 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 2 ნოემბრამდე 3 569.7 ლარის, ხოლო 2012 წლის 2 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე კი დავალიანების 10%-ის ანაზღაურება.
43. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 99 189.65 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 1000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა
44. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიას ეთქვა უარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებისა და ადვოკატის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 569, 70 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 1000 ლარის გადახდა.
45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით და 30 სექტემბრის განჩინებით უსწორობის გასწორების შესახებ გარდაცვლილი თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლოს იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
46. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
47. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
48. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 2 ნოემბრიდან სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე 99 189.65 ლარის წლიური 10%-ისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 833, 06 ლარის ანაზღაურება
49. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის – 4196, 38 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება
50. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ სააგენტო თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ მოცემულ დავაში სასამართლომ არასწორად ჩართო. თავდაპირველ მოპასუხეს გააჩნდა პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებმაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს სამკვიდრო.
51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
53. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
54. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამდენად, საკასაციო პალატა იმსჯელებს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილებების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელზეც მხარე აპელირებს.
55. როგორც ზემოთ უკვე აღნიშნა, საკასაციო საჩივრის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს მხარის მოსაზრება, რომ სსსკ-ის 281-ე მუხლის დარღვევით იგი უკანონოდ იქნა ცნობილი თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ. შესაბამისად, კასატორი არასათანადო მოპასუხეა და, თავდაპირველი მოპასუხის ვალდებულებების გამო, პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა.
56. კასატორმა მიუთითა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საბანკო დაწესებულების სარჩელის საფუძველზე დადგინდა, რომ თავდაპირველი მოპასუხის ორმა პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით, შესაბამისად, ისინი ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი მოპასუხის მემკვიდრეებად და უფლებამონაცვლეებად.
57. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ კასატორი კანონდარღვევით ჩაება მოცემულ დავაში თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ, ზემოთ დასახელებული გარემოებების გამო.
58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით და 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით უსწორობის გასწორების შესახებ იმსჯელა თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენის საკითხზე და დაადგინა, რომ აწ გარდაცვლილი თავდაპირველი მოპასუხის ქონება, როგორც უმკვიდრო, უნდა მიეღო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. შესაბამისად, განხორციელდა საპროცესო უფლებამონაცვლეობაც და, თავდაპირველი მოპასუხის ნაცვლად, საქმეში მოპასუხის სტატუსი მიენიჭა კასატორს. აღნიშნული განჩინებები შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულო ძალა გააჩნია.
59. რაც შეეხება კასატორის მითითებას მის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 და 30 სექტემბრის, ასევე, 2017 წლის 26 ივლისის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახილების შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე, მოცემული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპზე საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ განცხადების თაობაზე.
60. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
61. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
63. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე