Facebook Twitter

3გ-ად-70კს-02 11 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველო სუზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა: გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 2 ივნისის გადაწყვეტილების მე-5 ნაწილით, შპს ბაზარ “ო.-ს” ტერიტირიაზე განლაგებულ მუშათა მომარაგების განყოფილების ობიექტების ბაზაზე შექმნილ ინდივიდუალური საწარმოების მფლობელებს “ო.-ს” ადმინისტრაციის სასარგებლოდ დაეკისრათ კომუნალური მომსახურების ხარჯის გადახდა 4268 ლარის ოდენობით, დაკავებული შენობების ფართობისა და გადახდილი თანხის მხედველობაში მიღებით. ასევე ნაწილობრივ დაეკისრათ აპელანტის მიერ გადახდილი სასამართლო ხარჯი 100 ლარი და სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი. ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2001წ. 17 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

იმერეთის სააღსრულებლო ბიუროს ტყიბულის უბნის სასამართლო აღმასრულებელმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება, თუ რამდენი უნდა გადახდეს შპს ბაზარ “ო.-ს” ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებს, თითოეულს ინდივიდუალურად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 5 ივნისის განჩინებით განმარტა 2000წ. 2 ივნისის გადაწყვეტილების მე-5 ნაწილი და ინდივიდუალური საწარმოების მფლობელებს შპს “ო.-ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დააკისრა 4268 ლარი, დაკავებული შენობების ფართობისა და გადახდილი თანხის მხედველობაში მიღებით, ასევე სასამართლოს ხარჯი 100 ლარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების შ. გ.-ისა და სხვათა მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი 2002წ. 5 ივნისის განჩინებაზე. კერძო საჩივრის ავტორებმა შემდეგი მოტივებით მოითხოვეს განჩინების გაუქმება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების შეჩერება:

1. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 262-ე მუხლი. სასამართლომ არსებითად შეცვალა გადაწყვეტილების შინაარსი, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. 2000წ. 2 ივნისის გადაწყვეტილების მე-5 ნაწილით ინდმეწარმეებს სასამართლო ხარჯის 100 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა დაეკისრათ სოლიდარულად, ხოლო 4268 ლარის გადახდა თითოეულს დაეკისრა იმ ოდენობით, რა ფართიც მათ მაღაზიებს ეკავათ, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, თუ რა ოდენობის თანხა ჰქონდათ უკვე გადახდილი. ამდენად, გადაწყვეტილებით განსაზღვრულია წილობრივი და არა სოლიდარული პასუხისმგებლობა;

2. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ სსკ-ს 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყდება სასამართლოს სხდომაზე მხარეთათვის შეტყობინებით, რაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ დარღვეულია, სასამართლომ არ აცნობა მათ განმარტების განხილვის შესახებ და მათთვის აღმასრულებლისგან გახდა ცნობილი, რომ არსებობდა “რაღაც” განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორები აცხადებენ, რომ სასამართლომ განმარტა აღსრულებული გადაწყვეტილება, მიწის რეგისტრაცია ყველა ინდმეწარმემ აღასრულა და უკვე აღსრულებული გადაწყვეტილების განმარტება დაუშვებელია.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2002წ. 17 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ.-ის, მ. მ.-ის, ნ. ჩ.-ის, ლ. ა.-ის და ნ. ფ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისისა და 17 სექტემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 2 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მე-5 ნაწილის მიხედვით, შპს ბაზარ “ო.-ს” ტერიტორიაზე განლაგებულ მუშათა მომარაგების განყოფილების ობიექტების ბაზაზე შექმნილ ინდივიდუალური საწარმოების მფლობელებს “ო.-ს” ადმინისტრაციის საასარგებლოდ დაეკისრათ კომუნალური მომსახურების ხარჯის გადახდა 1999წ. 1 ივნისის მდგომარეობით თანხით 4268 ლარის ოდენობით, დაკავებული შენობების ფართობისა და გადახდილი თანხის მხედველობაში მიღებით. მათვე ნაწილობრივ დაეკისრათ აპელანტ რ. ბ.-ის მიერ გადახდილი სასამართლოს ხარჯის 100 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის სოლიდარულად გადახდა. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ტყიბულის უბნის სასამართლოს აღმასრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2002წ. 5 ივნისის განჩინებით განმარტა, რომ ამავე სასამართლოს 2000წ. 2 ივნისის გადაწყვეტილების მე-5 ნაწილის მიხედვით, მართალია, სიტყვა “სოლიდარულად” მითითებულია სასამართლო ხარჯის 100 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შემდეგ, მაგრამ იგულისხმება, რომ ამ ნაწილით გადაწყვეტილია 4268 ლარის სოლიდარულად გადახდაც. ამდენად, სასამართლოს განმარტებით 4268 ლარისა და სასამართლო ხარჯის 100 ლარის გადახდა ინდივიდუალურ მეწარმეებს სოლიდარულად დაეკისრათ;

2. სსკ-ს 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად, რაც საკასაციო პალატის აზრით, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დარღვეულია, რადგან ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 2 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მე-5 ნაწილი და სასამართლოს განმარტება წინააღმდეგობრივია. სახელდობრ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მე-5 ნაწილის პირველ წინადადებაში მითითებულია: “დაეკისროთ შპს ბაზარ “ო.-ს” ტერიტორიაზე განლაგებულ მუშათა მომარაგების განყოფილების ობიექტის ბაზაზე შექმნილ ინდივიდუალური საწარმოების მფლობელებს “ო.-ს” ადმინისტრაციის სასარგებლოდ კომუნალური მომსახურების ხარჯების გადახდა 1999წ. 1 ივნისის მდგომარეობით თანხით 4268 ლარის ოდენობით, დაკავებული შენობების ფართობისა და გადახდილი თანხის მხედველობაში მიღებით” ე. ი. ინდივიდუალური საწარმოების მფლობელებს “ო.-ს” სასარგებლოდ 4268 ლარზე დაეკისრათ წილობრივი პასუხისმგებლობა, მათი შენობების მიერ დაკავებული ფართობისა და უკვე გადახდილი კომუნალური მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით, ხოლო სასამართლოს 2002წ. 5 ივნისის განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლო ხარჯებისა და 4268 ლარის გადახდაც ინდივიდუალურ მეწარმეებს “ო.-ს” სასარგებლოდ დაეკისრათ სოლიდარულად ანუ თანაბარწილად, რითაც არსებითად შეიცვალა გადაწყვეტილების შინაარსი.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2000წ. 2 ივნისის გადაწყვეტილების მე-5 ნაწილის განმარტებისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა შინაარსის შეუცვლელად გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, ამიტომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისისა და 17 სექტემბრის განჩინებები და ზემოაღნიშნული 262-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით გადაწყვეტილების განმარტების მისაცემად, საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს კერძო საჩივრის მეორე არგუმენტს სასამართლოს გადაწყვეტილების საპროცესო ნორმების დარღვევით განმარტების შესახებ, რადგან სსკ-ს 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყდება სასამართლოს სხდომაზე მხარეთათვის შეტყობინებით, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას”. კონკრეტულ შემთხვევაში, კი გადაწყვეტილების განმარტების განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო პალატის მიერ გამოძახებული იყვნენ მხოლოდ აღმასრულებელი და ბაზარ “ო.-ს” წარმომადგენელი, ხოლო ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული ინდივიდუალური საწარმოს მფლობელები (კერძო საჩივრის ავტორები), რომლებიც პროცესუალურად მოპასუხეებს წარმოადგენდნენ და ვის მიმართაც უნდა მომხდარიყო იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოძახებულნი არ ყოფილან, რაც საკასაციო პალატის აზრით, პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს და გადაწყვეტილების განმარტების საკითხის ხელახლა განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს;

4. უსაფუძვლობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივს, თითქოს სასამართლომ განმარტა უკვე აღსრულებული გადაწყვეტილება, რადგან გადაწყვეტილების განმარტება ეხება ბაზარ “ო.-ს” სასარგებლოდ ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დაკისრებული კომუნალური მომსახურებისა და სასამართლო ხარჯების გადახდას, რომელიც დღემდე აღუსრულებელია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, აღსრულება მოხდა სადავო მიწის ნაკვეთის ინდივიდუალური მეწარმეების მიერ რეგისტრაციის ნაწილში.

ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივარს სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის განჩინების გაუქმებაზე, რადგან სასამართლოს განმარტება გამოტანილია სსკ-ს 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების დარღვევით, ამიტომ განჩინება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ უნდა გაუქმდეს; კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და განმარტების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. გ.-ის, მ. მ.-ის, ნ. ჩ.-ის, ლ. ა.-ისა და ნ. ფ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისისა და 17 სექტემბრის განჩინებები და გადაწყვეტილების განმარტების საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.