№330210013377361
საქმე №ას-329-329-2018 05 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. ქ.-ა (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ე ქ.-ა (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს. ქ.-ამ (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე ქ.-ას (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 2013 წლის 25 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდეგში: სადავო გარიგება) ბათილად ცნობის მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 81-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 180-ე მუხლი].
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 17000 აშშ დოლარად მიჰყიდა უძრავი ქონება - 25კვ,მ ფართი, კორიდორი, საპირფარეშო თანასაკუთრება, მდებარე, ქ. თ., დ. ა.-ის გამზირი N..-ში. იმავე დღეს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს 1000 აშშ დოლარად მიჰყიდა ამავე მისამართზე მდებარე 8კვ.მ სარდაფი.
3. მოსარჩელის მითითებით, მის ნებას სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების დადება წარმოადგენდა, თუმცა, მოტყუების შედეგად ხელი მოაწერინეს სადავო გარიგებაზე.
4. მართალია ნოტარიუსთან მოსარჩელეს გააცნეს გარიგების ნიმუში, თუმცა ხელი მოაწერინეს სხვა გარიგებაზე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მოთხოვნის განმაპირობებელ სამართლებრივ დანაწესად მიიჩნია სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი [დისპოზიცია: თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა], რომლის წინაპირობები მოცემულ საქმეზე განხორციელებული არ იყო. მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა სადავო გარიგებაზე ხელმოწერის ნამდვილობას, ხოლო გარიგების შინაარსში შეცდომის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა [სსსკ-ის მე-3 და 102-ე მუხლი].
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარიც უარყოფილი იქნა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატის მითითებით საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა (იხ., სუსგ Nას-502-476-2015, 18 დეკემბერი, 2015).
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველდ სსსკ-ის 180-ე, 272-ე და 275-ე მუხლების საპროცესო სამართლებრივი საფუძვლებით.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება (საოქმო) დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა გარიგების ბათილად ცნობა, ხოლო ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული იყო მოტყუება. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო გარიგების ბათილად ცნობის მიზანზე, რომელსაც უძრავ ნივთზე (ამ განჩინების პ -1) საკუთრების უფლების დაბრუნება წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი სარჩელით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - საკუთრების უფლების დაბრუნება უძრავ ნივთზე, მიღწეული ვერ იქნებოდა მიკუთვნებითი სარჩელის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ დააზუსტა აპელანტის პოზიცია და აღნიშნა, რომ მოსარჩელის/აპელანტის მოსაზრებით სარჩელის აღძვრის მატერიალურსამართლებრივი მიზანი სრულიად თავსებადი იყო სარჩელში დაყენებულ მოთხოვნასთან, რადგან მოსარჩელის მითითებით, სადავო გარიგების ბათილად ცნობით უძრავი ქონება კვლავ აღირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლებით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე (საოქმო) კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
11. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო თავს არიდებს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას განახორციელოს მართლმსაჯულება. სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეკითხვები და სხდომა გადადო მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე. კერძო საჩივრის ავტორი აქვე აღნიშნავს, რომ შემდეგ სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ მოითხოვა სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება იმ მოტივით, რომ აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების (ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის) შემთხვევაში, ვერ იქნებოდა მიღწეული მისი იურიდიული ინტერესი, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნება. ზემოაღნიშნულთან მიმართებით, აპელანტმა სასამართლოს განუმარტა, რომ არ გეგმავდა სააპელაციო საჩივრის დაზუსტებას, ვინაიდან მიაჩნდა, რომ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელი იყო მისი იურიდიული ინტერესის მიღწევა. კერძოდ მან განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას, სასამართლოს გადაწყვეტილების საჯარო რეესტრში წარდგენით უძრავი ნივთი დაუბრუნდებოდა პირვანდელ მესაკუთრეს ანუ მოსარჩელე მხარეს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით, (საქმე N2ბ/4356-14) ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების 4.2 პუნქტში, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის პირობებში პროცესუალური საფუძვლით დავის საგნის საფუძვლის შეცვლა მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინაიდან დადგენილია, რომ აპელანტის (მოსარჩელის) იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების სამისდღეშიო ხელშეკრულებად აღიარებით მოსარჩელე ვერ დაიკმაყოფილებს იურიდიულ ინტერესს. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება ერთსა და იმავე საკითხებზე ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებაში დავის საგნად მითითებულია ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა. კერძო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მოცემულ საქმეში მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს სასამართლოში 2014 წლის დასაწყისიდან და მთელი ამ დროის განმავლობაში დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება, ხოლო ზემოაღნიშნულ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში დავის საგანს წარმოადგენს ,,შეცდომით დადებული გარიგების ბათილად ცნობა“.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად [სსსკ-ის 420-ე და 419-ე მუხლის პირველი ნაწილი].
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია 2013 წლის 25 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით [სსკ-ის 81-ე მუხლი, სსსკ-ის 180-ე მუხლი]. დადგენილია, რომ სადავო გარიგებით მოსარჩელემ, როგორც გამყიდველმა მოპასუხეს, როგორც მყიდველს 17000 აშშ დოლარად მიჰყიდა უძრავი ქონება - 25კვ,მ ფართი, კორიდორი, საპირფარეშო თანასაკუთრება, მდებარე, ქ. თ., დ. ა.–ის გამზირი N..-ში. იმავე დღეს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს 1000 აშშ დოლარად მიჰყიდა ამავე მისამართზე მდებარე 8კვ.მ სარდაფი. მყიდველი/მოპასუხე დარეგისტრირებულია უძრავი ქონების მესკუთრედ საჯარო რეესტრში.
15. წარმოდგენილი სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად, მოსარჩელემ გარიგების მოტყუებით დადებაზე მიუთითა [სსკ-ის 81-ე მუხლი] და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ნებას წარმოადგენდა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების დადება და არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება
16. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლომ დააზუსტა აპელანტის პოზიცია და აღნიშნა, რომ მოსარჩელის/აპელანტის მოსაზრებით სარჩელის აღძვრის მატერიალურსამართლებრივი მიზანი სრულიად თავსებადი იყო სარჩელში დაყენებულ მოთხოვნასთან, რადგან მოსარჩელის მითითებით, სადავო გარიგების ბათილად ცნობით უძრავი ქონება კვლავ აღირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლებით (ამ განჩინების პ- 10).
17. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობით [სსსკ-ის 180-ე მუხლი, სსკ-ის 81-ე მუხლი] მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი მოსარჩელის მიერ ვერ მიიღწევა, რადგანაც როგორც ამას თავად მოსარჩელე მიუთითებს - უძრავ ქონებაზე, რომელზედაც პრეტენზია გააჩნია მოსარჩელეს დარეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში, ხოლო მარტოოდენ გარიგების ბათილად ცნობა, საფუძვლად ვერ დაედება საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღიცხვას.
18. აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # 1089-1009-2017, 05.12.2017წ; # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ; საქმე №ას-595-554-2017, 15 დეკემბერი, 2017 წელი).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. განსახილველ შემთხვევაში, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა სარჩელის დასაბუთებულობაზე, პირველყოვლისა, უნდა ემსჯელა მის იურდიულ დასაშვებობაზე - მოსარჩელის მიმართ მართლზომერი იურიდიული ინტერესის არსებობაზე [სსსკ-ის 180-ე მუხლი], რაც განხორციელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე და მოთხოვნის იურდიდიული ინტერესის არარასებობის საფუძვლით სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად.
20. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების (საოქმო) დასაბუთებას, რომლის მიხედვით სასარჩელო მოთხოვნა სადავო გარიგების ბათილად ცნობის შესახებ, საბოლოოდ არ აყენებს მოსარჩელისათვის სასარგებლო იურიდიულ შედეგს და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, გარიგების ბათილად ცნობით არ მიიღწევა მოსარჩელის საკუთრების უფლების აღრიცხვა სადავო ფართზე.
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ქ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე