საქმე №330210116001650431
საქმე №ას-343-343-2018 27 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. ბ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ხ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. რ. ბ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ხ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 22 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ძირი თანხის – 2500 აშშ დოლარის ნაწილში და ძირ თანხად განისაზღვროს 28 500 აშშ დოლარი, სარგებლის – 1160 აშშ დოლარის ნაწილში, ასევე, შემცირდეს სააღსრულებო ფურცელში შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და, 0.12%-ის ნაცვლად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისი ოდენობა განისაზღვროს 0.001%.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 5 აპრილს ფიზიკურ პირსა (შემდგომში – მსესხებელი) და ჟ. ხ.-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს გადაეცა 31 000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 4 თვის ვადით, 2016 წლის 5 აგვისტომდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება.
3. ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას – პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.12%-ის ოდენობით.
4. ხელშეკრულების მე-10 მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაცია ხორციელდება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუმცა მოსარჩელისთვის აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ნოტარიუსს არ მიუწოდებია და არც მისი სამართლებრივი შედეგები უცნობებია. შესაბამისად, ნოტარიუსმა დაარღვია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი.
5. 2016 წლის 6 სექტემბერს იპოთეკის საგანი, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, შეიძინა მოსარჩელემ.
6. მისი მითითებით, მსესხებელი კეთილსინდისიერად იხდიდა პროცენტს და სესხის ძირ თანხას, ხოლო მოსარჩელემ ქონების შეძენის შემდგომ იპოთეკარს გადაუხადა ძირი თანხის ნაწილი – 2500 აშშ დოლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, კრედიტორმა უკანონოდ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. 2016 წლის 22 ოქტომბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა – 31 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 3% გადაუხდელი თანხა – 1160 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე – 2864 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად.
7. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შედეგ გარემოებათა გამო: სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 5 აგვისტოს, შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის დროდ მიიჩნევა აღნიშნული პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ და მსესხებელმა მოპასუხეს თანხა გადაუხადეს (სარგებელი გადახდილია სრულად, ხოლო ძირი თანხის ნაწილი, 2500 აშშ დოლარი) ნოტარიუსმა გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გადასახდელი ძირი თანხა არასწორად მიუთითა. ამავე სააღსრულებო ფურცელში არასწორად არის მითითებული სარგებლის ოდენობა, ვინაიდან იგი გადახდილია სრულად. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ძირი თანხიდან გადახდილია 2500 აშშ დოლარი, შესაბამისად, მისი დარიცხვა უნდა მოხდეს 28 500 აშშ დოლარზე. ამასთან, დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანას.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 22 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე 2864 აშშ დოლარის განსაზღვრის ნაწილში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ძირი თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე 1193.50 აშშ დოლარის ოდენობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 5 აპრილს მოპასუხემ მსესხებელს გადასცა 31 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება გაფორმდა 4 თვის ვადით, 2016 წლის 5 აგვისტომდე.
12. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება.
13. ხელშეკრულების მე-13 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0,12 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის დაწყებამდე.
14. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელს გასცემდა ნოტარიუსი.
15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 6 სექტემბრის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.
16. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, 2016 წლის 22 ოქტომბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა – 31 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 3% გადაუხდელი თანხა – 1160 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – სესხის ძირი თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე – 2864 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მესაკუთრე – მოსარჩელე) მიექცა აღსასრულებლად.
17. მხარეები არ დავობენ, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოსარჩელე (აპელანტი) ითხოვდა ნოტარიუსის მიერ გაცემული ზემოთ მითითებული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებას, კერძოდ, ძირი თანხის შემცირებას 2500 აშშ დოლარით, სარგებელის – 1160 აშშ დოლარის გაუქმებას და პირგასამტეხლოს შემცირებას 0,001 %-მდე. მოსარჩელის მითითებით, ძირი თანხიდან 2500 აშშ დოლარი და სარგებელი 1160 აშშ დოლარი მას გადახდილი ჰქონდა. ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება მას სურდა მოწმის ჩვენებით, რომელსაც პირადად ჰქონდა გადაცემული ეს თანხა კრედიტორისთვის. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოსარჩელე მის შემცირებას ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 420-ე მუხლის საფუძველზე.
19. სააპელაციო პალატა არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და მიიჩნია, რომ, სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის – 2500 აშშ დოლარისა და სარგებელის – 1160 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი მოსარჩელემ სარწმუნო და იურიდიულად დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა.
20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
21. სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ფულადი ვალდებულების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება.
22. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ეს გარემოება კი ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
23. რაც შეეხება, აპელანტის პრეტენზიას, მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესით, კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწმის ჩვენება, სსსკ-ის ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება იმ შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც ვალდებულების შესრულების/თანხის გადაცემის ფაქტის დასადგენად გამოდგება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა.
25. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 623-ე მუხლით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით და დაადგინა, რომ მსესხებელმა მოპასუხისგან 4 თვის ვადით სესხის სახით მიიღო 31 000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ დროს მსესხებლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (დღეის მდგომარეობით იპოთეკის საგნის მესაკუთრეა მოსარჩელე). ვალდებულება მსესხებელმა შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა. კრედიტორმა, ხელშეკრულების პირობის თანახმად, ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
26. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ძირი თანხის – 31 000 აშშ დოლარის შემცირების და სარგებლის – 1160 აშშ დოლარის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რაც სადავო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის – 2500 აშშ დოლარისა და სარგებელის – 1160 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა.
27. სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ 2016 წლის 5 აპრილის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სესხის ძირი თანხის 0,12%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
28. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
29. სსკ-ის 420-ე, 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
30. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
31. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
32. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო – ძირი თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2864 აშშ დოლარი) შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა მისი ოდენობა ძირი თანხის 0.05%-მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (1193.50 აშშ დოლარი).
33. აპელანტმა მოითხოვა შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირება, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირება ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0,001%-მდე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
34. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ჩათვალა პირველი ინსტანციის მიერ შემცირებულ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვდა შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
35. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
36. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 420-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებას საქმის გარემოებათა გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა რომ სასამართლომ შეამცირა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,05%-მდე, იგი კვლავ შეუსაბამოდ მაღალია. პირგასამტეხლოს დარიცხვის მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება, შესაბამისად- პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან შედარებით და იგი უნდა შემცირეს 0,01%-მდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
37. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები და არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, კრედიტორისათვის სესხის ძირითადი თანხიდან 2500 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული სარგებლის სახით 1160 აშშ დოლარის გადახდის შესახებ. მოწმის ჩვენება იძლეოდა შანსს, რათა კრედიტორს ეღიარებინა მოსარჩელის მიერ ნასესხები თანხის ნაწილისა და სარგებლის გადახდა.
38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
39. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
40. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 5 აპრილს მოპასუხემ მსესხებელს გადასცა 31 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება გაფორმდა 4 თვის ვადით, 2016 წლის 5 აგვისტომდე.
41. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება.
42. ხელშეკრულების მე-13 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0,12 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის დაწყებამდე.
43. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელს გასცემდა ნოტარიუსი.
44. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 6 სექტემბრის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.
45. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, 2016 წლის 22 ოქტომბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა – 31 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 3% გადაუხდელი თანხა – 1160 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – სესხის ძირი თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე – 2864 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მესაკუთრე – მოსარჩელე) მიექცა აღსასრულებლად.
46. მხარეები არ დავობენ, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.
47. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას მეტად უნდა შეემცირებინა პირგასამტეხლოს ოდენობა, გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მითითება ძირითადი თანხის ნაწილისა და სარგებლის გადახდის თაობაზე და დაეკმაყოფილებინა მისი შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის შესახებ.
48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
50. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
52. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
53. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
55. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
56. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
57. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
58. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
59. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
60. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორმა დასაშვები და დაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, ამდენად, საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მოპასუხეს გააჩნდათ მოსარჩელის მიმართ დაუფარავი დავალიანება. მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
61. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების უფლების რეალიზება და სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
62. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს მის მიერ სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად უნდა დაეკითხა მოსარჩელის მიერ დასახელებული მოწმე, რის შედეგადაც არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ მოპასუხეს ეღიარებინა სადავო თანხის დაბრუნება.
63. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).
65. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, რის გარეშეც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნია.
66. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
67. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
68. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
69. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
71. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. მ.-ისა და რ. ბ.-ის მიერ 02.04.2018 წელს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 615,67 ლარის 70% – 430,97 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ რ. ბ.-ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. მ.-ისა და რ. ბ.-ის მიერ 02.04.2018 წელს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 615,67 ლარის 70% – 430,97 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე