Facebook Twitter

საქმე №340210114640778

საქმე №ას-380-380-2018 27 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. მ.-ის კანონიერი წარმომადგენელი ნ. მ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ.-ი, ლ. ტ.-ი, ნ. ფ.-ი (შემდგომში – მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ გარიგების, სამკვიდრო მოწმობისა და გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ. მ.-ის (შემდგომში – მოსარჩელე) კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. მ.-მა (შემდგომში – მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.მ.-ის, ლ. ტ.-ისა და ნ. ფ.-ის მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნ. ფ.-ის (შემდგომში – ნოტარიუსი მოპასუხე) მიერ 2010 წლის 9 დეკემბერს დამოწმებული განცხადება მოსარჩელის მხრიდან მამის – გ. (გ.) მ.–ის (შემდგომში – მამკვიდრებელი) სამკვიდროს მიღებაზე უარის შესახებ ზ. მ.-ის (შემდგომში – მოსარჩელის ძმა) სასარგებლოდ; 2010 წლის 9 დეკემბერს ნოტარიუსი მოპასუხის მიერ აწ გარდაცვლილი მოსარჩელის ძმის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა; მოსარჩელის ძმასა და ი.მ.-ს (შემდგომში – პირველი შემძენი მოპასუხე) შორის 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; ზ. მ.–სა და ლ. ტ.-ს (შემდგომში – მეორე შემძენი მოპასუხე) შორის 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 9 დეკემბერს ნოტარიუსმა მოპასუხემ სანოტარო ბიუროში კანონის უხეში დარღვევით შეადგინა და დაამოწმა მოსარჩელის განცხადება. მოსარჩელეს ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა მამის სამკვიდრო ქონება, ამიტომ მას 2010 წლის 9 დეკემბერს, ანუ 30 თვის შემდეგ სამკვიდროს მიღებაზე უარის გაცხადების უფლება კანონით აღარ ჰქონდა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ნოტარიუსს სათანადო დოკუმენტით არ დაუდგენია, იყო თუ არა მოსარჩელის ძმა მისი კანონისმიერი მემკვიდრე. ნასყიდობის გარიგებების დადების დროს როგორც გ. მ.-ი, ასევე ზ. მ.–ი წარმოადგენენ ფსიქიურად დაავადებულ პირებს და მათი მონაწილეობა სანოტარო მოქმედებებში დამოუკიდებლად იყო მართლსაწინააღმდეგო, რაც გარიგებების ბათილობის საფუძველია.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ნოტარიუსი მოპასუხის განმარტებით, 2010 წლის 9 დეკემბერს დამოწმებული მოსარჩელის განცხადება წარმოადგენს არა მისი ძმის სასარგებლოდ სამკვიდროს მიღებაზე უარის შესახებ განცხადებას, არამედ აღნიშნული დოკუმენტით მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მას სამკვიდრო არ მიუღია და არც მისი მიღების სურვილი აქვს. 2010 წლის 9 დეკემბერს აწ გარდაცვლილი მოსარჩელის ძმის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა კანონიერად, რადგან ამ უკანასკნელს, მისი ფსიქიკური მდგომარეობის მიუხედავად, უფლება ჰქონდა, მიეღო სამკვიდრო, რომელიც მამკვიდრებლის სახელზე არსებობდა, ხოლო მოსარჩელის ფსიქიური მდგომარეობა მის ამ უფლებას ვერ შეზღუდავდა, ამასთან, ნოტარიუსისათვის არასდროს სადავო და საეჭვო არ იყო მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა, ქცევების ადეკვატურობიდან გამომდინარე, ვინაიდან იცნობდა ორივეს პირადად. ამასთან, თავად სარჩელით მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, რომ თავის ძმასთან ნათესაურ კავშირს და, შესაბამისად, არის მამკვიდრებლის კანონისმიერი მემკვიდრე, ხოლო ნოტარიუსის ქმედებას სადავო საქმეზე შეფასება მიეცა ადმინისტრაციული საქმის განხილვის ფარგლებში, რომელიც სხვა სასამართლოს წარმოებაშია და ამ დავის გადაწყვეტისთვის აღნიშნული ნაკლებად მნიშვნელოვანია.

5. შემძენმა მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ მათ კანონიერად შეიძინეს სადავო ქონება და მის კეთილსინდისიერ შემძენებს წარმოადგენენ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. მოსარჩელის მამა, მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2008 წლის 1 მაისს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო.

9. გარდაცვალების მომენტისთვის მამკვიდრებლის საკუთრებას წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის ¾ ნაწილი და 1000 კვ.მ და 999.00 კვ.მ ორი მიწის ნაკვეთი.

10. მამკვიდრებელს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: მოსარჩელე და მისი ძმა.

11. მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და მუდმივად ცხოვრობდა სამკვიდრო საცხოვრებელ სახლში, სადაც მის საკუთრებაში აღრიცხული იყო სახლის ¾ ნაწილი, მასთან ერთად ამავე მისამართზე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა მისი შვილი, მოსარჩელის ძმა, ხოლო მოსარჩელე მეუღლესთან ერთად 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად გადავიდა სხვა ადგილზე, სადაც დღემდე ცხოვრობს.

12. სამკვიდრო საცხოვრებელი სახლის 1/4 ნაწილის მესაკუთრეა მოსარჩელე.

13. 2010 წლის 9 დეკემბერს ნოტარიუსმა მოპასუხემ სანოტარო ბიუროში სანოტარო წესით დაამოწმა მოსარჩელის განცხადება, რომლის თანახმად მოსარჩელეს 2008 წლის 1 მაისს გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონება სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით არ მიუღია, ასევე, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ არ აპირებდა, სამკვიდროს გაშვებული ვადის აღდგენის მიზნით, სანოტარო ბიუროსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას და თანხმობას აცხადებდა, რომ მისი აწ გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონება (აქტივი და პასივი, რაც გარდაცვალების მომენტისათვის მამკვიდრებელს გააჩნდა) მემკვიდრეობის წესით გაეფორმებინა მის ძმას, რაზეც მას სამომავლოდ პრეტენზია არ ექნება.

14. 2010 წლის 9 დეკემბერს, ანუ მოსარჩელის განცხადების სანოტარო წესით დამოწმების დღესვე, ნოტარიუსმა მოპასუხემ მოსარჩელის ძმის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილზე, კერძოდ, ორ მიწის ნაკვეთზე.

15. ნოტარიუსის მიერ 2010 წლის 9 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის ძმის სახელზე.

16. 2010 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელის ძმასა და პირველ შემძენ მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელის ძმამ გაყიდა, ხოლო პირველმა შემძენმა მოპასუხემ იყიდა 943.00 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის ფასმა შეადგინა 1100 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში შემძენი მოპასუხის სახელზე აღირიცხა.

17. 2010 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელის ძმასა და მეორე შემძენ მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელის ძმამ გაყიდა, ხოლო მეორე შემძენმა მოპასუხემ 1100 ლარად იყიდა 995.00 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მეორე შემძენი მოპასუხის სახელზე.

18. 2009 წლის 10 დეკემბერს, ანუ მოსარჩელის მიერ სანოტარო ბიუროში განცხადების დაწერამდე და მოსარჩელის მიერ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული ქონების პირველ შემძენ მოპასუხეზე გასხვისებამდე, სხვა ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში დაიდო სესხის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და მის ძმას და, მეორე მხრივ, პირველ შემძენ მოპასუხეს შორის. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ და მისმა ძმამ პირველი შემძენი მოპასუხისაგან ისესხეს 3 000 აშშ დოლარი 5 წლის ვადით.

19. 2012 წლის 27 მარტს ამავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში პირველ შემძენ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის შედგა შეთანხმება, ამავე მხარეებს შორის 2009 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით, პირველმა შემძენმა მოპასუხემ დაადასტურა, რომ მან სრულად მიიღო 2009 წლის 10 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 3 000 აშშ დოლარი და არანაირი პრეტენზია აღარ გააჩნია.

20. 2011 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელის ძმა გარდაიცვალა.

21. ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღიარებულია ქმედუუნაროდ.

22. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი დაინიშნა თავისი მამის - მოსარჩელის მეურვედ. სარჩელი სასამართლოში აღძრულია მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის მიერ.

23. მოსარჩელე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულია 2012 წლის 26 აპრილს, ანუ სადავო ნების გამოვლენის შემდეგ.

24. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას, კერძოდ, მის მიერ ნოტარიუსთან გაკეთებულ განცხადებას, რომ მას მამის დანაშთი ქონება არ მიუღია. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სადავო განცხადებით სამკვიდროს მიღებაზე უარი კი არ განაცხადა, არამედ დაადასტურა, რომ მას მამის სამკვიდრო არ მიუღია და მის მიღებას არც მომავალში აპირებდა. ასეთი ნების გამოვლენა არ ეწინააღმდეგება კანონს, რადგან კანონით ვადაში სამკვიდროს მიღებაზე უარის გაცხადებაა შეზღუდული და არა სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურება. საყურადღებოა, რომ გამოვლენილი ნების ბათილობის იურიდიული ინტერესი ნამდვილი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე გამოვლენილი ნების ბათილობის პარალელურად დაადასტურებდა ფაქტს, რომ აღნიშნული ნების ბათილობით იგი დასახულ შედეგს მიაღწევდა, კერძოდ, სამკვიდრო ქონების მესაკუთრე გახდებოდა. აღნიშნული მიზნით კი, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად მიღების ფაქტი, რითაც, ერთი მხრივ, სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბერს გამოვლენილი ნების სინამდვილისადმი შეუსაბამობაში დაარწმუნებდა, ხოლო, მეორე მხრივ, ფაქტობრივი დაუფლების გზით სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას დაასაბუთებდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, მოსარჩელის განცხადების შინაარსი სრულად შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, კერძოდ, დადგენილია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და მუდმივად ცხოვრობდა სამკვიდრო საცხოვრებელი სახლში, სადაც მას საკუთრებაში გააჩნდა ¾ წილი. ამავე მისამართზე რეგისტრირებული იყო და მამკვიდრებელთან ერთ ოჯახად ცხოვრობდა მისი შვილი – მოსარჩელის ძმა, ხოლო მოსარჩელე 90-იანი წლებიდან მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სხვაგან, სადაც ის დღემდე ცხოვრობს. ის, რომ მოსარჩელე 90-იანი წლებიდან სხვა მისამართზე ცხოვრობს და მამკვიდრებელთან ერთად აღარ უცხოვრია, მითითებულია მის სარჩელშიც და ეს გარემოება არც სხდომაზე გამხდარა სადავო, რაც იმას ადასტურებს, რომ მოსარჩელე არ იყო მამკვიდრებლის თანმყოფი მემკვიდრე. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მამის სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად ფლობის და განკარგვის ფაქტს, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. მამის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების ფაქტობრივად დაუფლებას არ ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს ტექბიუროში საკუთრების უფლებით ერიცხება სამკვიდრო საცხოვრებელი სახლის ¼ ნაწილი, რადგან დადგენილია, რომ იგი ამ სახლში არ ცხოვრობდა. მხოლოდ რეგისტრაცია კი სამკვიდროს ფლობას და განკარგვას არ ნიშნავს. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ მამის სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილ ვადაში ფლობის და განკარგვის ფაქტი. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, რომ დადასტურდეს მოსარჩელის ქმედუუნარობა მის მიერ ნების გამოვლენის დროს (09.12.2010), მას არ გააჩნია გარიგებათა ბათილობის ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

25. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის ქმედუუნარობა და მის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შეუძლებლობა 2010 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით. სააპელაციო სასამართლომ ამ მიმართებით არ გაიზიარა მ.ასათიანის ფსიქიატრიის ინსტიტუტის კომისიის დასკვნა, რომ ნების გამოვლენის დროისათვის, კერძოდ, 2010 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელეს არ შეეძლო მოვლენების სწორად აღქმა, საკუთარი მოქმედების მნიშვნელობის შეგნება და კონტროლი. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დასკვნა შედგენილია 2012 წლის 26 აპრილს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა 2 წლის წინანდელი მდგომარეობით შეაფასა. ამასთან, ამავე დასკვნიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მხრიდან ექიმისადმი მიმართვის ფაქტი 2009-2012 წლებში არ დასტურდება. შესაბამისად, სასამართლოსათვის გაუგებარია, თუ როგორ მივიდა კომისია დასკვნამდე, რომ 2010 წლის მდგომარეობით მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცნობიერებინა გამოვლენილი ნება. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი და დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2011 წლის 25 მარტს შეიძინა, ხოლო 2013 წლის 3 დეკემბერს გააჩუქა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. ამდენად, 2011-2013 წლებში იგი თავისუფლად შედიოდა სამოქალაქო ურთიერთობებში, დებდა გარიგებებს და ახორციელებდა აღნიშნული გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს.

26. 2010 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებების ბათილობის მიზნებისათვის მოსარჩელე მისი ძმის ქმედუუნარობაზეც აპელირებს.

27. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელს არ გააჩნია აღნიშნული გარიგებების ბათილობის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელის მიერ 2010 წლის 9 დეკემბერს გამოვლენილი ნების ბათილობა და ამ უკანასკნელის მიერ მამის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი, შესაბამისად, აღნიშნული ორი წინაპირობის გარეშე, მოსარჩელის მოთხოვნა შემძენ მოპასუხეებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის თაობაზე ნამდვილ იურიდიულ ინტერესს მოკლებულია, შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

28. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის თაობაზე მოსარჩელის ძმის ქმედუუნარობაა, სააპელაციო სასამართლო მაინც მიზანშეწონილად ჩათვალა, ემსჯელა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტზე. მოსარჩელის ძმის მიერ ნამდვილი, გაცნობიერებული ნების გამოვლენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო „ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის წერილს, რომლის მიხედვითაც, „2010 წლის 9 დეკემბრისა და 2010 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელის ძმის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნებისათვის საჭიროა, წარმოდგენილ იქნეს დამატებითი მასალები, კერძოდ, აუცილებელია, დაიკითხოს ყველა ის პირი (ნოტარიუსი, მყიდველი, მოწმეები და ა. შ.), რომელიც ესწრებოდა მოსარჩელის ძმის მიერ აღნიშნულ დღეებში სამოქალაქო აქტის გაფორმებას; ასევე ამ უკანასკნელის ოჯახის წევრები და ახლობლები, ვისაც ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მასთან აღნიშნულ პერიოდში. ამასთანავე, წარმოდგენილ უნდა იქნეს მითითებულ დღეებში გაფორმებული სამოქალაქო აქტები, მოსარჩელის ძმის ამბულატორიული ავადმყოფობის სამედიცინო ბარათი (სოფლის ამბულატორიიდან) და მისი დახასიათება სოფლის გამგეობიდან.“

29. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელის ძმის საარსებო შემწეობას 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის აგვისტომდე თავად იღებდა. რაც შეეხება შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2015 წლის 21 ოქტომბრის სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N26 დასკვნას, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული დასკვნის დადგენილებით ნაწილს, რომ მოსარჩელის ძმას, 2010 წლის 9 და 21 დეკემბრის მდგომარეობით, არ შეეძლო, შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი, ვინაიდან ამავე დასკვნის კვლევითი ნაწილიდან დგინდება, რომ „პაციენტი (მოსარჩელის ძმა) 2008 წელს სტაციონარიდან გაწერის დროს კონტაქტში შემოდიოდა თავისუფლად, ცნობიერება იყო ნათელი, ორიენტაცია სწორი. ფსიქოზის ნიშნები ამოწურული“. .. შემდეგი მიმართვიანობა ექიმისადმი მოსარჩელის ძმას 2011 წლის ივლისში უფიქსირდება. იგი 2011 წლის აგვისტოს თვეში გარდაიცვალა კიდეც. შესაბამისად, დასკვნის კვლევითი ნაწილიდან არ დგინდება, თუ რა გარემოებას დაეყრდნენ ექსპერტები, როდესაც დაადგინეს, რომ მოსარჩელის ძმა 2010 წლის 9 და 21 დეკემბერს ნების გამოვლენის დროს ვერ აცნობიერებდა მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსსა და სამართლებრივ შედეგებს.

30. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ წარმოდგენილი აღიარებითი მოთხოვნის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სამკვიდრო მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ ცნობა. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის (გარიგებათა ბათილობის) საფუძვლიანობის შემთხვევაში, სასამართლო დაზუსტებული მოთხოვნის პირობებში მოსარჩელის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველზე მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ ცნობდა, რაღა თქმა უნდა, სამკვიდროდან კუთვნილი წილის ფარგლებში, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში დღის წესრიგში არ დადგა მოთხოვნის დაზუსტების საჭიროება, ვინაიდან იმთავითვე დაუსაბუთებელი იყო გარიგებათა ბათილობის მოთხოვნა შესაბამისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არქონის გამო. ამიტომ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ აღიარებითი სარჩელის წარმოდგენის საფუძვლით სააპელაციო ინსტანციაში სარჩელის განუხილველად დატოვება შელახავდა მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) ინტერესს, რომელსაც იგივე საფუძვლით განმეორებით სასარჩელო წარმოებაში მოუწევდა მონაწილეობის მიღება. ამიტომ, სასამართლო თუ მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს დასაბუთებულად და დამტკიცებულად მიიჩნევდა, სარჩელს, დაზუსტებული მოთხოვნის პირობებში იმგვარად დააკმაყოფილებდა, რომ მოსარჩელეს თავისი იურიდიული ინტერესისათვის ერთი სამართალწარმოებით მიეღწია, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გარიგებათა ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო, შესაბამისად, დღის წესრიგში არ დადგა აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის რეალიზების, კერძოდ, ქონების მოსარჩელისათვის მიკუთვნების თაობაზე მოთხოვნის დაზუსტების საჭიროება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

32. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია სსკ-ის რაიმე ნორმაზე, რომლის საფუძველზეც არ დააკმაყოფილა სარჩელი.

33. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელესა და მის ძმას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო საკუთარი მოქმედების მნიშვნელობის შეგნება და მისი მართვა. მოპასუხეს საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის. გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება არსებულ სასამართლო პრაქტიკას.

34. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1421-ე მუხლის მესამე ნაწილით, 1422-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობასთან დაკავშირებით კი უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილით და ბათილად ეცნო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები.

35. კასატორმა განმარტა, რომ მას გააჩნდა იურიდიული ინტერესი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.

36. მხარე არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მოსარჩელის ძმის სიკვდილის შემდეგ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ძმის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მოსარჩელე და მისი ძმა დედის მხრიდან დაავადდნენ მემკვიდრეობითი ფსიქიატრიული აშლილობით. აღნიშნული სარწმუნოს ხდის ექსპერტიზის დასკვნებს.

37. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადება. ნოტარიუსმა არასწორად გააფორმა აღნიშნული განცხადება. მისი გაფორმები მომენტისათვის გასული იყო სსკ-ის 1434-ე მუხლით დადგენილი, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის 3-თვიანი ვადა. ამასთან, თუ მემკვიდრე უარს აცხადებს სამკვიდროს მიღებაზე, ე.ი მას სამკვიდრო მიღებული აქვს და მემკვიდრეობის მიღების ფაქტი სადავოს აღარ წარმოადგენს.

38. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონდარღვევით დასაშვებად ცნო მტკიცებულებები, რომლებიც დავასთან კავშირში არ იყო. საუბარია 2011 წლის 25 მარტს მოსარჩელის მიერ დადებულ ჩუქების ხელშეკრულებაზე. დასახელებული მტკიცებულების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელე თავისუფლად გამოხატავდა საკუთარ ნებას. ფაქტობრივად, სხვა ქონების მიმართ მოსარჩელის მიერ დადებული გარიგება არანაირ კავშირში არ არის განსახილველ საქმესთან და არ ადასტურებს, რომ ნების გამოვლენა ნამდვილი იყო.

39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

40. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

41. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მამა, მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2008 წლის 1 მაისს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო.

42. გარდაცვალების მომენტისთვის მამკვიდრებლის საკუთრებას წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის ¾ ნაწილი და 1000 კვ.მ და 999.00 კვ.მ ორი მიწის ნაკვეთი.

43. მამკვიდრებელს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: მოსარჩელე და მისი ძმა.

44. მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და მუდმივად ცხოვრობდა სამკვიდრო საცხოვრებელ სახლში, სადაც მის საკუთრებაში აღრიცხული იყო სახლის ¾ ნაწილი, მასთან ერთად ამავე მისამართზე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა მისი შვილი, მოსარჩელის ძმა, ხოლო მოსარჩელე მეუღლესთან ერთად 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად გადავიდა სხვა ადგილზე, სადაც დღემდე ცხოვრობს.

45. სამკვიდრო საცხოვრებელი სახლის 1/4 ნაწილის მესაკუთრეა მოსარჩელე.

46. 2010 წლის 9 დეკემბერს ნოტარიუსმა მოპასუხემ სანოტარო ბიუროში სანოტარო წესით დაამოწმა მოსარჩელის განცხადება, რომლის თანახმად მოსარჩელეს 2008 წლის 1 მაისს გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონება სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით არ მიუღია, ასევე, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ არ აპირებდა, სამკვიდროს გაშვებული ვადის აღდგენის მიზნით, სანოტარო ბიუროსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას და თანხმობას აცხადებდა, რომ მისი აწ გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონება (აქტივი და პასივი, რაც გარდაცვალების მომენტისათვის მამკვიდრებელს გააჩნდა) მემკვიდრეობის წესით გაეფორმებინა მის ძმას, რაზეც მას სამომავლოდ პრეტენზია არ ექნება.

47. 2010 წლის 9 დეკემბერს, ანუ მოსარჩელის განცხადების სანოტარო წესით დამოწმების დღესვე, ნოტარიუსმა მოპასუხემ მოსარჩელის ძმის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილზე, კერძოდ, ორ მიწის ნაკვეთზე.

48. ნოტარიუსის მიერ 2010 წლის 9 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის ძმის სახელზე.

49. 2010 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელის ძმასა და პირველ შემძენ მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელის ძმამ გაყიდა, ხოლო პირველმა შემძენმა მოპასუხემ იყიდა 943.00 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის ფასმა შეადგინა 1100 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში შემძენი მოპასუხის სახელზე აღირიცხა.

50. 2010 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელის ძმასა და მეორე შემძენ მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელის ძმამ გაყიდა, ხოლო მეორე შემძენმა მოპასუხემ 1100 ლარად იყიდა 995.00 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მეორე შემძენი მოპასუხის სახელზე.

51. 2009 წლის 10 დეკემბერს, ანუ მოსარჩელის მიერ სანოტარო ბიუროში განცხადების დაწერამდე და მოსარჩელის მიერ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული ქონების პირველ შემძენ მოპასუხეზე გასხვისებამდე, სხვა ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში დაიდო სესხის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და მის ძმას და, მეორე მხრივ, პირველ შემძენ მოპასუხეს შორის. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ და მისმა ძმამ პირველი შემძენი მოპასუხისაგან ისესხეს 3 000 აშშ დოლარი 5 წლის ვადით.

52. 2012 წლის 27 მარტს ამავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში პირველ შემძენ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის შედგა შეთანხმება, ამავე მხარეებს შორის 2009 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით, პირველმა შემძენმა მოპასუხემ დაადასტურა, რომ მან სრულად მიიღო 2009 წლის 10 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 3 000 აშშ დოლარი და არანაირი პრეტენზია აღარ გააჩნია.

53. 2011 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელის ძმა გარდაიცვალა.

54. ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღიარებულია ქმედუუნაროდ.

55. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი დაინიშნა თავისი მამის - მოსარჩელის მეურვედ. სარჩელი სასამართლოში აღძრულია მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის მიერ.

56. მოსარჩელე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულია 2012 წლის 26 აპრილს, ანუ სადავო ნების გამოვლენის შემდეგ.

57. კასატორმა სადავოდ გახადა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობასთან, კერძოდ, მის მიერ ნოტარიუსთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას მამის დანაშთი ქონება არ მიუღია. იგი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მსჯელობას სარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობისა და მოსარჩელის ძმის სიკვდილის შემდეგ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ. მანვე მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაუშვა მტკიცებულებად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (წერილობითი ფორმით დადებული ჩუქების ხელშეკრულება), რომლითაც მოსარჩელემ განკარგა სხვა უძრავი ქონება, რაც მოცემულ დავასთან კავშირში არ არის.

58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

59. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

60. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

61. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ სადავო განცხადების შინაარსის შეფასებას და მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სადავო განცხადებით სამკვიდროს მიღებაზე უარი კი არ განაცხადა, არამედ დაადასტურა, რომ მას მამის სამკვიდრო არ მიუღია და მის მიღებას არც მომავალში აპირებდა. აღნიშნული შინაარსის მქონე ნების გამოვლენას კი კანონი არ კრძალავს.

62. საფუძვლიანია სააპელაციო პალატის დასაბუთება წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობასთან დაკავშირებითაც.

63. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრისას იურიდიული ინტერესის შეფასების შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ:

64. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.

65. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

66. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-838-802-2014).

67. საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-17-14-2015, 16.12.2015წ. საქმე №ას-1069-1008-2015).

68. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადოდ ვერ დაადასტურა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო გარიგებების ბათილად ცნობის შემდეგ მიიღებდა მამის სამკვიდრო ქონებას. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მან მამის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით მიიღო.

69. აღნიშნულის თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მითითება, რომ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მამის სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა უდავოდ ადასტურებს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტი უდავოდ დადგენილად უნდა ჩაითვალოს.

70. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ სადავო განცხადების გაფორმებით მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მამის სამკვიდრო არ მიუღია. სხვაგვარად სადავო განცხადების შინაარსის განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, რომ დადასტურდეს მოსარჩელის ქმედუუნარობა მის მიერ ნების გამოვლენის დროს, მას გარიგებათა ბათილობის ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა.

71. დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი მტკიცებულებით ვერ უარყო მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის არგუმენტი, რომ მოსარჩელეს სადავო განცხადების გაფორმების დროს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო საკუთარი მოქმედებების შედეგების შეგნება.

72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულია 2012 წლის 26 აპრილს, ანუ სადავო ნების გამოვლენის შემდეგ, ხოლო საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით კი არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2010 წლის 9 დეკემბერს (სანოტარო ბიუროში განცხადებით მიმართვისას), 2010 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელესა და პირველ შემძენს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, 2012 წლის 27 მარტს მოსარჩელესა და პირველ შემძენს შორის 2009 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ სანოტარო ბიუროში შეთანხმების დადასტურებისას, აგრეთვე 2011 წლის 25 მარტს უძრავი ქონების შეძენის შესახებ ხელშეკრულების დადებისას ცნობიერება ჰქონდა დაკარგული და იმყოფებოდა ფსიქიკური აშლილობის ვითარებაში. შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მიერ მითითებული სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი სამართლებრივი მოწესრიგების გამოყენების წინაპირობები.

73. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

74. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

75. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

76. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

77. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ.-ის კანონიერი წარმომადგენელი – ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი