Facebook Twitter

საქმე №330210116001271711

საქმე №ას-405-405-2018 13 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. ს.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. კ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დ. ს.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. კ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 23 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის ვალდებულება კრედიტორის – მოპასუხის მიმართ განისაზღვროს პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0,03%-ით – 690 აშშ დოლარით.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნის შემთხვევაში, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში იქნებოდა 19 720 აშშ დოლარი (2013 წლის 18 აპრილიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0,2%). მოპასუხემ გაითვალისწინა მოვალის მდგომარეობა და მის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა მხოლოდ 4600 აშშ დოლარი, ნაცვლად 19 720 აშშ დოლარისა. ამდენად, არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 23 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელის ვალდებულება კრედიტორის მიმართ პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა 2014 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0,03%-ით, რაც 2013 წლის 18 აპრილიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე შეადგენს 2 910 აშშ დოლარს.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლისა და 272-ე მუხლის ა1 პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სწორედ ზემოთ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ვითარება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის მიზანი მიღწეულია და მხარეებს შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია. შესაბამისად, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად შეფასება უნდა მოხდეს სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის საფუძველზე.

9. სააპელაციო პალატის დასკვნა ემყარება საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

10. 2013 წლის 18 იანვარს მოსარჩელესა და თავდაპირველ კრედიტორს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს სესხის სახით გადაეცა 10 000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო – გადასახდელი თანხის 0,2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

11. 2014 წლის 23 აგვისტოს ნოტარიუსმა თავდაპირველი კრედიტორის სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა: სესხის თანხის დავალიანება – 10 000 აშშ დოლარი, პროცენტი – 400 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის თანხის – 10 000 აშშ დოლარის 0,2% – 20 აშშ დოლარი 2013 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე.

12. სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

13. 2015 წლის 7 დეკემბერს ნოტარიუსმა 2014 წლის 23 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შეიტანა ცვლილება და სააღსრულებო ფურცელში თავდაპირველი კრედიტორი შეიცვალა მოპასუხით.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 7 მარტს აღძრული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე მოითხოვდა, რომ ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 23 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაუქმებულიყო და კრედიტორის – მოპასუხის მიმართ მოსარჩელის ვალდებულება განსაზღვრულიყო პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0,05%-ით – 1150 აშშ დოლარით.

15. 2016 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 23 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხის მიმართ მოსარჩელის ვალდებულების განსაზღვრა პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0,03%-ით – 690 აშშ დოლარით.

16. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 23 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელის ვალდებულება კრედიტორის მიმართ პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა 2014 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0,03%-ით, რაც 2013 წლის 18 აპრილიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე შეადგენს 2 910 აშშ დოლარს.

17. სააპელაციო პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო საქმეზე უდავოდ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2013 წლის 18 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იყო შესრულებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ჰქონდა 2013 წლის 18 აპრილიდან.

18. სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან პირგასამტეხლო იყო 4 600 აშშ დოლარი, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყებისას კრედიტორის მიერ შემცირებული იყო პირგასამტეხლოს ოდენობა და, სადავო სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ოდენობის – 0,2%-ის – 19 400 აშშ დოლარის ნაცვლად, მოთხოვნილი იყო 4 600 აშშ დოლარი, თუმცა საქმის მასალებით დადგინდა, რომ 4 600 აშშ დოლარი არ მოიცავდა 2013 წლის 18 აპრილიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდს. შესაბამისად, მოვალის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა უნდა განსაზღვრულიყო პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით.

19. მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს ნაწილში სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის შემცირებას 0,03%-მდე.

20. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნოტრიუსის მიერ 2014 წლის 23 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არათანაზომიერი იყო მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირებულიყო გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო და პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხა 2014 წლის 23 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განსაზღვრულიყო 2013 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0,03%-ით, რაც 2013 წლის 18 აპრილიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე შეადგენდა 2 910 აშშ დოლარს.

21. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის მიზანი მიღწეულია, მხარეებს შორის სადავო საკითხი კი გადაწყვეტილი, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა – მოსარჩელის ვალდებულება კრედიტორის მიმართ განსაზღვრულიყო პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0,03%-ით, დაკმაყოფილებულია.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს, რაც სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს.

23. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის – ძირითადი თანხის 0,03%-ის, ანუ – 2910 აშშ დოლარის შემცირებას 0.003%-მდე – 291 აშშ დოლარამდე.

24. აღნიშნული კუთხით სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 83-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 381-ე მუხლზე და განმარტა, რომ აპელანტს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირება 0,003%-მდე, განსხვავებით მის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული 0,03 პროცენტისა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

26. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში იგი ითხოვდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,003%-მდე. სასამართლომ კი პირგასამტეხლო შეამცირა მხოლოდ 0,03%-მდე, ამდენად, დავის საგანი ისევ არსებობს და აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო პალატას საქმის წარმოება არ უნდა შეეწყვიტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

28. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოსარჩელის სასესხო დავალიანებამ შეადგინა 10 000 აშშ დოლარი, პროცენტმა – 400 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლომ ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის – 10 000 აშშ დოლარის 0,2% – 20 აშშ დოლარი 2013 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე.

29. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 7 მარტს აღძრული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 23 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელის გაუქმება და კრედიტორის – მოპასუხის მიმართ მოსარჩელის ვალდებულების განსაზღვრა იმგვარად, რომ პირგასამტეხლო მოიცავდეს 2013 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0,05%-ს – 1150 აშშ დოლარით.

30. 2016 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 23 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხის მიმართ მოსარჩელის ვალდებულების განსაზღვრა პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0,03%-ით.

31. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 23 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელის ვალდებულება კრედიტორის მიმართ პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა 2014 წლის 18 აპრილიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 000 აშშ დოლარის 0,03%-ით, რაც 2013 წლის 18 აპრილიდან 2015 წლის 14 დეკემბრამდე შეადგენს 2 910 აშშ დოლარს.

32. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის იმაზე მეტად შემცირება, ვიდრე თავდაპირველ სარჩელში იყო მოთხოვნილი, კერძოდ, სადავო პირგასამტეხლოს განსაზღვრა ძირითადი თანხის 0.003%-ით – 291 აშშ დოლარით.

33. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის დაუშვებლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ი 83-ე და 381-ე მუხლებით. მითითებული ნორმების განმარტებაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.

34. სსსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

35. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს მსჯელობის საგანი უშუალოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილი დავის ფარგლებია და კანონმდებლობით ამ ფარგლების შეცვლას იმპერატიულად კრძალავს, სასამართლო კი, მოთხოვნის მართებულობას სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით (სსსკ-ის 377) (სუსგ 15.10.2012წ. საქმე №ას-1318-1244-2012, 7.07.2016წ. საქმე №ას-462-444-2016).

36. ამდენად, მხარეს სააპელაციო ინსტანციაში სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის საპროცესო უფლებამოსილება არ გააჩნია, მხარის ამგვარი პრეტენზია (რომლის შესაბამისადაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის მოცულობა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე მეტია) დაუშვებელია და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

37. დანარჩენ ნაწილში – სადავო პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის – 10 000 აშშ დოლარის 0,03%-ით განსაზღვრის შესახებ კი მოსარჩელის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია.

38. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ს.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე