Facebook Twitter

საქმე №-30210116001400850

საქმე №ას-449-449-2018 27 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.-ის“ თავმჯდომარე ე.-ე, წევრები – მ.-ე, თ.–ი, ნ.-ი, ზ.-ე, გ.-ა ჩ.-ე, შ.–ი, თ.--ე, დ.-ა, ბ.-ე (შემდგომში – მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.-ა“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ.-ასა“ და ნ. ლ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ქ..-ში, ჭ.-ის ქ. №..-ში მდებარე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც დღეისთვის ავარიულია და საჭიროებს გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას. ამჟამად დამთავრებულია შენობის მარჯვენა ფლანგზე განსახორციელებელი სამუშაოები, ხოლო მარცხენა ფლანგის სამუშაოები კი შეჩერებულია ბინათმესაკუთრე მოპასუხეების მიერ შეთანხმების დარღვევის გამო, რაც გამოიხატება გასამაგრებელი სამუშაოების წარმართვის ხელშეშლაში.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელე მხარეს ეთქვა უარი, რაც მოპასუხე შპს-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეებს აეკრძალოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, სანებართვო მოწმობის შესაბამისად (მშენებლობის ნებართვა – 09.12.270), განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელება.

7. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 25 აგვისტოს №4/136 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების წარმოების ნებართვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების №/09/12/270 სანებართვო მოწმობის შესაბამისად, ნებართვა გაიცა კონკრეტული ავარიული შენობის გამაგრებაზე. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 25 აგვისტომდე.

8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის №2218931 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს №ნ/09/12/270 სანებართვო მოწმობაში და ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 9 ოქტომბრამდე.

9. განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა მიერ განხორციელებული ქმედების – პროექტით გათვალისწინებული გამაგრებითი სამუშაოების დასრულებაში ხელშეშლის აღკვეთა, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვერ ახერხებს საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამაგრებას.

10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 9 ოქტომბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ჩატარების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან გასულია საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს №ნ/09/12/270 სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვადა, რა დროშიც უნდა მომხდარიყო აღნიშნული სამუშაოების ჩატარება. ვინაიდან სანებართვო მოწმობა ვადაგასულია, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი იქნებოდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად, სანებართვო მოწმობის შესაბამისად განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელების აკრძალვის კანონისმიერი საფუძველი აღარ არსებობს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელე მხარემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოცემული დავის საგანია მოპასუხეთა მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა სანებართვო მოწმობის შესაბამისად განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელების აკრძალვის კანონისმიერი საფუძველი.

13. აღნიშნული მსჯელობით სააპელაციო პალატა უხეშად გასცდა წინამდებარე დავის ფარგლებს, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის არსებობა/არარსებობა არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს. იმ პირობებში, როდესაც ხელშეშლის ფაქტი დადასტურებულია, ნებართვის ვადის გასვლაზე აპელირება არარელევანტურია.

14. მხარის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება გამოიწვევს მხარეთა შორის არსებული დავის უსასრულოდ გაგრძელებას, რადგან მოსარჩელეები იძულებული იქნებიან, ყოველ ჯერზე მიიღონ ახალი სამშენებლო ნებართვა და წამოიწყონ ახალი დავა მოპასუხეთა წინააღმდეგ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარისათვის უცნობია, თუ რა ვადით უნდა გაგრძელდეს ნებართვის მოქმედება და რა პერიოდის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს მოპასუხეთა ხელშეშლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

17. საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები ასახულია სსსკ-ის 272-ე მუხლში, რომლის „ა1“ ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

18. კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.

19. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 25 აგვისტოს №4/136 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების წარმოების ნებართვა.

21. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების №/09/12/270 სანებართვო მოწმობის შესაბამისად, ნებართვა გაიცა კონკრეტული ავარიული შენობის გამაგრებაზე, სადაც დაფუძნებულია მოსარჩელეთა ამხანაგობა.

22. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 25 აგვისტომდე.

23. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის №2218931 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს №ნ/09/12/270 სანებართვო მოწმობაში და ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 9 ოქტომბრამდე.

24. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვერ ახერხებს საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამაგრებას, რადგან მოპასუხე მხარე ხელს უშლის პროექტით გათვალისწინებული გამაგრებითი სამუშაოების დასრულებას.

25. სააპელაციო პალატამ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად ჩათვალა ის გარემოება, რომ საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს №ნ/09/12/270 სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვადა გავიდა, ამდენად, სანებართვო მოწმობის შესაბამისად განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელების აკრძალვის კანონისმიერი საფუძველი აღარ არსებობს.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების აღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული არგუმენტი საქმის წარმოების შეწყვეტისა და დავის გადაწყვეტილად ჩათვლის წინაპირობას არ ქმნის.

27. ზემოთ დასახელებული სამშენებლო ნებართვა, რომლის ვადის გასვლაც სააპელაციო პალატამ საქმის წარმოების შეწყვეტას დაუდო საფუძვლად, წარმოადგენს საქმეზე დართულ ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და აღნიშნულის შედეგად დავის განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, დასტურდება თუ არა მოპასუხე მხარის მიერ თავის უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი და რამდენად არსებობს მოსარჩელეთა ლეგიტიმური ინტერესების განხორციელებაში უკანონო ხელშეშლა. მითითებული საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ დავის არსებითად განხილვის პროცესში.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე არასწორად შეწყდა, რის გამოც აღნიშნული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.-ის“ თავმჯდომარე – ე.-ის, წევრების – მ.-ის, თ.–ის, ნ.-ის, ზ.-ის, გ. ჩ.-ის, შ. შ.–ის, თ. ჩ.-ის, დ. ც.-ასა და ბ. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე