საქმე №010298818700056243
საქმე №ას-497-497-2018 20 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს „კ.-ა“ (განმცხადებელი, საარბიტრაჟო მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ.-ა, ნ. დ.-ე, მ. თ., ს. თ.- (საარბიტრაჟო მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. სს „კ.-ამ“ (შემდგომში – განმცხადებელი, საარბიტრაჟო მოსარჩელე, გამსესხებელი, საჩივრის ავტორი) განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მ. ქ.-ას, ნ. დ.-ის, მ. თ.-ისა და ს. თ.-ის (შემდგომში – საარბიტრაჟო მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ხ.-ის რაიონში, სოფელ ა.-ში №- სახლში მდებარე №.. ბინის (საკადასტრო კოდი №-..) იპოთეკით დატვირთვისა და გასხვისების აკრძალვის მოთხოვნით.
განცხადების საფუძვლები:
2. განმცხადებელმა განმარტა, რომ 2018 წლის 19 თებერვლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო მოსარჩელის პრეტენზია დაკმაყოფილდა, თუმცა მხარეთა შეთანხმებით გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოვალე მხარეს მიეცა გარკვეული ვადა, რის გამოც სააღსრულებო ფურცელი არ ამოწერილა.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 271-ე მუხლის საფუძველზე განმცხადებელმა მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, საარბიტრაჟო მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რაიმე სახით განკარგვის აკრძალვა (იპოთეკით დატვირთვა, გასხვისება).
4. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მსესხებლის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. სოლიდარული მოვალე კი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი უძრავი ქონება გასხვისდება საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე, რის შედეგადაც გამსესხებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:
6. სსსკ-ის 35612 მუხლის პირველი ნაწილის, 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის, ასევე 35618 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელზე, რომლის უზრუნველყოფაც განმცხადებელმა მოითხოვა, მიღებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია, სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკების შემცირება/აღმოფხვრა. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვა ხდება გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს უზრუნველყოფის სხვა სახეს, რომელიც გათვალისწინებული არ არის სსსკ-ის XXIII თავში, არამედ მოცემულია სსსკ-ის XXVIII თავის 271-ე მუხლში.
7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან საარბიტრაჟო სარჩელი განხილულია და მიღებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და საარბიტრაჟო მოსარჩელის სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შემთხვევაში, დაკისრებული დავალიანების გადახდევინების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება გათვალისწინებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააღსრულებო წარმოების ფარგლებში.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
9. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადების ქვესათაური – განცხადება (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს და განცხადება შინაარსობრივი, ასევე, სამართლებრივი დასაბუთების მიხედვით, წარმოადგენს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას.
10. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია და ის ამ ფაქტის მიმართ არაკეთილსინდისიერია. ხშირად საარბიტრაჟო მოპასუხეები ქონებას ასხვისებენ, ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზნით. მოვალესა და საკრედიტო დაწესებულებას შორის სამართლებრივი ურთიერთობის დროს არსებობს როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონების გასხვისების მაღალი რისკი, რაც სწრაფად რეაგირებას საჭიროებს.
11. საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ მოთხოვნილი იყო მხოლოდ გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა სოლიდარული მოვალის უძრავ ქონებაზე, რაც თანაზომიერებისა და თანასწორობის პრინციპის ფარგლებში დაყენებულ მოთხოვნას წარმოადგენს. ამ ტიპის უზრუნველყოფის ღონისძიებით არ იზღუდება მესაკუთრის საკუთრების უფლება შეუსაბამოდ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს საკმაოდ სოლიდური ვალდებულება.
12. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მოიცავს სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობასაც, მაგალითად: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში – შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ აღნიშნა, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. იგივე პრაქტიკას ემყარება ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის მე-6 მუხლი, რომლის მიხედვითაც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება ილუზორული და არარეალური იქნებოდა, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარე ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით განმცხადებლის საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი საფუძვლებით:
14. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის, 35618 მუხლის მეორე ნაწილისა და 191-ე მუხლის საფუძველზე საქმის მასალების მიხედვით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე საარბიტრაჟო სასამართლომ 2018 წლის 19 თებერვალს მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორს შესაძლებლობა ჰქონდა, მიემართა სასამართლოსთვის ან/და შესაბამისი საარბიტრაჟო დაწესებულებისთვის და მოეთხოვა სარჩელის უზრუნველყოფა, რაც არ განუხორციელებია.
15. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინება დასაბუთებულია, საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მისი გაუქმების პროცესუალურ თუ სამართლებრივ საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
18. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
19. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
20. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
21. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).
23. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საჩივარი ეხება საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხს.
24. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
25. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
26. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილა იმაზე მითითებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვა ხდება გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახეს, რომელიც გათვალისწინებულია არა სსსკ-ის XXIII თავში, არამედ XXVIII თავის 271-ე მუხლში. შესაბამისად, მხარეს შესაძლებლობა გააჩნდა, მიემართა სასამართლოსათვის ან/და შესაბამისი საარბიტრაჟო დაწესებულებისათვის და მოეთხოვა სარჩელის უზრუნველყოფა.
27. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლი წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას. იგი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება სსსკ-ის XXIII თავის ნორმების საფუძველზე.
28. შესაბამისად, თუ მხარეს საქმის განხილვის ეტაპზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ მოუთხოვია, აღნიშნული გარემოება გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემზღუდველი ფაქტორი ვერ გახდება.
29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტის უმთავრესი მიზანია დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშეწყობა. გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელი გარემოებები შეიძლება წარმოიშვას არა მხოლოდ საქმის წარმოების მიმდინარეობისას, არამედ გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც. კანონმდებლის დათქმით, უზრუნველყოფილი შეიძლება იქნეს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილება.
30. რაც შეეხება გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის დასაბუთებულობას, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო პრეტენზია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი არ ამოწერილა. განმცხადებლის მითითებით, მხარეთა შორის არსებობს გარკვეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება გარკვეული დროით გადავადებულია. მოვალის ფინანსური მდგომარეობის გართულების გამო, არსებობს იმის საშიშროება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას საშიშროება შეექმნას.
31. აღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად უთხრა უარი განმცხადებელს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და განცხადება დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლ.-ს“ 2018 წლის 19 თებერვლის №.. გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხე მ. თ.-ს (პირადი №..) აეკრძალოს მის სახელზე რიცხული ხ.-ის რაიონში, სოფელ ა.-ში №.. სახლში მდებარე №.. ბინის (საკადასტრო კოდი №..) იპოთეკით დატვირთვა და გასხვისება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „კ.-ას“ საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტისა და 2018 წლის 11 აპრილის განჩინებები.
3. სს „კ.-ას“ განცხადება შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლ.-ს“ 2018 წლის 19 თებერვლის №.. გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდეს, მ. თ.-ს (პირადი №..) აეკრძალოს მის სახელზე რიცხული ხ.-ს რაიონში, სოფელ ა.-ში №.. სახლში მდებარე №.. ბინის (საკადასტრო კოდი №..) იპოთეკით დატვირთვა და გასხვისება.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე