საქმე №ას-328-328-2018 8 მაისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.ბ. (მოპასუხის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბანკი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ნ.ბ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან გარდაცვლილი) და ბ.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ....., ს/კ ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება, სადავო ქონება ან სადავო საცხოვრებელი ბინა) გამოთხოვას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმისწარმოება, აპელანტის გარდაცვალების გამო. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 272-ე მუხლის „ე“ პუნქტით იხელმძღვანელა და განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, რადგანაც სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, უფლებამონაცვლეობა დაუშვებელი იყო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება უნდა შეწყვეტილიყო.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი.ბ–მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორი ან გარდაცვლილის დედა) მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა :
4.1. მისი შვილის (აპელანტის) გარდაცვალების გამო, საქმისწარმოება უსაფუძვლოდ შეწყდა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გარდაცვლილის უფლებამონაცვლე უნდა დაედგინა და ისე გაეგრძელებინა საქმის განხილვა;
4.2. საქმისწარმოების შეწყვეტით, მას და გარდაცვლილის სხვა ოჯახის წევრებს, რომლებიც სადავო საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობენ, ერღვევათ კანონიერი უფლებები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება, აპელანტის გარდაცვალების გამო, იმ მოტივით შეწყდა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, უფლებამონაცვლეობა დაუშვებელი იყო. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმისწარმოება კი არ უნდა შეეწყვიტა, არამედ, მას გარდაცვლილის უფლებამონაცვლე უნდა დაედგინა და გაეგრძელებინა საქმის განხილვა, რადგანაც საქმისწარმოების შეწყვეტით ილახება, როგორც მისი, ისე - აპელანტის იმ ოჯახის წევრთა უფლებები, რომლებიც სადავო ბინაში ამჟამად ცხოვრობენ.
8. სსსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
9. კანონის მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში (შდრ. №ას-54-53-2014, 30.04.2015).
10. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, როგორც მესაკუთრე, მოითხოვდა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, რაც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს ეფუძნება. ამ უფლების მოწინააღმდეგე მხარეა მხოლოდ არაუფლებამოსილი მფლობელი. აწ გარდაცვლილ პირველ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება). პირიქით, მან საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სარჩელი. აქედან გამომდინარე, რადგანაც ნივთის ფლობას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ვერც აპელანტის მემკვიდრეებზე გადავიდოდა რაიმე სახის უფლება (სსკ-ის 157-ე მუხლი). კანონის თანახმად, მატერიალურსამართლებრივი უფლებამონაცვლეობა განაპირობებს საპროცესო უფლებამონაცვლეობას. მატერიალურსამართლებრივი უფლებამონაცვლეობის დროს ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა იღებდეს თავის თავზე განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში მისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს (შდრ.სუსგ # ას- 223-215-2012, 03.05.2012წ.).
11. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
12. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ბ.ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი