საქმე №ას-381-381-2018 04 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,გ–ი +’’ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჯ- ერი’’ (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჯ-ერმა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან გამყდველი ან კრედიტორი ან აპელანტი) სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს „გ-ი +“-ის (შემდეგში: მყიდველი ან მოვალე ან მოპასუხე ან კასატორი) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 360 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 477-ე მუხლი].
2. გამყიდველის განმარტებით, მან მყიდველს 2013 წლის 15 აგვისტოდან 2014 წლის 17 ოქტომბრამდე მოპასუხეს მიაწოდა 1 543 924.93 ლარის ღირებულების პროდუქცია, მყიდველმა გადაიხადა მხოლოდ თანხის ნაწილი, შესაბამისად, მას ასანაზღაურებელი დარჩა 360 000 ლარი [სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი].
3. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტ შედავებაში ნასყიდობის საფასურის სრულად დაფარვის ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა, რაც მისი მოსაზრებით, სარჩელის აღძვრის დროისათვის დავალიანების არსებობას გამორიცხავდა [სსკ-ის 427-ე მუხლი].
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის საფასური - 92910.89 ლარი.
5. გადაწყვეტილ;ების ნაწილობრივი გაუქმების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 267 089.11 ლარის გადახდა.
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 327-ე და 477-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მყიდველს შესასყიდი საქონლის საფასურის გადახდის ვალდებულება მას შემდეგ წარმოეშობა, რაც გამყიდველი საქონლის ანდა საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მყიდველისათვის გადაცემის ვალდებულებას შეასრულებს.
7. აპელანტის/მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სააპელაციო პალატის მოსაზრებით იყო დასტური იმისა, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ერთიანი ნასყიდობის ხელშეკრულება და ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ შესასრულებელი დარჩენილი ვალდებულება შეადგენდა 267 089.11 ლარს.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მხოლოდ ელექტრონული ანგარიშფაქტურების საფუძველზე ვერ დადგინდება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობისა და მის საფუძველზე მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის არსებობა, რადგანაც ანგარიშფაქტურა წარმოადგენს მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტს დამატებითი ღირებულების გადასახადისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის და ამასთან, მასში არ მიეთითება ნასყიდობის ერთეული ფასი, არ იქნა გაზიარებული.
9. ასევე, არ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მხარეთა შორის არ მომხდარა ერთიანი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, ვინაიდან ელექტრონულ ანგარიშფაქტურაში არ არის მოცემული ნასყიდობის საგნის ერთეულის ფასი.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია სსკ-ის 477-ე მუხლიდან გამომდინარე, ნასყიდობის ფასზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად არ ითვლება, თუმცა, განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები ასახავდა როგორც მიწოდებული საქონლის დასახელებას, ასევე, რაოდენობასა და ჯამურ ღირებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა. საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლომ დასახელებული კოდექსის 175-ე მუხლის მიზნებისათვის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ მიიჩნია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტად, რომელიც დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშფაქტურის დასადასტურებლად პირი შემოსავლების სამსახურების ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა იყოს ავტორიზებული, ანუ პირს უნდა ჰქონდეს ელექტრონულ სისტემის წვდომისათვის საჭირო ინფორმაცია: პირადი ნომერი და პაროლი, რაც მხოლოდ მომხმარებლისათვის არის ცნობილი.საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. ანგარიშფაქტურა საგადასახადო-სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას.
11. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილად იქნა მიჩნეული.
12. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი იყო სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც საჭიროებს აღრიცხვისა და დადასტურების განსხვავებულ ეტაპებს. წარმოდგენილ ანგარიშფაქტურებს მინიჭებულ ჰქონდათ უნივერსალური/მაიდენტიფიცირებული შვიდრიცხვიანი შტრიხ კოდი. აღნიშნული კოდი კი საგადასახადო ანგარიშფაქტურას ენიჭება შემოსავლების სამსახურის სპეციალური პროგრამის მიერ ავტომატურად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე მხარის (საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიმღების) მიერ განხორციელდა შესაბამისი ანგარიშფაქტურის პროგრამული დადასტურება. ამასთან, მხოლოდ მეორე მხარის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურების შემდეგ ხდება პროგრამული ტრანსპორტირების დაწყების ელექტრონული ველის გააქტიურება და შესაბამისი თარიღის მითითება.
13. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენდა. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი ელექტრონული ანგარიშფაქტურებით შესაძლოა დადასტურებული ყოფილიყო მხარის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულების ფაქტი.
14. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები ადასატურებდა, მყიდველის მიერ ნავთობის ბიტუმის მიღებას. ყველა ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურას მინიჭებული ჰქონდა ინდივიდუალური, მაიდენტიფიცირებელი შტრიხკოდი, რომლის მინიჭების წინაპირობას წარმოადგენდა მყიდველის მიერ შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის პროგრამული დადასტურება, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქონლის ტრანსპორტირება.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის ფაქტი დადასტურებულად იქნა მიჩნეული, ხოლო საპირისპირო მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოპასუხემ (მყიდველი) გადაიხადა მიღებული საქონლის საფასური არ დასტურდებოდა.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. საკასაციო საჩივარი ეფუძნება სსსკ-ის 393-394-ე მუხლების დარღვევას, სახელდობრ, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. სახელდობრ, კასატორი აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ თავად უნდა მოახდინოს მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების წარმოდგენა თავისი ინტერესების დასაცავად. აღნიშნული კი მიუთითებს შემდეგს: თუ მოსარჩელე გარკვეული გარემოებების წარმოუდგენლობით ვერ ამართლებს თავის მოთხოვნას, მოპასუხე მხარე არ არის ვალდებული შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს მოსარჩელეს და პირიქით, მოპასუხეს შეუძლია მოსარჩელის დაუსაბუთებელ მოთხოვნაზე ააგოს თავისი პოზიცია.
18. განსახილველ საქმეში აპელანტი უთითებდა რომ მიწოდებული საქონლის საერთო ღირებულება იყო 1543924.93 ლარი და აღნიშნული თანხიდან ითხოვდა 360000 ლარს (სააპელაციო მოთხოვნა 267089.11 ლარი). აპელანტმა სასამართლოს მიანდო თავისი მოთხოვნის დასაბუთების წარმოდგენა. კერძოდ, იგი არ უთითებს 1543924.93 ლარიდან რომელი კონკრეტული ნასყიდობიდანაა წარმოშობილი ვალდებულება. შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო ამის განსაზღვრის უფლებას მოკლებულია.
19. კასატორის მითითებით, სარჩელის წარმატებულობისათვის მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა კონკრეტულად იმ ნასყიდობის დამადასტურებელი საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა დავალიანების არსებობას. კერძოდ, შედარების აქტი, სასაქონლო ზედნადები, ჩვენს მიერ გადახდილი თანხების საბუღალტრო აღრიცხვა და არა მხოლოდ ანგარიშფაქტურა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ ანგარიშფაქტურას წარმოადგენდა მას თანდართული უნდა ჰქონოდა საბუღალტრო დოკუმენტი ან რაიმე სახის მიწერილობა მაინც პრეტენზიის სახით ორგანიზაციის სახელზე. აპელანტი მხოლოდ აცხადებდა, რომ მან ეტაპობრივად მოგვაწოდა ხელშეკრულების გარეშე 1543924.93 ლარის საქონელი და წარმოადგინა ცალ-ცალკე გამოწერილი ანგარიშფაქტურები და აცხადებდა რომ ამ თანხიდან დავალიანება შეადგენს 360000 ლარს.
20. კასატორის მითითებით, სარჩელის წარმატებულობისათვის მოსარჩელეს შეეძლო აერჩია უფრო იოლი გზა. კერძოდ, თუ მას მიაჩნდა, რომ ვალდებულება არსებობდა 360000 ლარზე, ხოლო მთლიანი ვალდებულებითი ჯამი შეადგენდა 1543924.93 ლარს, წარმოედგინა სასამართლოსათვის მოპასუხის მიერ გადახდილი ყველა საბუღალტრო დოკუმენტი და სასამართლოში 360000 ლარზე მოთხოვნის წარმოდგენა საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ნათელი იქნებოდა.
21. ასევე, მოსარჩელეს შეეძლო წარმოედგინა მხოლოდ კონკრეტული იმ ნასყიდობის საბუღალტრო დოკუმენტაცია და მათთან ერთად ანგარიშფაქტურა, რომელიც კონკრეტულად მიუთითებდა 360000 ლარის დავალიანების არსებობაზე.
22. ამის საწინაარმდეგოდ კი, მოსარჩელემ არ განახორციელა თავისი უფლებების დაცვა სრულყოფილად, ვინაიდან იგი არის კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი (შპს), მას გააჩნია საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ სასამართლოს არ წარუდგინა მის ხელთ არსებული არცერთი საბუღალტრო დოკუმენტი სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
25. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა.
26. კასატორის პრეტენზია ეფუძნება ხელშემკვრელ მხარეთა შორის (გამყიდვველი და მყიდველი) მტკიცების ტვირთის არასწორ გადანაწილებას. კასატორის მოსაზრებით სწორედ გამყიდველი იყო ვალდებული ემტკიცებინა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების, საქონლის მიწოდების ფაქტობრივი გარემოება და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოიშობოდა მყიდველის მხრიდან მიღებული საქონლის საფასურის გადახდის მტკიცების ვალდებულება.
27. კასატორის მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველმა/მოსარჩელემ სათანადოდ ვერ დაადასტურა საქონლის ფასზე შეთანხმების არსებობა, საქონლის მიწოდება [სსკ-ის 327-ე მუხლი], ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ შეუმსუბუქა მოსარჩელეს/გამყიდველს მისი წილი მტკიცების ტვირთი და საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების საფუძველზე ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოშობილად მიიჩნია და გადახდის მტკიცების ტვირთი უმართებულოდ გადააკისრა მოპასუხეს/მყიდველს.
28. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მხარეთა შორის სადავოა რა ნავთობის ბიტუმზე ნასყიდობის ხელშეკრულების წარმოშობა, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია ნასყიდობის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა გამყიდველის მხარეზეა [სსკ-ის 477-ე და 327-ე მუხლები]. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ გამყიდველია ვალდებული ამტკიცოს, რომ სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე გადასცა მყიდველს გარკვეული რაოდენობის საქონელი (ნავთობის ბიტუმი). მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამყიდველი (მოსარჩელე) შესძლებს დაადასტუროს მყიდველისათვის (მოპასუხე) საქონლის მიწოდების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, შემხვედრი ვალდებულების მტკიცების ტვირთი მიღებული საქონლის საფასურის ანაზღაურების თაობაზე დაეკისრება (გადაინაცვლებს) მყიდველს (მოპასუხეს).
29. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრება, რომ არარსებული მტკიცების მოვალეობა დაეკისრა მყიდველს (მოპასუხეს) გაზიარებული ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ გამყიდველისათვის დაკისრებული საპროცესო მოვალეობის შესრულების მიზნით, საქმეში წარმოდგენილ ანგარიშფაქტურებს, რაც გამყიდველის მითითებით ადასტურებდა საქონლის მიწოდების შესახებ სადავო გარემოებას და წარმოუშობდა მყიდველს საფასურის გადახდის მოვალობას, სწორად მიენიჭა მტკიცებულების მნიშვნელობა სსკ-ის 477-ე მუხლის მიზნებისათვის. ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაშვებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისა, მიაკუთვნებს ასევე ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც, მიუხედავად მათი შინაარსისა, არ არის ვარგისი ამა თუ იმ გარემოების სამტკიცებლად, ვინაიდან ამ გარემოების დამამტკიცებელი დოკუმენტის სახე თვითონ კანონმა - კონკრეტულმა ნორმამ განსაზღვრა, ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით (სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი). მოცემული შემთხვევა განსხვავდება მტკიცების სპეციალური სტანდარტის არსებობის აუცილებლობისაგან [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი], გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები მოძრავ ნივთებთან (განსახილველ შემთხვევაში, პროდუქცია) რაიმე მითითებას სპეციალური მტკიცებულების არსებობაზე არ შეიცავს. მაშასადამე, რელევანტურ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნული გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები. იმავდროულად, გასათვალისწინებელია ანგარიშფაქტურების, როგორც ვარგისი მტკიცებულების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ., სუსგ №ას-599-574-2016, 23 სექტემბერი, 2016 წელი), რომელშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო-სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას.
30. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რაც იმავდროულად, ადასტურებდა მყიდველის მიერ საქონლის მიღებასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის ფაქტი სწორად იქნა დადასტურებული, ხოლო საპირისპირო მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოპასუხემ (მყიდველი) გადაიხადა მიღებული საქონლის სრული საფასური არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების წარმოშობის ფაქტის დადასტურების საპროცესოსამართლებრივ საკითხებზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
35. განსახილველ საქმეზე, კასატორის მიერ წინასწარაა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1400 ლარი, რომელიც შეადგენს მთლიანი სახელმწიფო ბაჟის 30%-ს. აღნიშნული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,გ–ი +’’-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1400 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე