საქმე №ას-489-489-2018 18 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-–იას“ უფლებამონაცვლე სს „გ---ა“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვარი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე) და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ე–ია“-ს (შემდეგში: მოპასუხე) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომელიც შეეხებოდა დიალიზისა და თირკმლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მასალისა და მედიკამენტების შესყიდვასა და მიწოდებას 2015 წლისათვის.
2. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 988 848 ლარით.
3. ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. ქ/პუნქტის თანახმად, საქონლის დარიგება/მიწოდება უნდა განხორციელებულიყო შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
4. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელს უნდა წარედგინა მომსახურე ორგანიზაციების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელწერილი მიღება-ჩაბარების აქტი მიწოდებული საქონლის დასახელების, რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 ქ/პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებისათვის განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.1%. ამავე მუხლის 12.2 ქ/პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების 8.4. პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.2% ოდენობით (იხ. ტომი 1, ს.ფ 20-23).
6. 2015 წლის 17 მარტის შეთანხმებით 2014 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების 14.5, 2.1. პუნქტსა და მე-4 მუხლში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1 069 618.42 ლარით (იხ. ტომი 1, ს/ფ 26-28).
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს - 162,976.62 ლარის გადახდის მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 417-ე, 418-ე, 361.2 მუხლები].
8. მოპასუხემ სარჩელთან ერთად განსახილველად წარადგინა შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების 8.4 და 12.2 პუნქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით [სსკ-ის 346-ე, 54-ე მუხლები].
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოთხოვნა მოპასუხისათვის 8,148.83 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნა 154,827.79 ლარის დაკისრების ნაწილში უარყოფილი იქნა. შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების 8.4 და 12.2 პუნქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
10. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-6-ში მითითებული გარემოებები.
11. საქალაქო სასამართლომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულება არაჯეროვნად შესრულებულად მიიჩნია. სასამართლოს ამგვარი შეფასება დაეყრდნო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც მედიკამენტების მიწოდების ვადის გადაცილებას ისე, მიწოდების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოსარჩელისთვის დაგვიანებით წარდგენას. მთლიანობაში, სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოპასუხის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 162,976.62 ლარს.
12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. სააპელაციო საჩივარში აპელანტი იმ გარემოებაზე ამყარებდა თავის პრეტენზიას, რომ მას თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა უზრუნველსაყოფად სამკურნალო საშუალების „ერითროპოეტინის“ დროული შესყიდვის მიმართ გააჩნდა გადაუდებელი საჭიროება (ხელშეკრულების დროული შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესი). სასამართლომ კი, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად, პროგრამის განხორციელების მიზნით სამინისტროს მოუხდა ახალი ტენდერის გამოცხადება და ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რამაც გამოიწვია მოწოდების ვადებისა და ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილება. აღნიშნულმა კი, ზოგადად საფრთხე შეუქმნა პროგრამის განხორციელებას.
13. იმავდროულად, აპელანტმა სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს შემცირება.
14. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შეიცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 16,297.6 ლარის ოდენობით.
15. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სს „გ---ა“ (შემდეგში: მოპასუხის უფლებამონაცვლე) [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 92-ე მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განჩინების პპ: 1-6-ში მითითებული გარემოებები.
17. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელშეკრულებო ურთიერთობებში პირგასამტეხლოს ფუნქციაზე, დაკისრების წინაპირობებსა [სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები] და სასამართლო პრაქტიკაზე.
18. სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1 ქ/პუნქტის თანახმად, საქონლის დარიგება/მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა მომსახურე ორგანიზაციების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი მიწოდებული საქონლის დასახელების, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
19. ამავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 ქ/პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებისათვის განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით გადაიხდიდა პირგასამტეხლოს სახით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.1%-ს. ხოლო ხელშეკრულების 12.2 ქ/პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ს ოდენობით.
20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ აღიარა მედიკამენტების მიწოდებისათვის დადგენილი ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სულ 2 141.58 ლარის ოდენობით, ხოლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ დოკუმენტაციის დაგვიანებით წარდგენისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მიიჩნია.
21. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 2 აპრილის მხარეთა შეთანხმებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულება შეწყდა არა მხარის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, არამედ მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2015 წლის 19 მაისს ხელშეკრულება კვლავ დაიდო იმავე მხარეებს შორის და იმ განსხვავებით, რომ შეიცვალა საქონლის ფასი, რაც ადასტურებდა მოპასუხის მითითებას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო არა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება.
22. ამასთან, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების 8.4, 12.2 მუხლების (დოკუმენტაციის დაგვიანებით მიწოდებისათვის პირგასამტეხლოს დაწესების ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, კანონიერ ძალაში იყო შესული, რაც ამ ნაწილში, პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებში დაკისრების წინაპირობებს წარმოშობდა.
23. იმავდროულად, პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს იმგვარად შემცირება, როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იყო მოცემული, უკარგავდა პირგასამტეხლოს ფუნქციურ დანიშნულებას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 395 334.77 ლარი, ხოლო დოკუმენტაციის დაგვიანებით მიწოდების გამო, პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულებით დარიცხული თანხის ოდენობა შეადგენდა 162 976.62 ლარს, პალატამ მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, აგრეთვე, ორივე მხარის კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 16 297.6 ლარით.
24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და პირგასამტეხლოს სრული ოდენობით დაკისრება.
25. კასატორის განმარტებით, ჯეროვნად არ შეფასდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა საკითხის მნიშვნელობას - სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატების მიწოდებას. პრეპარატების მიწოდება სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა და მოითხოვდა ვალდებულებათა შესრულების მყარ გარანტიას. პირგასამტეხლოს იმ ოდენობით დაკისრება, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი კარგავს პირგასამტეხლოს ფუნქციურ დანიშნულებას.
26. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოპასუხის უფლებამონაცვლე წარმოადგენს ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომლისთვისაც 16 297 ლარი არ წარმოადგენს სანქციის იმ ოდენობას, რომელიც იქნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტია.
27. კასატორი განმარტავს, რომ სასამართლო საკუთარ არგუმენტებთან მოვიდა წინააღმდეგობაში. კერძოდ, ერთის მხრივ მიუთითა პირგასამტეხლოს არსზე, როგორც ვალდებულების შესრულების გარანტიაზე და მეორეს მხრივ „შესაბამის ოდენობად“ მიიჩნია თანხა, რომელიც არ გამოდგება პროპორციულ საშუალებად, რომ ატარებდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ფუნქციას. აქვე კასატორი აღნიშნავს, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში, ისევე როგორც კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოცემულ რეკომენდაციებში, არაერთგზის მითითებულია, რომ ხელშეკრულების შესრულებისა და მხარის დაღვეული უფლების კომპენსირებისათვის პირგასამტეხლოს განსაზღვრა მიზანშეწონილია მთლიანი - სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 10%-ით, ხოლო იმ შემთვევაში, როდესაც სახეზეა მხარის განსაკუთრებული ინტერესი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, სრულიად შესაბამისი ოდენობაა პირგასამტეხლოს განსაზღვრა „ხელშეკრულების ფასის“ 15%-მდე ოდენობით.
28. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების „8.4“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია პროგრამის შეფერხება, ვინაიდან, ვეღარ ხერხდებოდა გაწერილი გრაფიკით პროგრამის ადმინისტრირება. შესაბამისი თანამდებობის პირებს, ნაცვლად იმისა, რომ წერილობით მიეღოთ ინფორმაცია მედიკამენტების მიწოდების შესახებ, თავად უწევდათ უშუალოდ ადგილზე ჩასვლა და მედიკამენტების გადამოწმება, რამაც ბუნებრივია გამოიწვია მთლიანი სისტების აღრევა და პასუხისმგებლობის სხვა პირებზე გადანაწილება, რამაც შეაფერხა პროგრამის ადმინისტრირება.
სარეზოლუციო ნაწილი:
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
31. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ვალდებულების დარღვევისთვის მოვალისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ ვალდებულების არსთან, მისი ჯეროვანი შესრულების მიმართ კრედიტორის განსაკუთრებულ ინტერესთან და ხელშეკრულების მთლიან ფასთან მიმართებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს სახით მოვალისათვის დაკისრებული 16,297.6 ლარი, არ ატარებს კრედიტორისათვის წარმოშობილი ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას [სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 394-ე. 417-ე მუხლები]. შესაბამისად, კასატორი მოითხოვს მოპასუხის უფლებამონაცვლისთვის სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებას (ამ განჩინების პ- 7).
32. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინების საფუძვლებს [სსსკ-ის 407.2 მუხლი] პირგასამტეხლოს ოდენობასთან (განაკვეთი) დაკავშირებით, და მის სამართლებრივ შეფასებას.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა. შდრ: სუსგ №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; № ას-794-761-2016, 13 მარტი, 2017 წელი; Nაs-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი.
34. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ, რომ „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთსა და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პრგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად“ (იხ., სუსგ №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
35. ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეში (შდრ: სუსგ Nაs-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი). საკასაციო პალატამ იმსჯელა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების აუცილებლობაზე და თავისი გადაწყვეტილება სსკ-ის 420-ე მუხლის ლეგიტიმური საფუძვლით დაასაბუთა, რომელიც სასამართლოს უფლებას აძლევს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამ საქმეზე მხედველობაში იქნა მიღებული საქმის კონკრეტულ გარემოებები, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან: პირგასამტეხლო გადაიხდებოდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ხოლო შესრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ნივთის- სახლისა და ავტოსადგომის აშენება, რომელიც დაგვიანებით, მაგრამ შემკვეთს ვარგის მდგომარეობაში გადაეცა. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების საგნის ღირებულება შეადგენდა 97 132 აშშ დოლარს, მის ღირებულებასთან მიმართებით ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით, 21 521.94 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალი იქნებოდა, რის გამოც, იგი შემცირდა 16 000 აშშ დოლარამდე. სხვა საქმეშიც (შდრ: სუსგ №ას-853-817-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი) კრედიტორი მეწარმე სუბიექტს ვალდებულების დარღვევის გამო,პირგასამტეხლოს სახით სთხოვდა 239 670,73 ლარს. დასახელებულ საქმეში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გარკვეულ ნაწილში (იხ., მითითებული გადაწყვეტილება) ვალდებულების შესრულების მიუხედავად ისიც დასტურდებოდა, რომ ვალდებულება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში არ შესრულდა, რაც კრედიტორს აძლევდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, რომლის ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მის თანაფარდობა, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებთან და ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი 239 670.73 ლარისა მოსარჩელეს მიაკუთვნა - 89 815.14 ლარი.
36. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების საფუძველი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, და სხვა.
37. საგულისხმოა, რომ განსახილველ საქმეში კრედიტორის პრეტენზია ემყარება ხელშეკრულების შესრულების მიმართ კრედიტრის განსაკუთრებულ ინტერესს, სახელდობრ, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა უზრუნველსაყოფად სამკურნალო საშუალების „ერითროპოეტინის“ დროული შესყიდვის მიმართ გააჩნდა გადაუდებელი საჭიროება (ხელშეკრულების დროული შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესი). ხელშეკრულების „8.4“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობამ კი, გამოიწვია პროგრამის შეფერხება, ვინაიდან, ვეღარ ხერხდებოდა გაწერილი გრაფიკით პროგრამის ადმინისტრირება. შესაბამისი თანამდებობის პირებს, ნაცვლად იმისა, რომ წერილობით მიეღოთ ინფორმაცია მედიკამენტების მიწოდების შესახებ, თავად უწევდათ უშუალოდ ადგილზე ჩასვლა და მედიკამენტების გადამოწმება, რამაც ბუნებრივია გამოიწვია მთლიანი სისტების აღრევა და პასუხისმგებლობის სხვა პირებზე გადანაწილება, რამაც შეაფერხა პროგრამის ადმინისტრირება
38. კასატორის ზემოთმითითებულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც მედიკამენტების მიწოდების ვადის გადაცილებას ისე, მიწოდების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოსარჩელისთვის დაგვიანებით წარდგენას (ამ განჩინების პ-11). თუმცა, მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანხა სრულად უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ფუნქციურ დანიშნულებას.
39. შესაბამისად, კასატორის მითითება მასზედ, რომ მოპასუხის უფლებამონაცვლე წარმოადგენს ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომლისთვისაც 16 297 ლარი არ წარმოადგენს სანქციის იმ ოდენობას, რომელიც იქნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტია, საფუძვლად ვერ დაედება მოპასუხის უფლებამონაცვლისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის კიდევ უფრო გაზრდას. მით უფრო, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, საქმის პირველი ინსტანციის განხილვისას მოპასუხემ აღიარა მედიკამენტების მიწოდებისათვის დადგენილი ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სულ 2 141.58 ლარის ოდენობით, ხოლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ დოკუმენტაციის დაგვიანებით წარდგენისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მიიჩნია (ამ განჩინების პ-20). არც ის გარემოებაა დადგენილი, რომ 2014 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულება შეწყდა მხოლოდ მოპასუხის მხარის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. პირიქით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2015 წლის 19 მაისს ხელშეკრულება კვლავ დაიდო იმავე მხარეებს შორის და იმ განსხვავებით, რომ შეიცვალა საქონლის ფასი, რაც ადასტურებდა მოპასუხის მითითებას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო არა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება (ამ განჩინების პ-21).
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე