№ას-1221-1180-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ.ს–ძე (მოსარჩელე), ი.ს–ძე (მოსარჩელის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – კ.ა–ძე, ც.ს–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ს–ძემ (შემდეგში: მოსარჩელემ, კერძო საჩივრის ავტორმა ან მოთხოვნის მფლობელმა) სასამართლოში სარჩელი აღძრა კ.ა–ძის (შემდეგში - პირველი მოპასუხის), ც.ს–ძისა (შემდეგში - მეორე მოპასუხის) და საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის (შემდეგში - მესამე მოპასუხის) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.ქუთაისში, ..... მდებარე 66.36კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოპასუხეებთან ერთად თანამესაკუთრედ აღიარება.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. მოთხოვნის დათმობის შესახებ 2016 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოთხოვნის უფლება დაუთმო თავის შვილს - ი.ს–ძეს (შემდეგში: უფლებამონაცვლეს ან მოთხოვნის მიმღებს). 2016 წლის 3 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მოცემულ საქმეში თავისი შვილის მის უფლებამონაცვლედ ჩაბმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 92-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაება მოთხოვნის მიმღები.
6. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოთხოვნის მიმღებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოთხოვნის დათმობის ახალი ხელშეკრულების საფუძველზე საქმეში უფლებამონაცვლედ მოსარჩელის მეორე შვილის ჩაბმა. კერძო საჩივრის საფუძვლები: 2016 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ თავის შვილს დაუთმო სარჩელის უფლება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ.ქუთაისში, ..... მდებარე 49.09კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოპასუხეებთან ერთად თანამესაკუთრედ აღიარება. მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის დათმობის შედეგად უფლებამონაცვლეობა დაადგინა, მოსაჩელესა და მის შვილებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. უთანხმოების მიზეზი ის გახდა, რომ მოსარჩელე ხანდაზმული და ავადმყოფია, ხოლო მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ზემომითითებული უძრავი ქონება მემკვიდრეობით საკუთრებაში უნდა გადაეცეს მეორე შვილს, მაშინ, როდესაც ამავე მისამართზე არსებული უძრავი ქონების მეორე ნაწილი თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია პირველი შვილის სახელზე. ამდენად, იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ დედმამიშვილებს შორის მისი ხელშეწყობით კონფლიქტი არ წარმოიშვას, მოსარჩელე მოითხოვს უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მოთხოვნის დათმობის თაობაზე ახალი ხელშეკრულების საფუძველზე საქმეში მის უფლებამონაცვლედ მეორე მემკვიდრის ჩაბმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავოსამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის დაშვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) მოსარჩელის მოთხოვნაა - ქ.ქუთაისში, ..... მდებარე 66.36კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოპასუხეებთან ერთად თანამესაკუთრედ აღიარება. მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე მხარეთა საერთო სარგებლობის უფლება დადგენილია 25.08.1926 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით, სასამართლოს 16.09.1926 წლის სააღსრულებო ფურცლითა და ჩაბარების აქტით, რომლითაც დასტურდება, რომ აღმასრულებელმა დავის მონაწილე პირებს ჩააბარა სადავო ქონება, რაც ტექინვენტარიზაციის ბიუროშიც დარეგისტრირდა 17.09.1929 წელს შედგენილი ნახაზის საფუძველზე. გამომდინარე იქედან, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა კანონიერ სარგებლობაში არსებულ საგანს წარმოადგენდა, სსკ-ის 1513-ე მუხლის საფუძველზე, ეს მიწის ნაკვეთი მხარეთა თანასაკუთრებად გადაიქცა; ბ) თანასაკუთრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება მოსარჩელემ დაუთმო თავის შვილს მოთხოვნის დათმობის შესახებ 2016 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე; ბ) 2016 წლის 3 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და სქმეში თავისი შვილის უფლებამონაცვლედ ჩაბმა მოითხოვა; დ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლომ საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩააბა მისი შვილი - მოთხოვნის მიმღები.
9. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ უფლებამონაცვლეს დაუთმო თანასაკუთრებიდან გამომდინარე თავისი ქონებრივი უფლება, რაც მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით დასაშვებია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც აქვს ამ მოთხოვნის განკარგვის შესაძლებლობა (სსკ-ის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული). სამოქალაქო სამართალში, როგორც წესი, დაშვებულია მოთხოვნის დათმობა, აქედან გამონაკლის განსაზღვრავს სსკ-ის 199-ე მუხლი, რომლის შინაარსი შემდეგია: მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. დასახელებული ნორმა ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებს და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა შემდეგი: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელისა) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (შდრ.: იხ. სუსგ, საქმეზე #ას-683-654-2016, 16.09.2016წ.). მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია, თუ მოთხოვნის დათმობით მისი განხორციელება ახალი კრედიტორის მიერ შინაარსის ცვლილების გარეშე შეუძლებელი იქნება ან მოთხოვნის დათმობა მოვალის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება, მაგალითად, პიროვნული უფლებები. პიროვნული ეწოდებათ პიროვნებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ უფლებებს, რომლებიც ადამიანის პიროვნების ინდივიდუალობის გამომხატველია. პიროვნულია მოთხოვნა, როდესაც იგი, როგორც ბუნებრივი ქმედება, ახალი კრედიტორის მიმართ ისევე ვერ განხორციელდება, როგორც ძველი კრედიტორის მიმართ, რადგან იცვლება მისი ეკონომიკური არსი ან ვალდებულების იდენტურობა განისაზღვრება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ურთიერთობით. გარდა ამისა, მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია, თუ იგი ეწინააღმდეგება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ შეთანხმებას და, კიდევ, დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება კანონს (იხ.: www.gccc.ge/). მოცემულ შემთხვევაში, ზემომითითებულ მუხლში აღნიშნული არცერთი ასეთი საგამონაკლისო შემთხვევა არ გამოვლენილა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელემ მოპასუხეს დაუთმო თავისი ქონებრივი უფლება, ამასთან, მოსარჩელე და მოვალე არ შეთანხმებულან მოთხოვნის დათმობის დაუშვებლობის თაობაზე და მოსარჩელის მიერ უფლებამონაცვლისათვის მოთხოვნის დათმობა არც კანონს არ ეწინააღმდეგება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის დათმობის შესახებ 2016 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მართებულად ჩააბა საქმეში ამ უკანასკნელის შვილი - მოთხოვნის მიმღები.
11. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის დათმობის ახალი ხელშეკრულების საფუძველზე საქმეში მის უფლებამონაცვლედ ჩაერთოს მისი მეორე შვილი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. ჯერ ერთი, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მოთხოვნის დათმობის ახალი ხელშეკრულება. ამასთან, მეორე შვილთან დადებული ხელშეკრულება მას რომც წარმოედგინა, იგი სამართლებრივი ძალის არმქონე იქნებოდა, ვინაიდან მოსარჩელემ ერთხელ უკვე განკარგა მოთხოვნის უფლება და, შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლებაც დაკარგა. მოთხოვნის დათმობის შესახებ 2016 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონების თანასაკუთრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა მოსარჩელის პირველმა შვილმა და, შესაბამისად, მან დაიკავა მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის (მოსარჩელის) ადგილი. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს უკანასკნელია უფლებამოსილი, მოთხოვნა დაუთმოს როგორც თავის ძმას, ასევე, ნებისმიერ მესამე პირს. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის ახალ მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასეთი ხელშეკრულება წარმოდგენილი რომც იყოს, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მესამე პირის (მოთხოვნის შემძენის) უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმის თაობაზე, ვინაიდან ეს სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა. სწორედ მან უნდა შეამოწმოს მოთხოვნის დათმობის ახალი ხელშეკრულების საფუძველზე დასაშვები იქნება თუ არა უფლებამონაცვლეობა.
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ს–ძისა და ი.ს–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი