საქმე №ას-294-294-2018 8 მაისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2011 წლის 29 ნოემბერს გამართულ 70-ე აუქციონის N49 ლოტზე მონაწილეობისა და გამარჯვების შედეგად, ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ქონების მართვის სააგენტო ან სააგენტო) გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ.ჯ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი მოიჯარე) იჯარის უფლებით ქ. თბილისში, მეტროსადგურ ... მიმდებარედ არსებული 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო საიჯარო მიწის ნაკვეთი, საიჯარო მიწის ნაკვეთი ან მიწის ნაკვეთი) დროებით სარგებლობაში 5 წლის ვადით, წლიური საფასურის - 13 550 ლარის გადახდის პირობით გადაეცა (იხ. ტ.1 ს.ფ. 19-20; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 581-ე მუხლი).
2. ხელშეკრულების (სარგებლობის პირობების) 10.1 პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ქირის 0.1%-ით განისაზღვრა, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად, სარგებლობის პირობების განმეორებით შეუსრულებლობა (დარღვევა) ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, მესაკუთრის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნეოდა.
3. ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, თავდაპირველი მოიჯარის (ნ.ჯ–ას) განცხადება, რომლითაც მან 2011 წლის 29 ნოემბერს გამართულ N70 აუქციონში N49 ლოტზე გამარჯვების შედეგად მოპოვებული უფლებებისა და ვალდებულებების ნ.ჩ–ძისათვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, პირველი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან მოიჯარე) დათმობა მოითხოვა, დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1 ს.ფ. 12). მოპასუხემ თავდაპირველ მოიჯარესთან დადებული 2012 წლის 11 ივლისის შეთანხმებით, საიჯარო ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების სრულად შესრულება იკისრა (იხ. ტ.1 ს.ფ. 17).
4. მოპასუხემ საიჯარო ქირა არ გადაიხადა. მას 2013 წლის 22 ივლისს წერილობითი ფორმით ეცნობა საიჯარო ქირის დავალიანებისა და მისი გადახდის ვადების დარღვევის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე და ვალდებულების შესასრულებლად 10 კალენდარული დღე განესაზღვრა (იხ. ტ.1 ს.ფ.24), თუმცა, არც ამ წერილს მოჰყოლია რეაგირება.
5. 2014 წლის 10 იანვრის ქონების მართვის სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, საიჯარო ქონების ელექტრონული აუქციონის წესით იჯარით გადაცემის თაობაზე (იხ. ტ.1 ს.ფ. 25).
6. 2014 წლის 11 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, საიჯარო ქირის - 18 282.26 ლარის, დარიცხული პირგასამტეხლოს - 5907,80 ლარისა და ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2013 წლის 11 იანვრიდან) საიჯარო ქირის გადახდამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 13.55 ლარის დაკისრების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ თავდაპირველ მოიჯარეს 2011 წლის 29 ნოემბერს გამართულ აუქციონზე მონაწილეობისა და გამარჯვების შედეგად, ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იჯარის უფლებით ქ. თბილისში, მეტროსადგურ ... მიმდებარედ არსებული 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა. აუქციონის ერთ-ერთ პირობას სარგებლობის წლიური საფასურის - 13 550 ლარის 6 თვეში ერთხელ გადახდა წარმოადგენდა. ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოც, საიჯარო ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თავდაპირველი მოიჯარის წერილობითი მოთხოვნა აუქციონში გამარჯვებულის უფლებებისა და ვალდებულებების მოპასუხისათვის დათმობის შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხემ საიჯარო ქირა არ გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ მან თანხმობა განაცხადა საიჯარო ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. მას არაერთი წერილი გაეგზავნა დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა არც ამ წერილებს მოჰყოლია მისგან რეაგირება.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისთვის საიჯარო ქონების ისეთ მდგომარეობაში გადაცემა, რომლის სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი. მან საიჯარო მიწაზე ჯიხური იმ მიზეზით ვერ ჩადგა, რომ აღნიშნული ტერიტორიის ნაწილი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობდა. საბოლოოდ, იგი იძულებული გახდა სავაჭრო ობიექტი კერძო პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადაეტანა, რითაც გარკვეული ზიანი მიადგა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მას მოსარჩელის წინაშე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბერის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის, 18 282,26 ლარის, პირგასამტეხლოს, 295,39 ლარისა და ხელშეკრულების შეწყვეტიდან საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,67 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; სასარჩელო მოთხოვნები პირგასამტეხლოს 5612,41 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12,88 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე-317-ე, 581-ე, 361-ე, 417-ე-418-ე და 420-ე მუხლები გამოიყენა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
9.1. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები :
9.1.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე საიჯარო ქირის, 18 282,26 ლარისა და პირგასამტეხლოს, 5 907.80 ლარის, ოდენობით დავალიანება ჰქონდა. სასამართლომ არასწორად დაასკვნა ისიც, თითქოს მოსარჩელემ ქონების ნივთობრივი ნაკლის შესახებ მტკიცებულება ვერ წარადგინა;
9.1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სარჩელი ნაწილობრივ. მან არ გაითვალისწინა, რომ საიჯარო ქონება ავტომანქანების სავალ გზაზე მდებარეობდა, სადაც ჯიხურის განთავსება შეუძლებელი იყო, ამასთან, მიწის ნაკვეთის მდებარეობა იმთავითვე არ იყო განკუთვნილი რაიმე საქმიანობისათვის, მათ შორის - სამეწარმეო საქმიანობისათვის;
9.1.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ იჯარის საგანი გარკვეული სამეურნეო დანიშნულების უნდა იყოს და მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად, ნაყოფს უნდა იძლეოდეს. იჯარა უზრუნველყოფს ნაყოფის მიღებას, ამასთან, საიჯარო ქონება - მიწის ნაკვეთი კონსტრუქციულად განკუთვნილია განსაზღვრული საქმიანობისათვის და იგი ისე უნდა იყოს მოწყობილი და აღჭურვილი, რომ მისი გამოყენება იმთავითვე იძლეოდეს მოგების მიღების შესაძლებლობას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელი აღმოჩნდა;
9.1.4. განსახილველ შემთხვევაში, კეთილსინდისიერების ვალდებულება არა მხოლოდ მოიჯარეს, არამედ მეიჯარესაც ჰქონდა. ის ფაქტი, რომ მოიჯარე საიჯარო ქონებით მიზნობრივად ვერ ისარგებლებდა, ქონების მართვის სააგენტოსათვის უცნობი არ ყოფილა, ამდენად, იგი ვალდებული იყო, ხელი შეეწყო მოიჯარისათვის, რათა მას საიჯარო ქონება დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა, რაც მან არ განახორციელა.
9.2. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები :
9.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ პირგასამტეხლო დარღვეული ვალდებულების მოცულობასთან შეუსაბამოდ მაღალი იყო. მხოლოდ ის არგუმენტი, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულია, არ შეიძლება გამხდარიყო მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი;
9.2.2. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი, ამასთან, მართალია, სასამართლო უფლებამოსილია, მისი შეხედულებისამებრ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ - რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, შეუსაბამოდ მაღალია;
9.2.3. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირგასამტეხლოს სავალდებულო ფორმას, კერძოდ, უნდა იყოს თუ არა იგი ფიქსირებული, თუ პროცენტულად განსაზღვრული. აღნიშნული ასევე დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალდებულების დამრღვევს დაეკისრებოდა ქირის 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხისათვის ცნობილი იყო საიჯარო ქირის საფასური და მისი გადაუხდელობის გამო განსაზღვრული პირგასამტეხლო. შესაბამისად, მას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა განესაზღვრა ქირის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეს გათვითცნობიერებული ჰქონდა მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღვევისას.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით:
10.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა საიჯარო ურთიერთობის ორმხრივმავალდებულებელი ხასიათი, მან დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი და სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
10.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხისათვის საიჯარო ქონების ისეთ მდგომარეობაში გადაცემა, რომ მოიჯარეს ქონების სარგებლობით ნაყოფის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა. ამდენად, საიჯარო ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს საიჯარო ქირისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობია.
10.3. სსკ-ის 581-ე მუხლის ნორმატიული დეფინიციის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულება ორმხრივმავალდებულებელი ხასიათისაა და საიჯარო ქირის მეიჯარისათვის გადახდის ვალდებულებას მოიჯარეს იმ შემთხვევაში აკისრებს, თუ მეიჯარე უზრუნველყოფს იჯარის ქონების ისეთ მდგომარეობაში მოიჯარისათვის გადაცემას, რომლითაც ამ უკანასკნელს გარანტირებული აქვს იჯარის საგნით სწორი მეურნეობის გაძღოლის შედეგად შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამ ნაწილში ვალდებულების სათანადოდ შესრულების მტკიცების ტვირთი მეიჯარეს აწევს, რისი რეალიზაციაც მან ვერ შეძლო.
10.4. მოიჯარის ძირითადი უფლება არის ის, რომ პირადად ისარგებლოს იჯარის საგნით, ხოლო თუ ეს უფლება შეზღუდულია ისე, რომ აზრი ეკარგება საიჯარო ურთიერთობაში ყოფნას, მას საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებაც არ აქვს.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
11.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ თავდაპირველმა მოიჯარემ 2011 წლის 29 ნოემბერს გამართულ აუქციონში გამარჯვებულის უფლებები და ვალდებულებები სრულად დაუთმო მოპასუხეს, რასაც ამ უკანასკნელის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობაც ადასტურებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოიჯარემ საიჯარო ქირა არ გადაიხადა, რითაც ნაკისრი ვალდებულება დაარღვია;
11.2. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია კანონით დასაშვები მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან გადაცემული ქონების ნივთობრივი ნაკლის გამო, მოსარჩელეს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა, გაუგებარია, თუ რა საფუძვლით უარყო სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნები;
11.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოპასუხეს შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში სასარჩელო მოთხოვნებზე კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებია, ამასთან, მას არც შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგენია სასამართლოსთვის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა საიჯარო ქონების ნივთობრივი ნაკლის დამტკიცება;
11.4. სააპელაციო პალატამ უგულებელჰყო საქმეში წარმოდგენილი ორთო-ფოტო (ფერადი), რომლითაც დასტურდებოდა, რომ საიჯარო მიწის ნაკვეთი ავტომობილების სავალი გზის შუა ნაწილში არ მდებარეობს. აღნიშნულ ფოტოზე ლურჯად არის მონიშნული საიჯარო მიწის ნაკვეთი, შესაბამისი საკადასტრო კოდით, რომელიც ემთხვევა საიჯარო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდს. აღნიშნულ ნახაზზე მითითებული კოორდინატები ზუსტად ემთხვევა ზემოაღნიშნულ ორთოფოტოზე ლურჯად მონიშნულ საიჯარო მიწის ნაკვეთს;
11.5. 2012 წლის 11 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხე ისე დათანხმდა თავდაპირველი მოიჯარისაგან იჯარის უფლება მიეღო, რომ საიჯარო ქონების სარგებლობის შეუძლებლობა სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, არ არსებობდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნები მართებულად იქნა უარყოფილი, სახელდობრ:
15.1. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც; იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოთხოვნა არ წარმოშობილა, რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება არ იყო შესრულებული.
15.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა (საიჯარო ურთიერთობების დარეგულირებისთვის ქირავნობის ნორმები ბლანკეტურია), მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი, მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ. ამდენად, საიჯარო ქირის თუ მისი გადაუხდელობით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შესახებ მეიჯარის მოთხოვნის პერსპექტიულობა დამოკიდებულია მეიჯარის მტკიცებაზე, საიჯარო ქონების ისეთ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ, რითაც ქონების სარგებლობით გარანტირებულია შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
15.3. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ სადავო საიჯარო მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტი (ჯიხური) იმ მიზეზით ვერ განათავსა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი არა ტროტუარზე, არამედ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობდა, სადაც ცხადია, რომ სავაჭრო ჯიხურის ჩადგმა შეუძლებელი იყო, რომლის გამოც შემოსავლის მიღების შესაძლებლობას არ იძლეოდა მოიჯარისთვის. ამრიგად, პალატა თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველჰყო მოიჯარისათვის საიჯარო ქონების ისეთ მდგომარეობაში გადაცემა, რომლის სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგადაც, მოპასუხეს სარგებლის მიღების შესაძლებლობა ექნებოდა.
15.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში შეძლო სასარჩელო მოთხოვნების სრულად გაქარწყლება, მოსარჩელემ კი, ვერ უზრუნველჰყო დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოპასუხისათვის საიჯარო ქონების ნივთობრივად უნაკლო, ვარგის მდგომარეობაში გადაცემის დამტკიცება, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს საიჯარო ქირისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ # 65-62-2016, 2016 წლის 12 აპრილის განჩინება).
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი