Facebook Twitter

3გ-ად-71-კს-02 10 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 26 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე სს “მ.-ის” მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 25 აგვისტოს ¹522 დადგენილებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1996წ. 8 აპრილის ¹78-28-2-58 ერთობლივი ბრძანებით მიღებულ იქნა საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო კომერციული კორპორაციის წინადადება და გამონაკლისის წესით ამ უკანასკნელს ნება დაერთო ფირმა “ა.-ისაგან” 10000 ტონა სიმინდის მ.-ის შესაძენად გამოყოფილი თანხის აუთვისებელი ნაშთი (1,6 მლნ ლარი) დროებით, 1996წ. ბოლომდე, გამოეყენებინა სს “მ.-ს” კერძო ფერმერებთან და საზოგადოებრივ მეურნეობებთან სასაქონლო მ.-ეულის ერთობლივ წარმოებაზე დადებული ხელშეკრულებების დასაფინანსებლად. სს “მ.-ს” 1997წ. 15 იანვრამდე უნდა წარედგინა ინფორმაცია სასაქონლო მარცვლეულის ერთობლივი წარმოებისათვის გამოყოფილი თანხების გამოყენების ეფექტურობაზე და ბიუჯეტში თანხების დაბრუნებაზე.

სს “მ.-მ” დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო ვერც მიღებული თანხის დაბრუნება და ვერც ინფორმაციის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 1996წ. 18 დეკემბრის დადგენილების თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შუამდგომლობის გათვალისწინებით თანხის დაფარვის ვადა სს “მ.-ს” გაუგრძელდა 1998წ. ბოლომდე. ფინანსთა სამინისტროს შეხსენებების მიუხედავად, სს “მ.-მ” ვერც შემდგომ მოახერხა თანხის დაბრუნება. ამდენად, სს “მ.-ს” ერიცხება სასესხო დავალიანება 1,6 მლნ ლარი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სკ-ს 361-ე მუხლის საფუძველზე ითხოვა მის სასარგებლოდ სს “მ.-ისათვის” 1600000 ლარის დაკისრება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით სს “მ.-ის” უძრავ-მოძრავ ქონებაზე, საბანკო ანგარიშებზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე ყადაღის დადება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 30 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი მიიღო წარმოებაში და სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად ყადაღა დაადო სს “მ.-ის” უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთებს, შენობა-ნაგებობებს, აგრეთვე, საბანკო ანგარიშებს, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებს.

აღნიშნულ განჩინებაზე სს “მ.-მ” შეიტანა კერძო საჩივარი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2000წ. 11 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიამ განიხილა სს “მ.-ის” სარჩელი სს “შ.-ის” მიმართ თანხის გადახდევინების შესახებ და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე სს “შ.-ს” მოსარჩელე სს “მ.-ის” სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხად დაეკისრა 1349126 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით აღსასრულებლად მიექცა სს “შ.-ის” უძრავ-მოძრავი ქონება, რომელსაც 1998 წელს ყადაღა დაედო დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ და 2000წ. 24 ნოემბრის განჩინებით შეწყვიტა საქმის წარმოება სს “შ.-ის” მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე 2000წ. 12 დეკემბერს სს “მ.-მა” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სთხოვა ვალის გადაფორმება სს “შ.-ზე”, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ არც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად და არც ყადაღადადებული ქონების დასაპატრონებლად არ იზრუნა.

სს “მ.-ი” თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს სარჩელი უსაფუძვლოა და იგი არ ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოში განხილვას, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 24 ნოემბრის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

სს “მ.-ს” მიაჩნია, რომ სსკ-ს 186-ე მუხლის თანახმად ფინანსთა სამინისტროს სარჩელს უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე და შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 30 აგვისტოს განჩინება ფინანსთა სამინისტროს სარჩელის წარმოებაში მიღებისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 25 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ სს “მ.-მ” წარმოადგინა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2002წ. 11 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, გამოტანილი სხვა მოდავე მხარეებს შორის, სხვა საგანზე და სხვა საფუძლით. ამდენად, სსკ-ს 186-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლო კოლეგიას, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. სსკ-ს 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში, მაგრამ ამ ნაწილში კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს თუ რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული ყადაღა, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი განჩინებები გამოიტანა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “მ.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 30 აგვისტოსა და 25 სექტემბრის განჩინებები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.