საქმე №ას-375-375-2018 8 მაისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – პ.კ–ძე, ზ.კ–ი, თ.ბ–ძე, ნ.დ.-ა., ნ.დ–ძე (მოწინააღმდეგე მხარეები)
მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა და უფლებამონაცვლის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენით, დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ, დაეკისრათ:
1.1. თ.ბ–ძეს 60 452 ლარის გადახდა;
1.2. თ.ბ–ძეს, ნ.დ–ძესთან სოლიდარულად 311 830 ლარის გადახდა;
1.3. თ.ბ–ძეს, ნ.დ-ა–თან სოლიდარულად 1 800 ლარის გადახდა;
1.4. თ.ბ–ძეს, ზ.კ–თან და ნ.დ–ძესთან ერთად სოლიდარულად 1 242 292 ლარის გადახდა;
1.5. პ.კ–ძეს 37 564 ლარის გადახდა;
1.6. პ.კ–ძეს, ნ.დ-ა–თან სოლიდარულად 66 547 ლარის გადახდა;
1.7. ნ.დ–ძეს 1 102 ლარის გადახდა;
1.8. ნ.დ–ძეს, თ.ბ–ძესთან სოლიდარულად 31 830 ლარის გადახდა;
1.9. ნ.დ–ძეს, თ.ბ–ძესთან და ზ.კ–თან სოლიდარულად 1 242 292 ლარის გადახდა;
1.10. ნ.დ-ა–ს 991 238 ლარის გადახდა;
1.11. ნ.დ-ა–ს, პ.კ–ძესთან სოლიდარულად 66 547 ლარის გადახდა;
1.12. ნ.დ.-ა–ს, თ.ბ–ძესთან სოლიდარულად 1 800 ლარის გადახდა;
1.13. ზ.კ–ს, ნ.დ–ძესთან სოლიდარულად, 1 242 292 ლარის გადახდა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განაჩენით აჭარის ა/რ პროკურორის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილდა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორს, თ.ა–სა და მსჯავრდებულებს: ნ.დ–ძეს, ნ.დ.-ა–ს, პ.კ–ძესა და თ.ბ–ძეს შორის. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, შევიდა ცვლილებები მსჯავრდებულების მიმართ დამდგარ 2005 წლის 21 ივნისის განაჩენში, სახელდობრ:
- განაჩენიდან ამოირიცხა მითითება თ.ბ–თვის, ნ.დ–ძესთან და ზ.კ–თან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ, 1 242 292 ლარის დაკისრების თაობაზე;
- განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ თ.ბ–ძეს, ნ.დ–ძესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ, ნაცვლად 311 830 ლარისა, დაეკისრა 31 830 ლარის გადახდა, შესაბამისად:
- თ.ბ–ძეს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 60 452 ლარის გადახდა;
- თ.ბ–ძეს, ნ.დ–ძესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 31 830 ლარის გადახდა;
- თ.ბ–ძეს, ნ.დ.-ა–თან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1800 ლარის გადახდა;
- პ.კ–ძეს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 37 564 ლარის გადახდა;
- პ.კ–ძეს, ნ.დ.-ა–თან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 66 547 ლარის გადახდა;
- ნ.დ–ძეს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 102 ლარის გადახდა;
- ნ.დ–ძეს, თ.ბ–ძესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 31 830 ლარის გადახდა;
- ნ.დ–ძეს, ზ.კ–თან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 242 292 ლარის გადახდა;
- ნ.დ.-ა–ს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 991 238 ლარის გადახდა;
- ნ.დ.-ა–ს, პ.კ–ძესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 66 547 ლარის გადახდა;
- ნ.დ.-ა–ს, თ.ბ–ძესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 800 ლარის გადახდა;
- ზ.კ–ს, ნ.დ–ძესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 242 292 ლარის გადახდა.
3. განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში და მის აღსასრულებლად, კრედიტორ აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ და თითოეული მოვალის: თ.ბ–ძის, პ.კ–ძის, ნ.დ–ძისა და ნ.დ.-ა–ის წინააღმდეგ, 2006 წლის 18 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცლები განაჩენის იმ ნაწილზე მითითებით, რომელიც იძულებით აღსრულებას ექვემდებარებოდა.
4. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლები სააღსრულებო ბიუროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღსასრულებლად 2006 წლის 26 ოქტომბერს გადაუგზავნა. მოცემული საქმის განხილვის დროისათვის იძულებითი აღსრულების პროცესი დასრულებული არ იყო.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც განმცხადებელი ან ა/რ-ის მთავრობა) 2013 წლის 26 დეკემბრის # 33 დადგენილებით, 2014 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნა ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტი.
6. 2016 წლის 3 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა/რ-ის მთავრობამ და აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ცნობა და, უფლებამონაცვლის სასარგებლოდ, სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, ა/რ-ის მთავრობის განცხადება დაკმაყოფილდა. ა/რ-ის მთავრობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობებში, ცნობილ იქნა აჭარის ა/რ-ის ტელე-რადიო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ და მის სასარგებლოდ და მოვალეთა: ნ.დ.-ა–ის, პ.კ–ძის, ნ.დ–ძის, თ.ბ–ძისა, და ზ.კ–ის საწინააღმდეგოდ, გაიცა სააღსრულებო ფურცლები (იხ. ტ.12, ს.ფ.107-118).
8. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მხოლოდ ნ. დ–ა–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ა/რ-ის მთავრობის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. დანარჩენ მოვალეებს : ნ.დ–ძეს, თ.ბ–ძეს, პ.კ–ძესა და ზ.კ–ს, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება არ გაუსაჩივრებიათ.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ა/რ-ის მთავრობის განცხადების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით, ა/რ-ის მთავრობის განცხადება, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ცნობისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
11. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა/რ-ის მთავრობამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, უფლებამონაცვლედ დაშვებისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით, ა/რ-ის მთავრობის განცხადება აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ცნობისა და უფლებამონაცვლის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, დაკმაყოფილდა, სახელდობრ :
ა.ა.) თ.ბ–ძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 60 452 ლარი;
ა.ბ) თ.ბ–ძეს, ნ.დ–ძესთან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 31 830 ლარი;
ა.გ) თ.ბ–ძეს, ნ.დ.-ა–თან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 1800 ლარი;
ბ.ა) პ.კ–ძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 37 564 ლარი;
ბ.ბ) პ.კ–ძეს, ნ.დ.-ა–თან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 66 547 ლარი;
გ.ა) ნ.დ–ძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 1 102 ლარი;
გ.ბ) ნ.დ–ძეს, თ.ბ–ძესთან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 31 830 ლარი;
გ.გ) ნ.დ–ძეს, ზ.კ–თან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 1 242 292 ლარი;
დ.ა) ნ.დო.-ა–ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 991 238 ლარი;
დ.ბ) ნ.დ.-ა–ს, პ.კ–ძესთან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 66 547 ლარი;
დ.გ) ნ.დ.-ა–ს, თ.ბ–ძესთან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 1 800 ლარი;
ე) ზ.კ–ს, ნ.დ–თან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 1 242 292 ლარი.
13.1. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა, სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. პალატის დასკვნებით, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება სსკ-ის 139-ე და 140-ე მუხლები და სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენით ხანდაზმულობის ვადა წყდება;
13.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 ივლისის წერილით დგინდებოდა, განმცხადებლის მიერ მითითებულ დროს სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის ფაქტი, შესაბამისად, რადგანაც 2016 წლის 12 ივლისს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასული არ ყოფილა, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
14. აღნიშნულ განჩინებაზე, კერძო საჩივრები წარადგინეს ნ.დ.-ა–მა, პ.კ–ძემ, ნ.დ–ძემ, თ.ბ–ძემ და ზ.კ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ა/რ-ის მთავრობის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მათ მიმართ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.
14.1. ნ.დ.-ა–ის კერძო საჩივრის საფუძვლები:
14.1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის №1/ბ–172 სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით ნ.დ.-ა–ს, აჭარის ა/რ-ის ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ, თანხა არ დაჰკისრებია, შესაბამისად, დაუშვებელი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს რომელიმე პალატას მის წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცელი გაეცა. მოცემულ განაჩენზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჰქონდა შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ცალსახად კანონსაწინააღმდეგოა და იკვეთება მისი გაუქმების კანონიერი საფუძვლები;
14.1.2. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტსა და ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ აღსრულებას ექვემდებარება გადაწყვეტილება (განაჩენი) და არა დამოუკიდებლად არსებული სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად, თუ მის წინააღმდეგ დაიწყებოდა სააღსრულებო წარმოება აჭარის ა/რ ტელე–რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ თანხების გადახდის ნაწილში, აღსასრულებლად უნდა მიქცეულიყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენი და სააღსრულებო ფურცელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს უნდა გაეცა. ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი არარსებულ გადაწყვეტილებაზე გასცა;
14.1.3. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიჩნია გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა გასულად. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ როდის შევიდა კანონიერ ძალაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენი, როდის გავიდა მისი იძულებით აღსრულების ვადა და შეწყდა თუ არა ამ განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. სააპელაციო პალატამ უგულებელყო ის გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენის იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა 2007 წლის 27 სექტემბერს გავიდა;
14.1.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენის საფუძველზე, ნ.დ–ა–ს მიმართ თანხების დაკისრების ნაწილში არასოდეს გაცემულა სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად, სსკ-ის 139–ე და 140–ე მუხლების საფუძველზე, არც მისი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილა.
14.2. პ.კ–ძის კერძო საჩივრის საფუძვლები:
14.2.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ თანხების დაკისრების საკითხი არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა, რომელსაც სააღსრულებო ფურცელი მის წინააღმდეგ დღემდე არ გაუცია. ამრიგად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ა/რ-ის მთავრობის უფლებამონაცვლეობის საკითხი მის მიმართ არ უნდა დადასტურდეს და სააღსრულებო წარმოება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
14.3. ნ.დ–ძის კერძო საჩივრის საფუძვლები:
14.3.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქმის განხილვის საჯაროობის, ასევე თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან საქმე მისი მოწვევისა და დასწრების გარეშე განიხილა, მაშინ, როდესაც, გასაჩივრებული განჩინება პირდაპირ და უშუალო შემხებლობაშია მის კანონიერ ინტერესებთან;
14.3.2. სააპელაციო სასამართლომ არ ჩააბარა მას ა/რ-ის მთავრობის უფლებამონაცვლედ ცნობისა და სააღსრულებო ფურცლების გაცემის თაობაზე განცხადების ასლი;
14.3.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ერთმანეთისგან უნდა გაემიჯნა უფლებამონაცვლედ ცნობა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი;
13.3.4. უდავოა, რომ მას 2006 წლის 16 ივნისის განაჩენის აღსრულების მიზნით შესაბამისი თანხების გადახდა დაეკისრა, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გათვალისწინებულია 10 - წლიანი ვადა, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, გასულია. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის გამო, მოცემულ საქმეზე მსგავსი შინაარსის განჩინების მიღების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
14.4. თ.ბ–ძის კერძო საჩივრის საფუძვლები:
14.4.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, მის მიმართ, საპროცესო შეთანხმების თაობაზე არ უმსჯელია;
14.4.2. იგი ინფორმირებული არ ყოფილა არც თავდაპირველად და არც მოგვიანებით მის წინააღმდეგ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებთან დაკავშირებით;
14.4.3. ა/რ-ის მთავრობის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ვადა 10 წელია, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვედებარება (სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილი), შესაბამისად, მის მიმართ სააღსრულებო წარმოება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
14.5. ზ.კ–ის კერძო საჩივრის საფუძვლები:
14.5.1. სადავო სააღსრულებო ფურცელი გაცემულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2006 წლის 16 ივნისს გამოტანილი განჩინების საფუძველზე, რომლის მონაწილე მხარეც იგი არ ყოფილა. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს, იმაზე რომ მის წინააღმდეგ განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი არაუფლებამოსილმა სასამართლომ გასცა;
14.5.2. ა/რ-ის მთავრობის რწმუნებულს არ გააჩნდა მინდობილობა, რომლითაც ა/რ-ის მთავრობის სახელით კონკრეტულად მის წინააღმდეგ 2006 წლის 16 ივნისის განაჩენის აღსრულებას მოითხოვდა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 და 29 მარტის განჩინებებით, კერძო საჩივრები, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივრები დაუსაბუთებელია. კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნებს, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. საკასაციო პალატა თვლის, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 92-ე (სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე) და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლების (სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს) საფუძველზე, არსებობდა კრედიტორის უფლებამონაცვლის დადგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, სახელდობრ:
17.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის #58 დადგენილებით განისაზღვრა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი, მის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე რეორგანიზებულიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად, ამავე დადგენილების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრე იყო;
17.2. საქმეში წარმოდგენილი ამავე დადგენილებით დამტკიცებული საქვეუწყებო დაწესებულების დებულების 1.4. მუხლით განსაზღვრულია დაფინანსების წყარო - ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ხოლო მე-6 მუხლით რეგულირებულია ქონების საკითხი - დეპარტამენტის ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა;
17.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის #33 დადგენილებით (1) 2014 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი; (2) 2014 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილება; (3) შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც დაევალა ქონების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის დადგენა (4), ასევე, შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
17.4. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, ხოლო, 30-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ან მთავრობის დადგენილებით. საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.
17.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს შესაბამის სფეროში ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის გატარების ხელშემწყობ ინსტრუმენტს, რომელიც მატერიალურადაც უზრუნველყოფილია ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით, ხოლო მისი ქონება წარმოადგენს ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქვეუწყებო დაწესებულების ლიკვიდაცია, ბუნებრივია, კრედიტორულ-დებიტორული მოთხოვნებიც სამართალმემკვიდრეობის გზით გადაეცემა ქონების მესაკუთრეს.
18. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობაზე აპელირებენ და მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს სსკ-ის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე.
18.1. მომჩივნების ამ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში 2010 წლის 7 დეკემბრის კანონით (ამოქმედდა 2010 წლის 22 დეკემბერს) განხორციელებული ცვლილების საფუძველზე დღეს მოქმედი დანაწესის თანახმად, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფულად მოთხოვნებზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება არ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან გასულია 10 წელი (ის. კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი).
18.2. სსკ-ის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გამოყენებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაზე ეს ნორმა ვერ გავრცელდება, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სააღსრულებო წარმოების პროცესი რეგულირდება სპეციალური კანონის (1999 წლის 16 აპრილის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი) ნორმებით, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლად ვადის გასვლას არ მიიჩნევს, მეორეც - მითითებული ნორმის მოქმედება ამ შემთხვევაზე რომც ვრცელდებოდეს, მომჩივნების მოთხოვნა მაინც ვერ დაკმაყოფილდება, რადგანაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ აღსრულება ჯერ კიდევ 2006 წლის ოქტომბერში, მითითებული ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის (10 წლის) გასვლამდე დაიწყო და, აქედან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილი იყო, როგორც უფლებამონაცვლეს მოეთხოვა აღსრულება.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, განსახილველ შემთხვევაში, აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, ამასთან, უდავოა, რომ ლიკვიდირებული საქვეუწყებო დაწესებულების მოთხოვნაზე (აქტივი) უფლებამოსილ სუბიექტს სწორედ ა/რ-ის მთავრობა წარმოადგენდა, შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
20. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ №ბს-30-30 (კს-14), 24 ივლისი, 2014 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.კ–ძის, ზ.კ–ის, თ.ბ–ძის, ნ.დ.-ა–ის, ნ.დ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი