Facebook Twitter

8 მაისი, 2018 წელი,

თბილისი

№ას-502-502-2018

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ქ. ბათუმში ( მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება (ზიანის ანაზღაურება)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 12 აგვისტოს ნ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ქ. ბათუმში მდებარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან საკონსულო) წინააღმდეგ და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით მიყენებული ზიანის - 156 000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა. ის ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს, საკონსულოსა და მის მინდობილ პირს - ნ.ბ–ძეს (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მინდობილი პირი) შორის, ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ ....), კონსულის საცხოვრებლად, 4 წლის ვადით, ყოველთვიურად 3000 აშშ დოლარის ანაზღაურების პირობით, იქირავა. მიუხედავად აღნიშნულისა, საკონსულომ ქირავნობის ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტა, რითაც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ მოტივით იშუამდგომლა, რომ საკონსულოს თანამდებობის პირები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას, არ ექვემდებარებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო იურისდიქციას, რის გამოც მოცემული დავა არ იყო საქართველოს საერთო სასამართლოების განსჯადი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ გააჩნდა მოცემული დავის განხილვის კომპეტენცია. სასამართლომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-8, 59-ე, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის 31-ე, „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის 43.1, 43.2, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 2.1, 11.4 და 187.2 მუხლებით იხელმძღვანელა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს, შესაბამისი პროცესუალური ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საკონსულომ. მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ მოპასუხე საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული იმუნიტეტის მქონე პირია, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის საფუძველზე, იგი განსახილველ შემთხვევაში, ვერ იქნება წარმოდგენილი, როგორც მხარე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო :

7. სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

8. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების გადამოწმების უფლება საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

9. ამასთან, საკასაციო პალატა მომჩივნის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ კერძო საჩივრის გადამოწმება რომც ყოფილიყო შესაძლებელი, მისი შეცვლის პერსპექტივა მაინც არ იარსებებდა, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა სარჩელის განუხილველად დატოვების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, სახელდობრ:

9.1. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; იმავე კანონის მე-9 მუხლით საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ :

ა) მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი,

რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;

ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი

საქართველოა;

გ) სარჩელი ეხება მართლსაწინააღმდეგო ან მასთან გათანაბრებული ქმედებით

მიყენებულ ზიანს და ასეთი ქმედების ჩადენა ან ზიანის მიყენება საქართველოში მოხდა;

დ) დავა ეხება იმ საწარმოს ფილიალს, რომლის რეზიდენციაც საქართველოშია;

9.2. ამავე კანონის მე-10 მუხლით, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება :

ა) უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია;

ბ) იურიდიული პირის ან მისი ორგანოს გადაწყვეტილებათა ნამდვილობას ან შეწყვეტას, როცა ამ იურიდიული პირის ან მისი ორგანოს რეზიდენცია საქართველოშია;

გ) საქართველოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების მიერ იურიდიული პირების რეგისტრაციას;

დ) პატენტის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა უფლების რეგისტრაციას, როცა ამ უფლებათა რეგისტრაცია ან რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა;

ე) იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება საქართველოში მოხდა;

9.3. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ აზერბაიჯანის გენერალური საკონსულო მდებარეობს ქ. ბათუმში, სადაც გააჩნია საკუთარი რეზიდენცია. ასევე უდავოა, რომ საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი შესრულების ადგილიც ქ. ბათუმი იყო. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ საკონსულოს წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი აკმაყოფილებდა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს და მასზე საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია ვრცელდებოდა.

9.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები და უსაფუძვლოდ დატოვა სარჩელი განუხილველად. შესაბამისად, პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს, შესაბამისი საპროცესო ეტაპიდან განსახილველად, მართებულად დაუბრუნდა.

10. ამრიგად, კერძო საჩივარი დაუშვებელია, რის გამოც, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები (შდრ. სუსგ №ას-340-340-2018, 19.03.2018).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ქ. ბათუმში კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი