#ა-4328-ა-11-2017 12 იანვარი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი (მოსარჩელე) – ე.წ.
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - შპს „ჯ.", სსიპ ს.რ.ე.ს., შპს „ს.გ.წ.კ."
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.წ–მა (შემდეგში მოსარჩელემ ან განმცხადებელმა) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ–ის" (შემდეგში პირველი მოასუხის), სსიპ ს.რ.ე.ს–ოს (შემდეგში მეორე მოპასუხის) და შპს „ს.გ.წ.კ–იის" (შემდეგში მესამე მოპასუხის) წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ამონაწერის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით #3/1628-16 ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ 17.06.2009 წ. #1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში; სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ 17.06.2009 წ. #1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი მხარეებს შორის 2009 წლის 17 ივნისს გაფორმებული #1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
8. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
10. სართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად.
11. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომართა მოსარჩელემ.
12. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ე.წ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
13. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით 2017 წლის 17 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელემ. აღნიშნული განცხადება განსახილველად დაეწერა მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მოსამართლე ბესარიონ ალავიძე აცილებულ იქნა საქმის განხილვისგან.
15. 2017 წლის 6 ნოემბერს საქმე განსახილველად დაეწერა მოსამართლე პაატა ქათამაძეს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოდგენა, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება და ასევე მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. კასატორს ასევე დაევალა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით მას განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განცხადება განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადება არ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება განცხადება აღარ დაიშვება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ განცხადებაზე ხარვეზის არსებობისას სასამართლო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
19. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი).
20. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 23 დეკემბერს სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა განმცხადებელს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, განმცხადებლისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 24 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 28 დეკემბერს ამდენად, განმცხადებელი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში მას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
22. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
23. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან განმცხადებელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 425-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.წ–ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე