Facebook Twitter

№ას-37-33-2017 30 ივნისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხეები) – მ.ყ–ი, ნ.მ–ა.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „კ.ს.ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლოში სარჩელი აღძრა სს „კ.ს.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელემ) მ.ყ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხის), ნ.მ–-ა–სა (შემდეგში: მეორე მოპასუხისა) და რ. ა–ს (შემდეგში: მესამე მოპასუხის) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის საკრედიტო დავალიანების დაკისრება და ამ დავალიანების დასაფარად ქონების რეალიზაცია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:

2.1. პირველ და მესამე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2010 წლის 10 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 36 898.98 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო 29 349.04 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 664.43 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 885.51 აშშ დოლარი. გარდა ამისა, დასახელებულ მოპასუხეებს დაეკისრათ სესხის ძირითად თანხაზე წლიური 15%-ის გადახდა, 2014 წლის 4 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

2.2. მესამე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 3 ნოემბრის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 846.36 ლარის (ძირითადი თანხა: 1 350 ლარი, პროცენტი: 33.04 ლარი, პირგასამტეხლო: 463.32 ლარი), ასევე, სესხის ძირითადი თანხის წლიური 18%-ის გადახდა, 2014 წლის 4 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

2.3. მესამე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 12 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 789.76 ლარის (ძირითადი თანხა: 2 679.74 ლარი, პროცენტი: 629.56 ლარი, პირგასამტეხლო: 480.46 ლარი), აგრეთვე, სესხის ძირითადი თანხის წლიური 16%-ის გადახდა 2014 წლის 4 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

2.4. დადგინდა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად სარეალიზაციოდ მიქცეულიყო მეორე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ქონებები - ქ.თბილისში, ..... მდებარე 39.91კვ.მ სარდაფი და პირველ სართულზე მდებარე 43კვ.მ ფართის მქონე #3 ბინა;

2.5. დადგინდა, რომ, თუკი იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას ვერ დაფარავდა, მისი დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულიყო მეორე და მესამე მოპასუხის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება.

3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე იმავე სასამართლოში საჩივრები შეიტანეს პირველმა და მეორე მოპასუხემ, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვეს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით პირველი და მეორე მოპასუხის საჩივრები არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

5. ზემოხსენებული გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხემ, რომლებმაც მოითხოვეს მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

7. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:

7.1. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით პირველ და მეორე მოპასუხეს დაუდგინდათ ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, მათ დაევალათ 10 დღის ვადაში 3 414.50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა;

7.2. 2016 წლის 7 მარტს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება ან/და საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება;

7.3. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განჩინებით მხარეების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაგრძელდა, სახელდობრ: აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში გადაეხადათ 3 414.50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ. ამასთან, განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა;

7.4. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განჩინება პირველ და მეორე მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა მათ იგი ვერ ჩაბარდა. ხსენებული განჩინების შესახებ ადრესატებს ეცნობათ ასევე ტელეფონით, 2016 წლის 22 სექტემბერს. აქედან გამომდინარე, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა აპელანტებისათვის დაიწყო 2016 წლის 23 სექტემბერს და ამავე წლის 3 ოქტომბერს დამთავრდა. მითითებულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 59-ე, 63-ე მუხლებზე, 374-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ, წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

9. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება პირველმა და მეორე მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. კერძო საჩივრის საფუძველი:

9.1. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, აპელანტებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ ტელეფონით ეცნობათ, საიდანაც მათ მიმართ ხარვეზის შევსების 10-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო. ამავე განჩინებით ირკვევა, რომ მხარეები სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე შუამდგომლობდნენ, თუმცა უცნობია, საერთოდ იმსჯელა თუ არა სასამართლომ ამ შუამდგომლობაზე და რა გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ განჩინებაში მხოლოდ იმაზეა მითითებული, რომ აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე ეცნობათ, იქ არ წერია, რომ მათ შეატყობინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. აქედან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. გასაჩივრებული განჩინებით პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა. კერძო საჩივრის ავტორები ამ განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვენ, რომ ისინი სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე შუამდგომლობდნენ, თუმცა მათთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების ზემოაღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალები საწინააღმდეგოზე მიუთითებენ, კერძოდ, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, თუმცა დაკმაყოფილდა მათი შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ. მითითებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში მოცემულია შესაბამისი დასაბუთება, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 17 მარტის განჩინებაში იმსჯელა აპელანტების შუამდგომლობაზე და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მოპასუხეები კერძო საჩივარში არ უთითებენ, რომ მათთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი არსებობდა (მათ არ წარუდგენიათ გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები), ისინი მხოლოდ იმაზე აპელირებენ, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ მათ შუამდგომლობაზე. საჩივრის ავტორთა ეს პრეტენზია სიმართლეს არ შეეფერება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტები, რომლებითაც დასტურდება, რომ ორივე მოპასუხეს, ტელეფონის საშუალებით, პირადად ეცნობა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, სადაც პირდაპირაა მითითებული მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, ასევე, ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე (იხ. ს.ფ. 241-243). ტელეფონის საშუალებით სასამართლო უწყების ჩაბარების წესი გათვალისწინებულია სსსკ-ის 70.3 და 73.2 მუხლებით, რომელთა თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საუალებით, ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, საქმეში არსებობს სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტები მოპასუხეებისათვის ხარვეზის განჩინების ტელეფონის საშუალებით ჩაბარების შესახებ, შესაბამისად, მათი ზემოხსენებული პრეტენზია დაუსაბუთებელია.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ყ–ისა და ნ.მ–-ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი