Facebook Twitter

№ას-119-111-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – მ.პ–ძე, პ.პ–ძე, ც.ტ–ძე-პ–ძე, ვ. პ–ძე, ა. პ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი. პ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით) ი. პ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელეს) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან საკუთრების უფლებით გამოეყო 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე, 1975 წლის 11 აპრილის პროექტით, აშენებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

2. საჯარო რეესტრის ამონაწერით ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხულია მოსარჩელე.

3. პ.პ–ძე (შემდეგში: პირველ მოპასუხე), ც.ტ–ძე-პ–ძე (შემდეგში: მეორე მოპასუხე), მ.პ–ძე (შემდეგში: მესამე მოპასუხე), ვ. პ–ძე (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე) და ა. პ–ძე (შემდეგში: მეხუთე მოპასუხე), მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, ცხოვრობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სახლში.

4. სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელემ მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა მათი უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ნივთის გამოთხოვა. მოსარჩელის განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელის საკუთრების უფლება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს.კ. .....), კერძოდ, 900 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული 259.3 კვ.მ საცხოვრებელ სახლზე. ამ სახლში დღემდე ცხოვრობენ მოპასუხეები და, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობენ სახლის გამონთავისუფლებაზე.

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი არ არის მოსარჩელის საკუთრება, ვინაიდან საჯარო რეესტრმა ის არასწორად დაარეგისტრირა ამ უკანასკნელის საკუთრებაში.

6. საჩხერის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის სასარგებლოდ.

7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 172.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მოპასუხეთა გამოსახლება თავისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების პრეტენზია იმის შესახებ, რომ ქონება, რომლის გამოთხოვაც სასამართლომ დაადგინა, არ არსებობს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ეს არგუმენტი უსაფუძვლოა, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ეკუთვნის მოსარჩელეს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 172.1 მუხლი და სწორად დააკმაყოფილა სარჩელი.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ დასახელებულ განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

11.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დუსაბუთებელია. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის საფუძვლებთან დაკავშირებით, სასამართლომ უხეშად დაარღვია სსსკ-ის, საქართველოს კონსტიტუციისა და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის ნორმათა მოთხოვნები.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მართებულია.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტები) სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორებს მათ წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები სადავო უძრავი ქონების მფლობელები არიან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. აქედან გამომდინარე, არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლის ყველა წინაპირობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სარჩელი დასაბუთებულია და დაკმაყოფილებას ექვემდებარება.

21. კასატორების პრეტენზია ისაა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის საფუძვლებთან დაკავშირებით, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს შესაბამის დასაბუთებას სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებზე. კერძოდ, აპელანტების პრეტენზია ის იყო, რომ უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 38.16.36.009, არასწორად აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში, ვინაიდან ამ ქონების საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებულ 1975 წლის 11 აპრილის პროექტს, რომელიც საფუძვლად უნდა დასდებოდა სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვას. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ქონების რეგისტრაციის კანონშესაბამისობა შეამოწმა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და იგი კანონიერად მიიჩნია. საკასაციო პალატა მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტების საჩივარი მოსარჩელის საკუთრებაში სადავო ქონების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (იხ. ს.ფ. 53-59). ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაინტერესებულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 38.16.36.009) რეგისტრირებული მონაცემების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამასთან, ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებულ უძრავ ნივთს, რომელიც საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეს გადაწყვეტილება აპელანტებს სასამართლოში არ გაუსაჩივრებიათ (აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება), შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებს ისინი ვეღარ შეედავებიან. უნდა აღინიშნოს, რომ კასატორებს არც განსახილველ საქმეში არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიკუთვნებული უძრავი ქონება არასწორად დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში არასწორად რეგისტრაციის თაობაზე. კასატორები სააპელაციო საჩივარში უთითებდნენ ასევე იმაზეც, რომ მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის საკადასტრო კოდია ...., ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი ....) საერთოდ არ არსებობს. მოსარჩელის საკუთრებაში სადავო ქონების რესგისტრაციის კანონიერებაზე ზემოთ უკვე ითქვა. რაც შეეხება .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კოდით შენობა-ნაგებობა საერთოდ არ არის რეგისტრირებული, კერძოდ, არც საჯარო რეესტრის ამონაწერში და არც მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში შენობა-ნაგებობა მითითებული არაა (იხ. ს.ფ. 166-169). გარდა ამისა, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი გაცემულია 2013 წლის 21 ოქტომბერს, შესაბამისად, უცნობია, თუ რა ქონება ირიცხება ამჟამად მათ საკუთრებაში. ამასთან, უდავოა, რომ მხარეებმა იდავეს კომლის საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის თაობაზე და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეკუთვნა სადავო უძრავი ქონება, რომელიც ამ უკანასკნელმა საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 12.02.2014 წელს, ანუ ზემოაღნიშნული საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის შემდეგ.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, რის გამოც მათ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მტკიცებულება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. შესაბამისად, შუამდგომლობა 10.07.2017 წლის განცხადებაზე დართული ექსპერტიზის დასკვნის მიღების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს და ეს მტკიცებულება კასატორს უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.პ–ძის, პ.პ–ძის, ც.ტ–ძე-პ–ძის, ვ. პ–ძისა და ა. პ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ.პ–ძის შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. კასატორ მ.პ–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (8 ფურცელი, ს.ფ. 302-309) ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი