№ას-228-228-2018 20 მარტი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ნ.ფ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ს.კ. „ს.“
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით:
1.1. ნ.ფ–ძის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი ა(ა)იპ ს.კ.„ს–ს“ მიმართ დაკმაყოფილდა;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 4000 ლარის გადახდა;
1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა აუღებელი ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი, სულ 210 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
3. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივარს ერთვის განცხადება, რომლითაც მოსარჩელე უარს აცხადებს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას. სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ ნ.ფ–ძეს განემარტა სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები და მან დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ის სამართლებრივი შედეგები, რასაც სარჩელზე უარის თქმა იწვევს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ს.კ. „ს–ს“ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქმეში წარმოდგენილი განცხადებით მოსარჩელე უარს აცხადებს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.
7. სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელეს განემარტა სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები და მან დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ის სამართლებრივი შედეგები, რასაც სარჩელზე უარის თქმა იწვევს.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
10. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
12. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
14. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე სარჩელზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს ი. გ–ის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ფ–ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე ნ.ფ–ძის სარჩელის გამო, ა(ა)იპ ს.კ.„ს–ს“ მიმართ, სახელფასო დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება;
4. კასატორ ა(ა)იპ ს.კ.„ს–ეს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 425054503) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი.გ–ის მიერ 2018 წლის 5 თებერვლის N0 საგადახდო დავალებით გადახდილი 3 000 ლარი;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პ. ქათამაძე