№ას-1012-955-2015 24 დეკემბერი, 2015 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალქო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, კასატორი) და ყადაღა დაედო ვ.ყ–თან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსჯავრდებული, მეორე მოპასუხე) დაკავშირებული პირების კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის, მისი შვილიშვილის - თ.ხ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი) კუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას მარკა, მოდელი - „მიცუბიში პაჯერო იო“, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 1999, სანომრე ნიშანი - ..., შასის ნომერი - ...., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - ...., გაცემული 12.08.2010 წელს (შემდეგში, სადავო სატრანსპორტო საშუალება). განჩინება უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და იგი კანონიერ ძალაშია შესული.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის განაჩენით მეორე მოპასუხეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ყადაღა სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტამდე ძალაში დარჩა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი დანაშაულის კვალიფიკაცია არ შეცვლილა, ასევე, ძალაში დარჩა მოსარჩელის ქონებაზე დადებული ყადაღა.
3. ყადაღადადებული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე პროკურატურას სარჩელი არ აღუძრავს.
4. 2014 წლის 24 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა მოპასუხეთა წინააღმდეგ სადავო სატრანსპორტო საშუალების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ქონება მას მამამ - მ.ხ–ძემ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მამა) აჩუქა. პირველ მოპასუხეს კი, არ მოუპოვებია მტკიცებულებები, რომელიც სადავო სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ შეძენას დაადასტურებდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყადაღადადებული ავტომანქანის განკარგვის უფლების შეზღუდვით, მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები ირღვევა.
5.1 პირველმა მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ქონებაზე ყადაღა სწორად არის გამოყენებული, რასაც ადასტურებს ზემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებაც მისი ძალაში დატოვების თაობაზე.
5.2. მეორე მოპასუხემ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ სადავო ქონების შეძენასთან კავშირი არ აქვს. სადავო ავტომანქანა მოსარჩელეს მამამისმა უყიდა, რომელსაც ამ ქონების შეძენისთვის საჭირო ფინანსური საშუალებები ჰქონდა.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში, სსსკ-ის) XLIV1 თავი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი და განმარტა:
6.1. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წყდება ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირების ქონების ბედი, რა დროსაც სასამართლო არკვევს, ქონება უნდა გადაეცეს სახელმწიფოს თუ უნდა დაუბრუნოს კანონიერ მესაკუთრეს. ამასთან, სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება პროკურორს აქვს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების - ყადაღის კანონიერებას, რომელიც სადავო ქონებაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზეა გამოყენებული, ქონების მესაკუთრე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სადავოდ ვერ გახდის, რადგან აღნიშნული განჩინება საჩივრდება იმავე 156-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრების უფლება კი, გააჩნია იმ პირსაც, რომლის ქონებრივი უფლებები შეიძლება დაირღვეს ამ განჩინების შედეგად.
სასამართლომ განმარტა, რომ ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლების საკითხი ვერ გადაწყდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვითაც. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კუთვნილ ავტომანქანას თავადვე ფლობს, სადავო ქონებაზე არ არის დაწყებული აღსრულება. იგი ვერ გახდება აღსრულების საგანი, მანამ სანამ პროკურატურა არ აღძრავს სარჩელს და სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მისი უკანონობის ან დაუსაბუთებლობის თაობაზე. მითითებული მოტივებით, სასამართლომ სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
7.1. აპელანტს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს დასკვნა მოთხოვნის არარსებობასთან დაკავშირებით, რადგანაც ამგვარი გადაწყვეტილებით მესაკუთრე კიდევ 7 წელი უნდა შეეგუოს საკუთარი უფლების შეზღუდვას და მოთმინებით დაელოდოს, პროკურატურა აღძრავს თუ არა მისი კუთვნილი ქონების ჩამორთმევის შესახებ სამოქალაქო სარჩელს. თუ აღძრავს, სათანადო შესაგებლით მესაკუთრეს შეუძლია, დაიცვას თავისი უფლებები, ხოლო თუკი არ აღძრავს, მხოლოდ 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ შეუძლია მესაკუთრეს, მოითხოვოს საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ასეთი მსჯელობა პირდაპირ ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. საგულისხმოა, რომ პროკურატურის წარმომადგენელმა პროცესზე განმარტა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ქონების ჩამორთმევის შესახებ სამოქალაქო სარჩელი პროკურატურას ამ ეტაპზე არ აქვს მომზადებული.
7.2. ამასთან, აპელანტის მითითებით, მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სასარჩელო დავის საგანს წარმოადგენს არა სისხლის სამართლის საქმეზე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების კანონიერება, არამედ საკუთრების უფლების ხელშეშლა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო სატრანსპორტო საშუალებას ყადაღა მოეხსნა.
8.1. პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს პოზიციას, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე, სამოქალაქო სამართლებრივი წესით გააუქმოს, ამ კოდექსის მიზნებისათვის დადებული ყადაღა, თუმცა აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით სადავო ავტომობილზე ყადაღა ძალაში დარჩა „სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტამდე”, ე.ი. სამოქალაქო სამართლებრივი მიზნებისათვის. ასეთ შემთხვევაში კი, საკუთრების ხელშეშლის მართლზომიერების შემოწმების უფლება სამოქალაქო საქმის განმხილველ სასამართლოს უდავოდ აქვს. სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ისიც, რომ სხვა პირებთან მიმართებით, ანალოგიურ შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილებები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და ეს გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში იყო შესული. ამასთან, ამ დავებში პირველმა მოპასუხემ სარჩელები ცნო.
8.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სსსკ-ის 3562 მუხლის პირველი ნაწილის განმარტება და მიუთითა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მითითებული დანაწესი სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავდა. მართალია, ამ ნორმის შესაბამისად, პროკურორს სარჩელის აღძვრის უფლება აქვს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მესაკუთრეს ერთმევა საკუთრების უფლების დაცვის საშუალება. პალატის მოსაზრებით, მესაკუთრე უფლებამოსილი იყო სარჩელი, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, პროკურატურისათვის სარჩელის აღსაძრავად მინიჭებული ვადის გასვლამდეც აღეძრა, თუმცა ამავდროულად, სსსკ-ის 3563 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, იგი ვალდებული იყო, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები თავისი ქონების კანონიერებისა და დასაბუთებულობის თაობაზე.
8.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ავტომობილის შესაძენად, 2010 წლის 12 აგვისტოს 5000 აშშ დოლარი მოსარჩელის მამამ გადაიხადა, რომელიც 2008 წლის 27 ივლისიდან 2010 წლის 10 ივნისის ჩათვლით რუსეთის ფედერაციაში შპს №1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი ყოველთვიური შემოსავალი 162 068,51 რუბლი იყო, ხოლო, 2010 წლის 28 ივნისიდან დღემდე იგი შპს „სამშენებლო კომპანია ....“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი 155 000 ლარი იყო. ბანკის მიერ გაცემული ცნობით კი, დგინდებოდა, რომ 2008 წლიდან მოსარჩელე მეუღლეს რეგულარულად უგზავნიდა თანხას, რაც ბევრად აღემატებოდა ავტომობილის ღირებულებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმების ქვითრებით კი დგინდებოდა, რომ ავტომობილის შეძენის დღიდან საქმის განხილვის დრომდე ავტომობილით მოსარჩელე სარგებლობდა.
8.4. პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტები ადასტურებდა, რომ სადავო ავტომობილი შეძენილი იყო კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით. ამასთან, ეს ფაქტი მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, სსკ-ის 172.2 მუხლიდან გამომდინარე, საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
9.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლომ დააფუძნა იმას, რომ ანალოგიურ შემთხვევაში, სხვა პირებთან მიმართებით, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ მითითებულ დავებში, პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ მიმართებით სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა, რამდენადაც ხსენებულ დავებში სხვა ფიზიკური პირები მონაწილებოდნენ.
9.2. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სადავო სატრანსპორტო საშუალების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი, რამდენადაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 21.022012 წლის განჩინებით მიიჩნია, რომ, სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, მეორე მოპასუხეს ბრალი ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობაში, რის გამოც არსებობდა მოსარჩელის ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველი. სადავო ქონებაზე ყადაღა არ გააუქმეს არც ზემდგომმა სასამართლოებმა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საკუთარი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას ითხოვს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სადავო ქონება მას კანონიერი გზით აქვს შეძენილი და მასთან მეორე მოპასუხეს კავშირი არ აქვს. პირველი მოპასუხე კი მიიჩნევს, რომ მას 10-წლიანი ვადა აქვს სამოქალაქო წესით სარჩელის აღსაძრავად. სამოქალაქო წესით სარჩელის გადაწყვეტამდე კი, ყადაღა ძალაში უნდა დარჩეს.
16. პალატა არ ეთანხმება კასატორის ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ის გარემოება, რომ პირველ მოპასუხეს სამოქალაქო წესით სარჩელი არ აღუძრავს, მოსარჩელეს არ ართმევს უფლებას, იდავოს ნივთის დაყადაღების მართლზომიერების თაობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დაყადაღებული ქონების მესაკუთრეა, ასევე, მართალია, იგი მსჯავრდებულთან დაკავშირებული პირია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ წარადგინა სადავო ქონების მართლზომიერი საშუალებებით შეძენის დამადასტურებელი საბუთები და დაამტკიცა, რომ სადავო ავტომობილი შეძენილი იყო კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით. მითითებული ფაქტი მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
17. სარჩელის უარყოფას ვერ დაედება საფუძვლად კასატორის ის არგუმენტი, რომ, გასაჩივრების მიუხედავად, ზემდგომმა სასამართლოებმა სადავო ქონებაზე ყადაღა ძალაში დატოვეს. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელეს საერთოდ რომ არ გაესაჩივრებინა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.02.2012 განჩინება, ეს მოცემული სარჩელის დაკმაყოფილებას ვერ დააბრკოლებდა, რადგან არ არსებობდა მოსარჩელის კუთვნილი ქონების დაყადაღების სამართლებრივი საფუძველი და იკვეთებოდა სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების დაუშვებელი შეზღუდვა (შდრ. სუსგ №ას-927-877-2015, 16.02.2016. პ. 16).
18. დაუსაბუთებელია ქონებაზე ყადაღის ძალაში დატოვება იმ არგუმენტითაც, რომ პირველ მოპასუხეს ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შეუძლია 10 წლის განმავლობაში აღძრას. დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2012 წლის 7 დეკემბერს დასრულდა, მას შემდეგ მოპასუხეს სარჩელი არ აღუძრავს, ამასთან, მან მოცემული საქმის განხილვისას ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხე დაუსაბუთებლად აჭიანურებს მესაკუთრის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას. მოსარჩელის ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად ყადაღის 10 წლის მანძილზე არსებობა კი, დაუშვებლად ხელყოფს ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებას.
19. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 115-ე მუხლით განმტკიცებულია უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას), რომელსაც უთანაბრდება ის მდგომარეობაც, როდესაც პირი უფლებას არ იყენებს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, როცა მისი უმოქმედობა მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას (შდრ. სუსგ ას-722-684-2013, 20.10.2014).
20. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილებადია, სამართლის ანალოგიის საფუძველზე (თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო, თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია), სსკ-ის 115-ე მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განმტკიცებული (საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი“) საკუთრების უფლების ხელშეუვალობიდან გამომდინარე. ამ მიმართებით პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას საკუთრების უფლების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან აცილების თაობაზე.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, მე-7 მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი