№ას-1327-1247-2017 30 იანვარი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „ი.პ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ (შემდეგში - მოსარჩელემ) სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ი.პ.–“ (შემდეგში: მოპასუხის, აპელანტის, კერძო საჩივრის ავტორის ან საწარმოს) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 7 921.35 ლარის დაკისრება.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 7 921.35 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ .
3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საჩივარი შეიტანა, რომელიც იმავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
4. ზემოხსენებული გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 316.85 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში (განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღეში) სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად;
6.2. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების ასლი მოპასუხეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 22 სექტემბერს ჩაჰბარდა საწარმოს თანამშრომელს (ბუღალტერს, ლ.ტონიკავას);
6.3. მოპასუხისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 23 სექტემბერს და ამოიწურა 2017 წლის 29 სექტემბერს. მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 368.5-ე და 63-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
8. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი შეიტანა. კერძო საჩივრის საფუძვლები:
8.1. მოპასუხეს შეექმნა მძიმე მატერიალური მდგომარეობა და არ შეეძლო წინასწარ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების ან გადავადების შესახებ მოპასუხის შუამდგომლობაზე. სასამართლომ მოპასუხეს უსაფუძვლოდ უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდის გარეშე სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რაც კანონსაწინააღმდეგოა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში უნდა მიიღოს, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და არც კერძო საჩივრის ავტორი არ ხდის სადავოდ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულ გარემოებებს, ანუ სადავო არაა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
11. სსსკ-ის 368.5 მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374.1 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
12. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
13. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების უკანონობის თაობაზე ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მის შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან გადავადების შესახებ. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ პრეტენზიას შემდეგ მოსაზრებათა გამო:
13.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან თავისივე დაუდევრობით ხდება იმ უარყოფითი საპროცესო შედეგის რისკის მატარებელი, რასაც საპროცესო კანონმდებლობა აწესებს კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
13.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს არც თავის სააპელაციო საჩივარში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 135-141) და არც შემდგომ ეტაპზე (სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენიდან საჩივრის განუხილველად დატოვებამდე დროის მონაკვეთში - იხ. ტომი 2, ს.ფ. 1-9), არ მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. ასეთი სახის შუამდგომლობა მას სააპელაციო სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლების საფუძველზე, მხარის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ან მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, მხოლოდ მხარის შუამდგომლობის საფუძველზეა შესაძლებელი. ასეთი შუამდგომლობით, როგორც აღინიშნა, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხე იურიდიული პირია. ასეთი პირის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება კანონით გათვალისწინებული არ არის. იურიდიულ პირს შეიძლება, გადაუვადდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარუდგენია. შუამდგომლობის არარსებობის პირობებში, სასამართლო თავისი ინიციატივით ვერ იმსჯელებდა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არც საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია.
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი.პ–ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ე.გასიტაშვილი