Facebook Twitter

№ას-1337-1257-2017 30 იანვარი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – თ.შ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.ნ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ნ–მა (შემდეგში - მოსარჩელემ) სასამართლოში სარჩელი აღძრა თ.შ–ძის (შემდეგში: მოპასუხის, აპელანტის ან კერძო საჩივრის ავტორის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოთავისუფლება და გადაცემა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, გამოთავისუფლდა და გადაეცა მოსარჩელეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემომითითებულ გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მათი გაუქმება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

7. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა დანიშნული იყო 2017 წლის 21 სექტემბერს, 16:00 საათზე. ამის შესახებ აპელანტი გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, მისმა წარმომადგენელმა - კ.ჩ–მა, 2017 წლის 21 სექტემბერს დანიშნული სხდომის შესახებ უწყება პირადად ჩაიბარა 2017 წლის 29 მაისს. მიუხედავად ამისა, დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი. მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 372-ე მუხლსა (საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით) და 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება განუხილველად იქნეს დატოვებული) და, წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

9. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი შეიტანა. კერძო საჩივრის საფუძველი:

9.1. სსსკ-ის 372-ე მუხლით კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციით საქმის განხილვის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენებას უშვებს იმ ცვლილებებითა და დამატებებით, რაც სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების წესებითაა დადგენილი. ამავე კოდექსის 387-ე მუხლი (რომელიც ამ შემთხვევაში სასამართლოს არ გამოუყენებია) ადგენს საგამონაკლისო წესს, ამ მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სასამართლოს არ უნდა მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და კანონით დადგენილი წესით საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა განეხილა (ვინაიდან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილია საჩივარი) ან უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სრულიად განსხვავებულ პროცესუალურ შედეგებს იწვევს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განხილვის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

11. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

13. კანონის ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის და, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.

14. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჯერ კიდევ 2017 წლის 24 მაისს ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. საქმეში არსებული სასამართლო უწყებით დასტურდება, რომ წარმომადგენელს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებაც (იხ. ტომი 2, ს.ფ. 17, ტომი 1, ს.ფ. 1, ს.ფ. 71-72). აღნიშნული, სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, მიიჩნევა სასამართლო სხდომის შესახებ მხარის ინფორმირებად. დადგენილია ისიც, რომ აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსათვის. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 387.3, 229.2 და 275.1„გ“ მუხლებით და მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.

16. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს ერთადერთი საფუძვლით, კერძოდ, მისი მოსაზრებით, სსსკ-ის 372-ე და 387-ე მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ უნდა მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და კანონით დადგენილი წესით საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა განეხილა ან უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აპელანტის ხსენებულ არგუმენტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. ამდენად, სსსკ-ის 372-ე და 387.3 მუხლების დათქმიდან სრულიად ნათელია, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილი ნორმების რეგულირების სფეროს. სწორედ ასეთ ვითარებას ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა (იხ. სუსგ: #ას-880-826-2012, 23.07.2012წ.; #ას-818-770-2012, 4.06.2012წ.; #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; #ას-94-84-2011, 7.03.2011წ.; #ას-870-920-2011, 11.07.2011წ.).

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ე.გასიტაშვილი