Facebook Twitter

საქმე №ას-1133-1053-2017 1 დეკემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. თ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. დ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ბ. დ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. თ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ უსაფუძვლოდ გადახდილი 18 135 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს მოთხოვნილი თანხის დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 32 135 აშშ დოლარისა და პროცესის ხარჯების გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე, არ გაიზიარა, უფრო მეტიც, არც კი უმსჯელია მხარის შუამდგომლობებზე, რომლითაც მხარე მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის შემცირებას. ამ მიზნით, სასამართლოს წარედგინა ყველა მტკიცებულება მძიმე ფინანსური მდგომარეობის დადასტურებისათვის. იმისათვის, რომ სასამართლოს მხარე არაკეთილსინდისიერად არ მიეჩნია, მან ისესხა თანხა და გადაიხადა ბაჟის ნაწილი _ 500 ლარი, მეტი თანხის გადახდის შესაძლებლობა აპელანტს არ გააჩნდა, ხოლო პალატამ, შუამდგომლობის შესწავლის გარეშე მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, გარდა ამისა, პალატამ არ იმსჯელა ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე და იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული ტექნიკური უსწორობის გამო სარჩელი არა მოთხოვნილი თანხის _ 18 135 აშშ დოლარის, არამედ 32 185 აშშ დოლარის ფარგლებში დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მხარე მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გამოანგარიშებას არა დაკისრებული 32 185 აშშ დოლარიდან, არამედ _ 18 135 აშშ დოლარიდან, არც აღნიშნული შუამდგომლობა შეფასებულა სასამართლოს მხრიდან, რის შედეგადაც აპელანტს წაერთვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. საქმის მასალებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1.3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ გადაწყვეტილების შესავალ, აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე, რომელიც, როგორც მოსარჩელე განმარტავდა 18 135 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, მოპასუხეს 32 135 აშშ დოლარი დაეკისრა;

1.3.2. ხსენებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მხარე განმარტავს, რომ არ ჩაბარებია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ მიზეზით ვერ მიუთითებდა გასაჩივრების მიზეზებს;

1.3.3. 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა რა სააპელაციო საჩივრის კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე (სსსკ-ის 368-ე მუხლი), დაადგინა ხარვეზი და აპელანტს 10-დღიან ვადაში დაავალა: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის; ბ) მისი ელ.ვერსიისა და გ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სასამართლომ არა მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად მოთხოვნილი თანხით, არამედ _ 32135 აშშ დოლარიდან იანგარიშა;

1.3.4. დადგენილ ვადაში აპელანტმა წარადგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი; ბ) დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი; გ) მისი ელ.ვერსია. სახლმწიფო ბაჟის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით სააპელაციო საჩივარში მხარემ აღნიშნა, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნას და დააკისრა მხარეს იმაზე მეტი, ვიდრე მოითხოვდა, ამასთანავე, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება იმ დასაბუთებით, რომ მას აქვს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, შესაბამისად, წარადგინა ვალის აღიარების ხელწერილი, რომლითაც მან მესამე პირის წინაშე აღიარა ფულადი ვალდებულების არსებობა, ასევე, სს „საქართველოს ბანკის“ სარჩელის ასლი, რომლითაც სხვა თანამოპასუხეებთან ერთად რ.თ-ისათვის 137 402,81 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაციაა მოთხოვნილი;

1.3.5. 2017 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ აპელანტის შუამდგომლობა იმ დასაბუთებით არ დააკმაყოფილა, რომ წარდგენილი სარჩელის ასლი არ იძლეოდა ფიზიკური პირის (აპელანტის) შემოსავლების შესახებ ინფორმაციას, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა გააგრძელა 10 დღით იმგვარად, რომ დავის საგნის რეალურ ღირებულებაზე დამატებით არ უმსჯელია (სსსკ-ის 365-ე მუხლი);

1.3.6. დადგენილ ვადაში აპელანტმა კვლავ განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 200 ლარის გადახდის ქვითრის დედანი, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია და ითხოვა მისი ჯანმრთელობისა და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის შემცირება ან გადავადება, ასევე, მოითხოვა ამ თანხის არა 32 185 აშშ დოლარის, არამედ _ 18 135 აშშ დოლრის 4%-ით განსაზღვრა;

1.3.7. 2017 წლის 11 მაისის განჩინებით საპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანხმად, უსწორობის გასწორება შეეძლო გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს და რადგანაც არ არსებობდა ამ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, იგი ბაჟის ოდენობას 32 185 აშშ დოლარიდან ანგარიშობდა, გარდა ამისა, განჩინების სარეზოლუციო ნაწილით სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის შემცირების წინაპირობაზე და ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, საპროცესო ვადა გააგრძელა 10 დღით;

1.3.8. ხსენებული განჩინება აპელანტის ოჯახის წევრს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაბარდა 2017 წლის 31 მაისს, მას სასამართლოსათვის აღარ მიუმართავს, რის გამოც, სააპელაციო პალატამ 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

1.4. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს და იგი სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვას ექვემდებარება, ამგვარ შეზღუდვას მიეკუთვნება მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლით („სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.2. მუხლით) განსაზღვრული პროცესის ხარჯების მხარის მხრიდან წინასწარ გადახდის ვალდებულება. ამავე კოდექსის 39-ე მუხლი ადგენს იმ ცენზს, რომელსაც სასამართლო უწესებს მხარეს მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების ერთ-ერთ წინაპირობად საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი სწორედ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას ადგენს, თუმცა, საპროცესო კოდექსი აწესებს გამონაკლისებსაც: ერთ შემთხვევაში, კანონი პირდაპირ ადგენს ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან მხარის გათავისუფლების წინაპირობებს (სსსკ-ის 46-ე მუხლი, ასევე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), ხოლო, მეორე შემთხვევაში, 47-ე-48-ე მუხლები აძლევენ სასამართლოს შესაძლებლობას, დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში, გაიზიაროს მხარის ქონებრივი მდგომარება და გაავრცელოს გარკვეული შეღავათები მის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, მხარე ამტკიცებს, რომ მას აქვს მძიმე ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა და წარდგენილი აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მხრიდან ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას ექვემდებარება, მათ შორის, იმ ფაქტებთან მიმართებით, რომ მან ნაწილობრივ გადაიხადა კიდევაც პროცესის ხარჯი, ასევე ხარვეზი დაუყოვნებლივ გამოასწორა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელ.ვერსიის წარდგენის გზით (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ აპელანტი პრეტენზიას აცხადებდა საქალაქო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ტექნიკური ხარვეზის დაშვების თვალსაზრისით და ითხოვდა რეალურად მოთხოვნილი თანხის ფარგლებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრას. ერთი შეხედვით შესაძლებელია მისი პოზიციის გაზიარება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლაც დაუშვა უსწორობა, რაც არ გამორიცხავდა ზემდგომი სასამართლოს მხრიდან ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მასზე მსჯელობას, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ ჰქონდა განხილული შესაძლო უსწორობის საკითხი, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ამგვარი მიდგომა არ აუარესებს სასამართლო ხელმისაწვდომობის არსს. თუკი საქმის არსებითად განხილვის შედეგად სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა უსწორობას, საპროცესო ანალოგიის გზით მას შეეძლო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლით.

1.5. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ადგენს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც თითოეული პირისათვის უნდა იქნას რეალიზებული. პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 and 35, ECHR 2006-... (extracts)), თუმცა, ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორისაა, განმცხადებლის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (იხ. Kreuz, §§58 და 60), უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (Weissman and Others). სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას თავისი არსით სახელმწიფო უნდა აწესრიგებდეს. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ დაწესებული შეზღუდვებით არ დაირღვევა ან შემცირდება პირის უფლება ხელმისაწვდომობაზე იმგვარად ან ისეთი მასშტაბით, რომ უფლების არსი დაირღვეს. შეზღუდვა ვერ მოვა შესაბამისობაში მე-6 (§1) მუხლთან, თუ ის არ მოემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და თუ არ იარსებებს პროპორციულობის გონივრული კავშირი დასახულ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის (იხ. Waite et Kennedy c. Allemagne [GC], no 26083/94, §59, CEDH 1999-I; Apostol v. Georgia). კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს, ყველას ჰქონდეს უფლება ნებისმიერი საჩივრით, რომელიც ეხება მის სამოქალაქო უფლებებს და მოვალეობებს მიმართოს სასამართლოს, (იხ.Teltronic- CATV v. Poland , no. 48140/99, §§ 45 and 64, 10 Jan. 2006; Golder v. the United Kingdom, judgment of 21 Febr. 1975, Series A no. 18, pp. 13-18, §§ 28-36). იქ, სადაც სააპელაციო სამართალწარმოება არსებობს, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ, რომ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში განაგრძონ მე-6 მუხლის იგივე ფუნდამენტური გარანტიებით სარგებლობა სააპელაციო სასამართლოების წინაშე, როგორც ისინი სარგებლობდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოების წინაშე (იხ. Brualla Gómez de la Torre v. Spain , judgment of 19 Dec. 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII, p. 2955, § 33; Tinnelly & Sons Ltd and Others and McElduff and Others v. the United Kingdom , judgment of 10 July 1998, Reports 1998-IV, p. 1660, § 72; FC Mretebi v. Georgia).

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან სრულყოფილად არ გამოკვლეულა და სათანადო შეფასება არ მისცემია მხარის შუამდგომლობებსა და წარდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც აპელანტი მოითხოვდა სააპელაციო სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას, ამ საპროცესო დარღვევას კი, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, შესაბამისად, ამავე კოდექსის 412-ე (1) მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უბრუნებს ქვემდგომ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი